10 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპული სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი მოქალაქეები, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია... ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს სუვენერიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე განხორციელებული სამხედრო აგრესია.
„ნიუპოსტი“ აღნიშნული საკითხის შესაფასებლად ყოფილ თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. შაშკინი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ომის წამოწყება:
„ათი წელი გავიდა ომის აქტიური ფაზის შემდეგ, ომი გრძელდება, არ დასრულებულა, იმიტომ ვამბობ ასე, რომ ათი წელი გავიდა არა ომის შემდეგ, არამედ ომის აქტიური ფაზის შემდეგ. „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ლოზუნგით, რომ დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ უკვე 2012 წლის შემდეგ გავიდა 6 წელიც და მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ არა მარტო უკეთესობისკენ არ ვითარდება სიტუაცია, არამედ ყოველწლიურად უარესდება და უარესდება. ამას ვამბობ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ყველას ესმოდეს თუ რა იყო საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საბაბი და საერთოდ, ეს აქტიური ფაზა, საბრძოლო მოქმედებები რატომ დაიწყო.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე თუ რატომ დაიწყო, ვინ დაიწყო ომი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში ჩვეულებრივად გაეცა ყველაფერს პასუხი, მათ შორის იმის გამო, რაც მოხდა უკრაინაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ძაიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს ესმოდეს ერთი რამ - ომი არ დასრულებულა. სამწუხაროდ ომი გრძელდება, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის 20%-ის, დასრულდა მხოლოდ და მხოლოდ ამ ომის ერთ-ერთი აქტიური ფაზა. ბევრი კამათი იყო იმაზე, თუ ვისი ბრალია ამ ომის აქტიური ფაზა. ბევრი ადამიანი ცდილობდა პოლიტიკური ქულების და დივიდენდების შექმნას ამ ომის მეშვეობით. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ასეც მოხდა. საქართველოში ყველამ დაინახა, რომ რუსეთი საქართველოში ერთადერთი მიზნით შემოიჭრა, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე რომ შეეცვალა მთავრობა, გაენადგურებინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ეს იყო მისი მიზანი, რომელიც კონდოლიზა რაისმაც დაადასტურა თავის ინტერვიუში და ამაზე საუბრობდა ნიუ-იორკში აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ. რუსეთის ერთადერთი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა. საქართველლო არასდროს წარმოადგენდა საშიშროებას სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციისთვის. საქართველო წარმოადგენდა საშიშორებას რუსეთისთვის იდეოლოგიური თვალსაზრისით, რადგან საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად და 2004-დან 2008 წლამდე შეძლო, გამხდარიყო ყველაზე არაკორუმპირებული, ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო. ის აჩვენებდა დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირში ან იყვნენ ეგრეთ წოდებულ სოციალურ ბანაკში, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ იქნება პოლიტიკური ნება, შექმნა დამოუკიდებელი, ძლიერი, ნამდვილი სახელმწიფო, ეს იყო ის საშიშროება, რომელიც ვერ აიტანა პუტინმა“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
შაშკინი ასევე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადაბას და მას უსინდისობას უწოდებს:
„პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ჯიუტად კვლავ აბრალებს მიხეილ სააკაშვილის მთავრობას, რომ მან დაიწყო ომი. ეს არის ძალიან დიდი უსინდისობა და ეს აბსოლუტურად შეესაბამება იმ დეპეშებს, რომელსაც უგზავნიდნენ მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტური ბოლშევიკური ლიდერები სტალინს, რომ თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა. ეს არის იგივე ნარატივი, ეს არის იგივე მოღალატე ხალხი და ეს არის იგივე შულავერის კომიტეტების მსგავსი ერთობები. საქართველომ, ბუნებრივია არ დაიწყო არანაირი ომი და შეუძლებელია, რომ დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე ომი. მუდმივად არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და თქვან, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ამას გვაბრალებდა, ეს არის ტყუილი. არც ერთ სახელმწიფოს არასდროს დაუბრალებია საქართველოსთვის ომის დაწყება. ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, უნდა ეპასუხა საქართველოს თუ არა იმ შეჭრაზე, რომელიც განახორციელა რუსეთმა აგვისტოს დასაწყისში, მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ, რაც მოხდა უკრაინაში, მგონი ყველამ ყველაფერი დაინახა. იყო ადეკვატური ხალხი, მაგრამ იყო მიამიტი ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ უკან დაგვეხია და გვეყვირა მხოლოდ, რომ რუსეთი შემოიჭრა და არ უნდა გვეცადა მტრის გაჩერება, მაგრამ ამ ხალხმაც, უკრაინის მაგალითზე, დაინახა, რამდენად მცდარი იყო მათი პოზიცია. ყირიმში უკრაინის მთავრობამ აღარ სცადა რუსეთის გაჩერება, დაკარგა ყირიმი, დაკარგა უზარმაზარი ტერიტორიები, დონბასის, დონეცკის, იმიტომ, რომ ის, რასაც გვეუბნებოდა ზოგი საერთაშორისო ჩვენი მეგობარი, რომ რუსეთის ჯარების შემოჭრაზე, პსაუხად შესაძლებელი იყო უკან დახევა, წინააღმდეგობის არგაწევა და მხოლოდ ყვირილი, გვიშველეთ რუსეთი გვიტევს, ამ ხალხისთვისაც უკრაინა იყო მაგალითი, რამდენად მცდარი იყო მათი პოზიცია. უკრაინამ ყირიმში არ გაისროლა, შედეგად მიიღო დონბასი და დონბასში იღუპება ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე უკრაინას წინააღმდეგობა რომ გაეწია და არ დაეთმო ყირიმი. ეს არის რეალობა და ეს ყველამ დაინახა მსოფლიოს მასშტაბით. არ დარჩა არც ერთი ადამიანი, თუ არ არის მტერი, რომ არ ფიქრობდეს - თუ ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა მტერი, მე მაქვს უფლება დავიცვა ჩემი ხალხი. ჩვენ ვცადეთ ჩვენი ტერიტორიის დაცვა იმ ბანდისგან და ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - აღნიშნა შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე საუბრობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციასა და რეაგირებებზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა, მისი გარკვეული ნაბიჯები საქართველოს მაინც დაეხმარა:
„მიუხედავად დაგვიანებული დახმარებისა შეერთებული შტატებიდან, მიუხედავად იმ მხარდჭერისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, ბუნებრივია ევროპის რეაქცია არ იყო სათანადო და ამ რეაქციის არარსებობის შედეგად ევროპამ მიიღო კონფლიქტი უკრაინაში, ამერიკამ მიიღო გათამამებული რუსეთის მოქმედებები სირიში, მცდელობები ჩარევისა აშშ-ის არჩევნებში, საქართველომ საკუთარ თავზე მიიღო პირველი დარტყმა ბოროტების იმპერიისა 21-ე საუკუნეში. მაშინ ყველაფერი სწორად რომ ყოფილიყო შეფასებული, განსაკუთრებით ევროპის მხრიდან, ბევრ უბედურებას, რომელსაც ვხედავთ, არ იქნებოდა. სამწუხაროდ იყო ევროპის მთავრობებში ისეთი პოზიცია, რომ ეს მათ არ ეხებათ და ამერიკამ მიხედოს ყველაფერს. ეს შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარულმა ჯარმა ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინაში. დასავლეთის მხრიდან ასეთივე დუმილი იყო, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ყირიმი წაართვეს. ეს დუმილი იყო დასაწყისში, იყო განცხადებები, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ამ თვითმფრინავში დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ, ამ კონკრეტული მთავრობების წარმომადგენლებმა დაიწყეს კონკრეტული ზომების მიღება, ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელიც არსებობს. ამერიკის რეაქცია იყო დაგვიანებული, მაგრამ ეს იყო. აღმოსავლეთ ევროპა ყოველთვის ისედაც ჩვენს გვერდით იდგა და მისი დახმარება იყო უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ქვეყნები, რომლებსაც ეძახიან ძველ ევროპას, მათი რეაქცია სათანადო არ იყო და ამის გამო მიიღო ევროპამ უკრაინა და გათამამებული რუსეთი, რომელიც ლონდონის შუაგულში კლავს ხალხს“, - დასძენს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინის თქმით, რუსეთი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ერთი და იმავე შეცდომებს არ უშვებს. შესაბამისად, პუტინის ხელისუფლება მიხვდა, რომ სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ძალის გამოყენებით შეუძლებელია და დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება დაიწყო:
„რუსეთი არის ბოროტების იმპერია, რომელიც სამწუხაროდ მუდმივად სწავლოსბს, ეს არ არის ბოროტების იმპერია, რომელიც იმეროერებს შეცდომებს. 2008 წელს მან დაინახა, რომ ძალით, იარაღით საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ვერ მოხერხდა, მან დაინახა, რომ შეუძლებელია იარაღით მთავრობის შეცვლა, აქედან გამომდინარე, მან დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება და არა მხოლოდ ჩვენთან. იმავეს ცდილობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და სხდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევაც. მან დაინახა, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არჩევნებში ჩარევით, 2012 წელს მან გააკეთა ის, რაც ვერ მოახერხა 2008 წელს, შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი, მოიყვანა მთავრობაში ხალხი, რომლისთვისაც რუსეთი არის მისაღები ქვეყანა, რომლისთვისაც ნოსტალგიას იწვევს 37 მანეთიანი ფრენა და მონობა, ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ, რომ მიუხედავად დაპირებებისა, რომ მონობით და დაჩოქებით ვიღებთ მეტ მოკლულ ადამიანებს და მეტ წართმეულ ტერიტორიებს, ყოველწლიურ რეჟიმში გაუარესებას ჩვენი უსაფრთხოებისა. ეს არის რეალური ფაქტი.
რუსეთი მუდმივად იმუქრება და გააგრძელებს ამ მუქარას. რუსეთისთვის დაჩოოქება, ბოდიშების მოხდა არაფერს შეცვლის თუ არის ხალხი, რომლისთვისაც მონობა არის მისაღები. რუსეთი გააგრძელებს ჩვენთვის ჯოხის თავში ჩარტყმას. რუსეთისთვის მიუღებელი არის პრინციპი არსებობისა საქართველოსი. იყო ხალხი ვინც იცოდა, რომ ეს ურთიერთობის დალაგება იყო ტყუილი, მაგრამ იყო ხალხი, ვისაც ამის არ სჯეროდა. 6 წელი გავიდა, არაფერი დალაგდა, საქართველოს არაფერი აქვს, რომ შესთავაზოს რუსეთს, რათა დაგვანებოს თავი გარდა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის. პუტინს საქართველოს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მეტი არაფერი უნდა. სამწუხაროდ ეს არ ესმის ჩვენს მთავრობას“, - განმარტავს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დასძენს, რომ რუსეთის მუდმივი პოზიცია არის მუქარა, თუმცა კარგად იცის, რომ იგი აშშ-ის სამხედრო ძალას წინააღმდეგობას ვერასდროს გაუწევს:
„რაც შეეხება მედვედევს, ის იმუქრება, ეს არის რუსეთის მუდმივი პოზიცია. 2008 წელს იმის შემდეგ, რაც საქართველოს წყლებში შემოვიდა მეექვსე ფოტის ფლაგმანი, რომელიც აკონტროლებდა მოსკოვი-ვოლდოგრადი-თბილისის სამკუთხედს და რომლის შეირაღება აღემატებოდა რამდენიმეჯერ მთლიანად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ცაში შემოფრინდნენ ავიაგამანადგურებლები და რომლებიც მიჰყვებოდნენ ჰერკულესებს იორდანიიდან, არც ერთი რუსული თვითმფრინავი არ დაფრინავდა ჩვენს ცაზე, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მდივანმა გეიტსმა ოფიციალურად ჩაიბარა „ჰუმანიტარული მისიის“ შესრულება რუსეთმა შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები, იმის შემდეგ რაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებით იყო გადასროლილი საქართველოში ჩვენი ბრიგადა, ეს არის ამ სახელმწიფო მხრიდან ღია მხარდაჭერა შენი სამხედრო მოქმედებების. მედვედევი არ უნდა იმუქრებოდეს ამდენს, მაგრამ კარგად იცის, რომ აშშ-ის სამხედრო პოტენციალს რუსეთის სამხედრო პოტენციალი ვერასდროს შეედრება, თუმცა, შეიძლება არსებობდეს ვინმე ჭკუასუსტი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთმა შესაძლოა აშშ-ს წინააღმდეგობა გაუწიოს. ომს იგებს ტექნოლოგია 21-ე საუკუნეში, კალაშნიკოვების დრო დამთავრდა, პენტაგონის ბიუჯეტი უფრო დიდია, ვიდრე მთელი რუსეთის ბიუჯეტი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ნატო-ში გაწევრიანებით შეუძლია ნატო-ს რამე პრობლემა შეუქმნას, ძალიან ცდება“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.