რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. საბერძნეთის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს მის შიდა საქმეებში ჩარევაში, საბერძნეთ-მაკედონიას შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში, ასევე - ათონის მთაზე გავლენის მოსაპოვებლად ბერძენი მღვდელმთავრების მოსყიდვისა და ახლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ცდაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ მაკედონიასთან, მისი სახელწოდების გამო, საბერძნეთს წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ საბერძნეთის გამო იბლოკებოდა მაკედონიის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში.
ორიოდე თვის წინ კი მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მაკედონია ოფიციალურ სახელწოდებას შეიცვლის და, შესაბამისად, ნატო-სა და ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე მისთვის უკანასკნელი დაბრკოლებაც მოიხსნება. საბერძნეთის ხელისუფლება რუსეთს სწორედ ამ შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ, პუტინის მოლოდინის მიუხედავად, მაკედონიის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებული საკითხის გაჩენისა და იმის შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ მაინც მიაღწია ერთგვარ შეთანხმებას, რუსეთი არ მოელოდა, რომ საბერძნეთი არ მიემხრობოდა მას და არ გაატარებდა პრორუსულ პოლიტიკას.
ეს სკანდალი ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც 11 ივლისს საბერძნეთიდან რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი გააძევეს, კიდევ 2 რუს დიპლომატს კი საბერძნეთში შესვლა აუკრძალეს. მაშინ ბერძნულმა მედიამ მხოლოდ ერთი გაძევებულის ვინაობა დაასახელა - ათენში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ვინმე ვიკტორ იაკოვლევი.
რუსული მედიის ცნობით, ამის შემდეგ რუსეთში საბერძნეთის საელჩომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებისათვის საბერძნეთის ვიზების გაცემა პრაქტიკულად შეწყვიტა.
6 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს მოსკოვში საბერძნეთის ელჩი ანდრეას ფრიგანასი და გადასცეს ნოტა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საბერძნეთის "არამეგობრულ ქმედებებზე საპასუხოდ" ქვეყნიდან აძევებდა საბერძნეთის საელჩოს 2 თანამშრომელს - მოსკოვში საბერძნეთის საელჩოს კომერციულ წარმომადგენელსა და საელჩოს საკომუნიკაციო მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს. გარდა ამისა, ქვეყანაში შესვლის უფლებას კარგავს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ბიუროს მეთაური იორგოს საკელარიუ.
9 აგვისტოს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას და განმარტებები მოითხოვა, თუ რატომ არ უშვებდბნენ საბერძნეთში რუს სასულიერო პირებს.
საბერძნეთის ხელისუფლებისაგან ამას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. რუსეთში საბერძნეთის ელჩი მოსკოვიდან ათენში გაიწვიეს, საბერძნეთის საგარეო სამინისტრომ კი საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ბერძენი დიპლოატების გაძევება რუსეთის მხრიდან ერთგავრი შურისძიება და აბსოლუტურად უსაფუძვლო საქციელია:
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არ ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, განსხვავებით ბერძნული მხარის გადაწყვეტილებებისაგან, რომელმაც წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ქვეყანაში რუსი მაღალჩინოსნებისა და მოქალაქეების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება შურისძიების ერთ-ერთი საშუალება იყო, თუმცა - უსაფუძვლო", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე წერია, რომ არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს სხვა ქვეყნის მხრიდან მისი ჩინოვნიკების მოსყიდვის, მისი საგარეო პოლიტიკის ჩამოშლისა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს.
გარდა ამისა, ივლისში ბერძნული პრესა წერდა, რომ კერძო პირები რუსეთის ინტერესების გასატარებლად საბერძნეთის მუნიციპალიტეტების მოქრთამვას ცდილობდნენ, ასევე ცდილობდნენ საბერძნეთის ეკლესიის მაღალი რანგის იერარქების კეთილგანწყობის მოპოვებას ათონის მთაზე რუსული გავლენის გასაძლიერებლად.
"მთელ კვირასთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, რუსეთის მოლოდინი არ გამართლდა და სწორედ ამის გამო ჩაერია საბერძნეთის საქმეებში, რაც საბოლოოდ რუსი დიპლომატების გაძევებით დასრულდა:
"რუსეთისთვის არ არსებობს თანასწორუფლებიანი მოკავშირე. პუტინი თვლიდა, რომ თავის დროზე საბერძნეთისთვის გაწეული მცირედი ფინანსური დახმარება ქვეყანას დაავალდებულებდა მის წინაშე. ის მიიჩნევდა, რომ საბერძნეთს ყოველმხრივ პრორუსული პოლიტიკა უნდა გაეტარებინა.
"თუმცა, როდესაც გაჩნდა მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი და მაკედონის სახელის შეცვლა გახდა საჭირო, საბერძნეთი ამის წინააღმდეგი იყო, რაც რუსეთს აწყობდა. საბერძნეთის ხელისუფლება, ამერიკის ან ევროპის ზეწოლის, შესაძლოა, დარწმუნების შედეგად წავიდა კომპრომისზე და ქვეყნებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რამაც მწვანე შუქი აუნთო მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას. ამას მოჰყვა საბერძნეთში რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის პირდაპირი და უხეში ჩარევა.
"ბერძნებმა ეს ჩათვალეს საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად და ის ორი დიპლომატი, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, რაც რუსეთმა არ აპატია", - ამბობს ცინცაძე.
მისივე თქმით, საბერძნეთს რუსეთთან ურთიერთობების სამუდამოდ გაფუჭება არ აწყობს და შესაბამისად, მომავალში არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა მოხდეს.
"რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის ძალია ცუდია, რადგან ის უკვე ბალკანეთშიც ზედიზედ კარგავს მოკავშირეებს - დაიწყო ჩერნოგორიით, ამას მიჰყვება მაკედონია და შემდეგ - საბერძნეთი. რუსეთის დიპლომატია დამარცხდა მისთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონ ბალკანეთში.
"მაგრამ საბერძნეთს დიდი ხნით რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ აწყობს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან შედეგებსა და ურთიერთობების გამწვავებას ეს არ გამოიწვევს", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბარში ცინცაძემ.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამ კონფლიქტმა მართლმადიდებელ სამყაროში უკვე რელიგიური სახეც მიიღო, რომელიც, სავარაუდოდ, სულ მალე დასრულდება:
"ეს უკვე რელიგიურ კონფლიქტადაც შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რადგან უკრაინის ეკლესია ითხოვს ავტოკეფალიას, სრულ დამოუკიდებლობას რუსეთის ეკლესიისაგან. აქ ჩარეულია საბერძნეთიც, რუსეთის ეკლესიაც და ამას მოჰყვა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მოძღვარი არ შეუშვეს ქვეყანაში. ეს მრავალწახნაგოვანი კრიზისის გამოხატვაა, განსაკუთრებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან მტკივნეულად განიცდის უკრაინაში მიმდინარე ამ პროცესს.
"უკრაინა კი თავისუფლებისთვის იბრძვის და მიიჩნევს, რომ საეკლესიო საკითხებში პოლიტიკაა ჩარეული. მას უნდა, რომ მიიღოს სრული დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკლესია ჯერჯერობით თავს იკავებს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მაინც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება - დაუჭერს თუ არა საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს.
"მოსკოვსა და კიევს შორის ეს რელიგიური დაპირისპირება გუშინ არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი მიდის თავისი ლოგიკური დასასრულისკენ - იქნება გამწვავება და შემდეგ იქნება გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.