ერთი მიზეზიც არ არსებობდა, რომ ეროვნული ვალუტა ასეთი სისწრაფით გაუფასურებულიყო
ლარი დოლართან მიმართებაში 3 დღის განმავლობაში ერთბაშად 10 პუნქტით დაეცა და ბაზარზე პანიკაც გამოიწვია. რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე სავალუტო კრიზისი ქართულ ვალუტაზე იმაზე სწრაფად აისახა, ვიდრე ელოდნენ. სავალუტო ბაზარზე უმართავი პროცესები დაიწყო და კურსმა 2,56-ს გადააჭარბა. რასაკვირველია, ასეთი ვარდნა სპეკულაციის გარეშე არ ჩაივლიდა.
2 დღის განმავლობაში ლარი პერმანენტულად ეცემოდა და 2,45-დან 2,57-მდე მივიდა. არათუ მოქალაქეები, არამედ ვალუტის გადამცველი ჯიხურების მეპატრონეებიც კი გაოგნებული იყვნენ მოულოდნელი დევალვაციით.
"რეზონანსი" შეეცადა, ეროვნული ბანკისგან მიეღო კითხვაზე პასუხი, თუ რამდენად არსებობდა ქვეყანაში ასეთი გაუფასურების საფუძველი, თუმცა მათ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. როგორც ხშირად ხდება, სებ-მა თავი აარიდა საზოგადოებისთვის მეტად საჭირო ინფორმაციის გაცემას.
მოსახლეობის ცოტათი დამშვიდებას შეეცადა ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე. ის მიიჩნევს, რომ ეს რყევა დროებითი ხასიათისაა.
"უნდა გვესმოდეს, რომ ისეთ არაკონვერტირებად ვალუტას, როგორიც ლარია, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ახასიათებს ნაკლებად პროგნოზირებადობა. ასეთ რყევებს შესაძლოა, ჩვეულებრივი, აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს. არ მგონია, რამე უარყოფით მოლოდინთან გვქონდეს საქმე. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტებისა და მათ შორის, ლარისთვის, არის დამახასიათებელი. შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის", - აცხადებს ცუცქირიძე.
ცოტა სხვაგვარად აფასებს ვითარებას კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი აზრით, რეგიონის ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის გამო ლარის კურსის გაუფასურება მოსალოდნელი იყო, თუმცა არა ასე მყისიერად. დევალვაცია ორი ბანკის "ურთიერთობამ" გამოიწვია, ეროვნული ბანკი კი ამ საკითხს არ არეგულირებს.
"ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გაკეთებული გვქონდა და ველოდებოდით 2.48-2.57-იან შუალედს. ყველამ იცის, რომ დევალვაცია მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან ჯერ არ უნდა აწეულიყო ნიშნული, დაახლოებით ორი თვის შემდეგ უნდა ასახულიყო ლარის კურსზე თურქული ლირისა და რუსული რუბლის ვარდნა.
აქ საქმე ისევ ორი ბანკის ურთიერთობასთან გვაქვს და დამატებით იმასთან, რომ ეროვნული ბანკი არ არეგულირებს ამ საკითხს. ის მხოლოდ ინფლაციურ საკითხებსა და სტაბილურ ფასებს უყურებს, საბოლოოდ კი ვეღარც ფასებს ინარჩუნებს.
ჩვენი ვარაუდით, ახლო მომავალში კურსი 2,50-2.55-ის ფარგლებში შენარჩუნდება, თუ ისევ "ბლუმბერგის" ტერმინალში ორმა ბანკმა არ დაიწყო ერთმანეთთან თამაში. წესით, კურსი მეტად აღარ უნდა გაუფასურდეს, მაგრამ ნოემბრიდან ველოდებით 2.60-იან ნიშნულს", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.
ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც. ისიც გარკვეულ პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.
"ვერ ვხვდები, ძალით აკეთებენ თუ უცოდინარობის გამო მოსდით. 22 ივნისის შემდეგ, ეროვნულ ბანკს 67.5 მილიონი დოლარი აქვს შესყიდული. 2017 წლიდან მოყოლებული, ბაზრიდან ამოღებულია 217.25 მილიონი დოლარი. ეროვნული ბანკი როცა დოლარს ყიდულობს, ამით აჩერებს ლარის გამყარებას და როცა დოლარს ყიდის, პირიქით, გაუფასურებას აფერხებს. ბოლო წლებია, ეროვნული ბანკი მარტო გამყარებების დროს ერევა ბაზარზე, არიქა, ლარი მკვეთრად არ გამყარდესო და გაუფასურების დროს ავიწყდება იმავეს გაკეთება. ვერ გავიგე, რა უნდათ, მიზანმიმართულად აუფასურებენ ლარს?!
ბოლო 1 წელიწადში ლარის მასა დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი (ესეც გაუფასურებას უწყობს ხელს), მონეტარული პოლიტიკაც გაუფასურებას უწყობს ხელს და მერე, რომ გაექცევათ კურსი, დაიწყებენ, ეგზოგენური ფაქტორების ბრალია და აბა, რეზერვებს ხომ არ დავხარჯავთ დევალვაციის შესაჩერებლადო. სანამ დროა, მიხედეთ მონეტარულ პოლიტიკას, მერე ლარის კურსის დაცემა ხან რუბლს, ხან ლირასა და ხანაც მონღოლურ ტუგრიკს რომ არ დააბრალოთ!
ეკონომიკაში არის ასეთი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიაც, როდესაც ქვეყანა მიზანმიმართულად აუფასურებს საკუთარ ვალუტას, რათა ექსპორტს ხელი შეეწყოს. მაგალითად, იაპონია, ჩინეთი ასე იქცეოდნენ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც იმპორტი ბევრად მეტია, ვიდრე ექსპორტი, გაუფასურება უარეს შედეგს გვაძლევს. თანაც, ეს პროცესი უნდა იყოს დროში გაწელილი და არა - მკვეთრი ეფექტის მომხდენი", - აცხადებს ჯანიაშვილი.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე ლარის ბოლო დღეების გაუფასურებას უშუალოდ სპეკულაციებს უკავშირებს. როგორც მან "კომერსანტს" განუცხადა, ამ ყველაფერს თურქულ ლირისა და რუსულ რუბლთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფინანსისტი გრძელვადიან პერიოდში ელოდება ლარის კურსის 2.55-2.60-იან ნიშნულს, რადგან ყველაფერი ზუსტად ემთხვევა შარშანდელ ტრენდს.
"ჩვენ უფრო სხვა პრობლემა გვაქვს. დოლარის შემოტანამ ქვეყანაში იკლო, ეს კი ნიშნავს იმას, რომ დოლარი კონკურენტუნარიანია. ბოლო პერიოდში ლარი 11 პუნქტით გაუფასურდა. 2 კვირის წინ იყო 2.44 და ახლა ბლუმბერგზე 2,55-ია. ეს არის დასაწყისი იმ გაუფასურების პროცესისა, რომელიც წინა წელსაც გვქონდა და სეზონურია.
მომავალში კიდევ უფრო გაუფასურებას უნდა ველოდოთ. ტურისტული სეზონი უკვე დასრულების პროცესშია. სექტორიდან შემოსავლები რამდენიმე თვეში უკვე აქტიურად აისახება. ის პოზიცია, რომ ლარს გაუფასურებისგან ტურიზმი დაიცავს, არასწორია, რადგან ტურიზმი ძალიან ბევრ ქვეყანასაც აქვს, მათ შორის - ეგვიპტესაც, თურქეთსაც და ამ ქვეყნებში არანაირი შედეგი არ მოუტანია", - აცხადებს ბერძენაძე.