13 ივლისს, პრესაგე.ტვ-მ გამოაქვეყნა მასალა, სადაც ქვემო ქართლის ოპოზიციური ძალების დადუმებაზე საუბრობდა. ჩვენი წყარო, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიციის მხრიდან მუდმივი თვალთვალის ქვეშაა, გვთხოვდა მასალაში მისი ვინაობა არ მიგვეთითებინა.
სტატიაში საუბარი იყო იმაზეც, რომ „სახალხო კრების” რუსთავის ოფისის კარი 26 მაისის შემდეგ დაკეტილია. ის, რომ კრება რეგიონში აღარ მუშაობს, ამას მისი წევრების დიდი ნაწილი პირად საუბრებშიც ამბობს.
მაისის მოვლენების შემდეგ ჩვენ არ გვინახავს კრების ქვემო ქართლის ოფისების არც ერთი აქტივობა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მასალის გამოქვეყნების შემდეგ, კრების რუსთავის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე აღშფოთებული დაგვიკავშირდა. „ეს რა დაგიწერია” – ასე დაიწყო არევაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარი. მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა სტატია და განაცხადა, რომ კრება მუშაობს, თუმცა კითხვაზე - თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებენ და რით არიან დაკავებულნი - გვპასუხობს: „ახლა ყველაფერს ხომ არ ვიტყვი, თან - ტელეფონში. გვაქვს მუდმივი შეხვედრები თბილისში და დავდივართ. ყველაფერი საჯარო და ჟურნალისტებისთვის გაცხადებული ვერ იქნება”.
გაუგებარია, რა ლოგიკით გვთხოვს არევაძე ჩვენ იმ ინფორმაციის ცოდნას და გაშუქებას, რაც მისი აზრით არ უნდა ვიცოდეთ. საუბრის ბოლოს კი შეურაცხოფაზე გადმოდის. „ეს არის მთავრობის შეკვეთილი მასალა. თქვენ შეკვეთილ მასალებს წერთ! შენ ნომერს ჩვენ პრესსამსახურს გადავცემ ახლავე და გაგირკვევენ ყველაფერს!” – იმუქრება რუსთავის „სახალხო კრების“ ლიდერი, თორნიკე არევაძე.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ მაისის მოვლენების შემდეგ რუსთავის კრების წევრები ჩვეული აქტივობის მესამედსაც ვეღარ იჩენდნენ. ხოლო, თუ ვინმეს ჩვენ ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია გადახედოს „სახალხო კრების” აქტივობებისა და 26 მაისის ღამის დარბევის შესახებ პრესაგე.ტვ-ს მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს.
რაც შეეხება მთავრობის შეკვეთით მასალების წერას, ეს, რა თქმა უნდა კომიკური და უნიჭო ბრალდებაა. შეკვეთილი მასალები არასოდეს დაგვიწერია, მათ შორის არც 1995-2008 წლებში, როდესაც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ლიდერი, ნინო ბურჯანაძე თავად იყო ხელისუფლება. „მიშა მაგარია“ - მთავრობის შეკვეთით გვარწმუნებდა მაშინ ქ-ნი ბურჯანაძე.
მოკლედ, არევაძე რაღაცას ურევს...