როგორ შთააგონა საქართველოს ომმა რუსული სპეცამსახურები პატრიოტი-ჰაკერების გადაბირებაზე, - ამ სათაურით აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას რუსული ინტერნეტ-გამოცემა Meduza და ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ თანამედროვე საერთაშორისო სკანდალს ათი წლისწინანდელ მოვლენებს უკავშირებს.
გამოცემა წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არამედ კიბერსივრცეშიც მიმდინარეობდა. მაშინ რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ქართული მედიასაშუალებების და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებს შეუტიეს და მათზე საკუთარი გზავნილები გამოაქვეყნეს. გამოცემის ცნობით, სწორედ მაშინ მიიპყრეს სპეცსამსახურების ყურადღება პატრიოტულად განწყობილმა ჰაკერებმა და ამის შემდეგ მათ მომსახურებას ნებაყოფლობით ან იძულებით რეჟიმში სისტემატურად იყენებენ.
„2008 წლის აგვისტოში DDoS-თავდასხმები საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე დაფიქსირდა - როდესაც საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვართან მუდმივი სროლები გაჩაღდა. 9 აგვისტოს, მეორე დღეს მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი არმია შეიყვანა, რუსულენოვანმა ჰაკერება შექნეს ვებგვერდი Stopgeorgia.ru, რომელზეც გამოქვეყნდა რჩევები თუ რომელი ქართული ვებგვერდებისთვის უნდა შეეტიათ, ასევე აუცილებელი პროგრამების ბმულები და რეკომენდაციები ახლბედებისათვის. ვებგვერდის ფორუმს 30 მუდმივი მონაწილე ჰყავდა, დიდწილად ჰაკერები, რომლებიც ფულს „ქარდინგით“ შოულობდნენ; პროექტში მონაწილეობის შესახებ შეთავაზებები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ჰაკერის“ ფორუმზე და სხვა ვეგვერდებზე, როგორებიცაა exploit.in, zloy.org, web-hack.ru“.
ვებგვერდის შემქმნელები თავის თავს „რუსული ჰაკ-ანდერგრაუნდის წარმომადგენლებს“ უწოდებდნენ. „არ მოვითმენთ საქართველოს მხრიდან არცერთ პროვოკაციას. ჩვენ გვინდა ცხოვრება თავისუფალ სამყაროში, არსებობა აგრესიისაგან და ტყუილისგან თავისუფალ ქსელურ სივრცეში“, - წერდნენ ისინი და პირობას დებდნენ, რომ ქართულ რესურსებზე შეტევა არ შეწყდებოდა, ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლებოდა. Stopgeorgia-ზე გაჩნდა შეტევის აუცილებელი სამიზნეების სია, რის შემდეგაც მოშაობა შეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდებმა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ Stopgeorgia.ru-ს IP-მისამართი ეკუთვნოდა კომპანია Steadyhost-ს, რომელიც მოსკოვში ხოროშევსკის 88 ნომერში მდებარეობდა, რაიონში, სადაც თითქმის ყველა შენობა რუსეთის დაზვერვის სამმართველოსთან (გრუ) არის დაკავშირებული.
ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი პერსონაჟი ლეონიდ სტროიკოვია, იგივე R0id, რომელმაც ომის დღეებში ქართულ ვებგვერდებს თავად, კოლეგების და ჰაკერული ორგანიზაციებისაგან დამოუკიდებლად შეუტია. მოგვიანებით მან ამის შესახებ ჟურნალ „ჰაკერს“ უამბო და თქვა, რომ კიბერომები რეალური, სისხლისმღვრელი მოვლენების განუყოფელ ნაწილად იქცა. სტატიაში ნათქვამია, რომ გამოცემის კითხვებს სტროიკოვმა არ უპასუხა, თუმცა რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте მას 36 მეგობარი ჰყავს და აქედან ერთ-ერთი დიმიტრი დოკუჩაევია, ჰაკერული სახელით Forb-ი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში დაპატიმრებამდე, 2016 წლამდე მუშაობდა.
გამოცემასთან რამდენიმე რუსულენოვანი ჰაკერი ყვება, რომ სწორედ დოკუჩაევია პირველი ჰაკერი, რომელიც სპეცსამსახურებში ოფიციალურად დასაქმდა, სავარაუდოდ 2005-2006 წლებში, როდესაც სამართალდამცველები მისით „ქარდინგის“ გამო დაინტერესდნენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერულ თავდასხმებს დოკუჩაევი კურირებდა, ასევე სწორედ ის იბრებდა სხვა ჰაკერებს სპეცსამსახურების სამსახურში.
2017 წელს ჰაკერი კონსტანტინ კოზლოვსკი დააპატიმრეს, რომელსაც რუსული ბანკების ინფრასტრუქუტურაზე კიბერშეტევაში ადანაშაულებდნენ. კოზლოვსკიმ გამოძიებას უამბო, რომ სწორედ ის უტევდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ კომიტეტს და სხვა ამერიკულ სამიზნეებს და ამ ყველაფერს დოკუჩაევის დავალებით ასრულებდა. დოკუჩაევი, რომელიც იმ დროს თავად პატიმარი იყო, ეს ბრალდებები უარყო.
აშშ-ის სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ „ეფესბეში“ მუშაობისას დოკუჩაევი ამერიკულ სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევებს ხელმძღვანელობდა. რუსეთში მას, როგორც ჩანს ორმაგი აგენტობისთვის ედავებიან და ამერიკელებისათვის რუსი ჰაკერების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. დოკუჩაევი ორ პირთან ერთად დააკავეს, აქედან ერთი „ეფესბეს“, მეორე კი „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანამშრომელია. სამივეს სახელმწიფოს ღალატში სდებენ ბრალს. 2018 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუჩაევმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ უცხოურ სპეცსამსახურებს მონაცემებს გადასცემდა, და ამ ფორმით კიბერდანაშაულთთან ბრძოლას ცდილობდა.
რუსული სპეცსამსახურები, როგორც ჩანს დღესაც განაგრძობენ ჰაკერების გადაბირებას და სანაცვლოდ მათ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას სთავაზობენ. 2018 წლის აპრილში ბელგოროდში სასამართლომ შეწყვიტა საქმე ადგილობრივი მცხოვრებლის წინააღმდეგ, რომელმაც „ეფესბეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე 545 კიბერშეტევა მიიტანა. საქმე „ეფესბეს“ გამომძიებლის შუამდგომლობით შეწყდა, - ნათქვამია სტატიაში.