"ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარის რყევები იქნება მუდმივად" - ოპოზიცია ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას ეხმაურება

ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას ოპოზიცია ეხმაურება. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებას ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის შეცდომები განაპირობებს.

„ეროვნული ბანკის შეცდომითი ნაბიჯები, ფინანსთა სამინსიტროს შეცდომითი ნაბიჯები, ეს ყველაფერი ერთობლიობაში უკვე აუფასურებს ლარს. კერძოდ, რეფინანსირების პროცენტი, რომელიც დაწიეს, ერთი მილიარდი, რომელიც ბანკებს მისცა თვითონ ფინანსთა სამინისტრომ, ამავდროულად, მათ დაიწყეს უკვე ხარჯის გაწევა ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით წინასაარჩევნოდ, რომ ფიქრობენ, ამით ვიღაცის გული მოიგონ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი უბრუნდება ისევ საქართველოს მოსახლეობას და ძალზე მძიმე ტვირთად აწვება გაუფასურება ლარის,“ - განაცხადა მელიქიშვილმა.

მთავრობას გამოსავალს სთავაზობს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, უმნიშვნელოვანესია რომ მთავრობამ გადასახადები დაწიოს.

„ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარის რყევები იქნება მუდმივად და პერიოდულად და ეს, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ აისახება ჩვენს დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე, ეს აისახება იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, იმატებს უმუშევრობა და სიღარიბე. გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, რაც არაფრით არ უნდა გაიგოს ივანიშვილის მთავრობამ, არის გადასახადების დაწევა, განსაკუთრებით, აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნება საწვავზე, რომელიც ფასების ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელია და ახლა გადასახედების დაწევა იქნებოდა დადებითი ეფექტი მქონე იმისთვის, რომ ამ ლარის რყევამ ასრ მოგვცეს მოგვიანებით ფასების ისეთი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ უამრავი ადამიანის ჯიბეს დაარტყამს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 7 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს.

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში კომერციულ ბანკებში. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.62 ლარს აღწევს.

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ია.