რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებამ საზოგადობაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ამას „ჯაშუშობის“ ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავება მოჰყა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებას მორიგი „შპიონომანია“ სახალხო პროტესტის გადასაფარად დასჭირდა.
ბოლო ხმაურიან მოვლენებზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრეთ.
როგორ აფასებთ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებას და მის გარშემო განვითარებულ პერიპეტიებს?
– კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა მოვლენები. ჩვენმა ენერგიულმა და პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკლებად დაჯილდოებულმა ხელისუფლებამ შექმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შინაარსით დემოკრატიულია, საზოგადოებისთვის შეთავაზებული ფორმით კი - აბსოლუტურად მიუღებელი. ეს იყო საზოგადოებრივი აზრის სრული იგნონირება და მართლმადიდებელ ეკლესიასთან რაიმე კონსულტაციის სრული მიუღებლობა. იგი აღმოჩნდა ნაღმი, რომელზეც თავად სულსწრაფი ხელისუფლება წარმოაჩინდა აფეთქების შესაძლო მსხვერპლად.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას გონიერების რაღაც ნაწილი მაინც შერჩენილი აქვს; მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის განჩინება ცნობილი გახდა, დაგვიანებული, მაგრამ მაინც, სასწრაფოდ ძალაში შეყვანილი კანონის განმარტება გააკეთეს.
ფიქრობთ, რომ კონფლიქტი ამოწურულია?
– ერთი შეხედვით - ასეა. თუმცა, ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია, რადგან ჩვენს ხელისუფლებას რაიმეს დათმობის პრაქტიკა არ გააჩნია. ღვარძლიანი ხელისუფლება, ცხადია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულსა და ხორც ვნებს. მაგრამ მას ვნების მოტანა მთლიანად ქვეყნისთვისაც შეუძლია.
პარლამენტის მეტამორფოზით, უკმაყოფილება უკვე სომხეთში ვრცელდება. ეს განხილვის საგანი იქნება, თუმცა, ბიუროს დადგენილება გახლდათ ერთადერთი სწორი გზა, რომელმაც ქვეყანაში მართლმადიდებელი მრევლის უკმაყოფილება შეიძლება აღმოფხვრას. მათ შორის - საზოგადოების იმ დიდი ნაწილის, რომელიც შეიძლება ღრმად რელიგიური არ არის, მაგრამ ეჭვი არ შეაქვს მართლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენტურ როლში – ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვისა და განვითარების საქმეში.
ამავე დროს, ბიუროს განმარტება თავიდანვე აგვაცილებს ქვეყანაში ანტისომხური განწყობილებების გაძლიერებას, ვინაიდან სახეზე იყო მცდელობა, რომ ხელისუფლების დაუფიქრებელი ნაბიჯი სომხურ ეკლესიას და ხელისუფლებას დაბრალებოდა.
ფოტორეპორტიორების დაკავება, რელიგიური კანონთან დაკავშირებული წინააღმდეგობის გადაფარვის მცდელობას რამდენად წარმოადგენდა. გარკვეული წრეები ამაზე ღიად მიანიშნებენ.
– არ ვიცი, რომელ წრეებზე საუბრობთ, მაგრამ ამ ძალებს მივეკუთვნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლების ტრადიციად ქცეული შპიონომანია დამყარებულია მცდელობაზე, გადაფარული იქნას რამდენიმე დღით ადრე გადადგმული არაადქვატური ნაბიჯი.
ასე იყო, როდესაც მუხროვანის ინციდენტის გადასაფარად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს უდანაშაულო პროფესორი მაისაია. დღემდე ვერც თვითონ და ვერც მაისაიას ვერ გაურკვევიათ, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა ეს ადამიანი.
ანალოგიური შემთხვევა გახლავთ გახმაურებულ „ენვერის“ საქმე. შესანიშნავად იცის შს და იუსტიციის მინისტრმაც, რომ სრულიად უდანაშულოდ, ამ საქმესთან არანაირი საერთოს მქონე პირია დაკავებული. მათი ციხეში ყოფნის სულ სხვა მოტივაციაა.
ასეთივე იყო საწყისი ამ პერმანენტული შპიონომანიის, რომელიც არასაკმარისი რეაგირების გამი მიიჩქმალა. ეს გახლდათ ბატონი კილაძე, სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ლატარიის წესით აღმოჩნდა დაკავებული. ორ წუთი რომ შეგვიანებოდა, მის ნაცვლად სხვას დააკავებდნენ. ეს ლიტონი სიტყვები არ არის, ფაქტია.
რაზე მიანიშნებს და საით მიდის ეს პროცესი?
– ყველაზე უკეთ თავად გამომძიებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, ამ შპიონომანიამ და ზოგადად ძალადობამ ქვეყანაში, სრულიად გამოაცალა პროფესიონალიზმის საფუძველი პროკურორებს, მოსამართლეებს, გამომძიებლებს... ისინი მიღებული დავალების უსიტყვო მონები არიან. არანაირი პროფესიული თვისება მათ ღირსებას აღარ წარმოადგენს. ამ პროფესიულ ღირსებას საკუთარი ღირსებაც გაატანეს, სამწუხაროდ.
ახლაც იგივეს გაკეთება სურთ. უმეცარი ნაბიჯების გადადგმის გამო აუცილებელი ხდება მუდმივი გადაფარვის პროცესი. 26 მაისის გადაფარვა სცადეს რელიგიური წარმონაქმნების რეგისტრაციის კანონით. ათეულ ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლამ და ქაშვეთიდან სამების ტაძრისკენ მშვიდობიანმა მსვლელობამ ხელისუფლება საკმაოდ დააფრთხო. ამის შემდეგ სიტუაციის გადასაფარად იჭერენ ადამიანებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის გარდა არაფერი შეუსრულებიათ. მათი თავისუფალი არჩევანის საგანია, ვის გაუგზავნიან საკუთარ ნაშრომს და ვის არა.
ქართულ მედიაში ისეთი პირების ასეული მაინც არსებობს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებასთან კონტრაქტებით თანამშრომლობენ. ახლა ვიმარჩიელოთ, რამდენი სიტყვა არ მოეწონება აქ ჩვენს მთავარ ცენზორს და რამდენი გამოსახულების მიმართ ექნება უკმაყოფილება; თუ საქმე საიდუმლოს გრიფით არ დახურეს, ისე ვერც საკუთარ მიზანს მიაღწევენ და ვერც ვერანაირ იურიდიულ საფუძველს შექმნიან ასეთი საქმის მოჩმახვისთვის.
მოხარული ვარ, რომ დღეს ქართული მედია ერთ მუშტად არის შეკრული. ოღონდ, ამ მუშტს ერთი მნიშვნელოვანი თითი აკლია – ეს სახელისუფლებო მედია გახლავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჟურნალისტები უპირველეს ყოვლისა ჟურნალისტებად დარჩებიან და არა მანქურთებად; ასეთებს ფასი უმალვე დაეკარგებათ, როგორც კი ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. არადა, უამრავ ახალგაზრდა ჟურნალისტს აქვს პერსპექტივა, სერიოზული პროფესიული წინსვლისთვის; თუ რა თქმა უნდა, ღირსების გრძნობას არ დაკარგავენ. დღეს ამის საშუალება არის, ხვალ–ზეგ შეიძლება უკვე გვიანი იყოს.
ბრძანეთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის მუდმივი იგნონირების გზას ადგას; ამ ტენდენციის ნიადაგი სად უნდა ვეძიოთ?
–ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან კომფორტულია სიყალბის გარემოში არსებობა. ჯიბის ქურდს ხელს რომ წაავლებ და ფაქტის წინაშე დადგება, მაშინ ის ცდილობს ხელი გაინთავისუფლოს და გაეცალოს იქაურობას. საზოგადოებას შეუძლია ხელისუფლება ისეთ რეჟიმში ამყოფოს, რომ არცერთი სიყალბე არ დააშვებინოს. ამის, ჯერჯერობით, ყველაზე მკაფიო მაგალითი გახლავთ მცდელობა, რომ ფოტორეპორტიორები დაცულები იყვნენ ხელისუფლების მიერ წაყენებული ვერაგული ბრალდებისგან.
შედეგების მიუხედავად, მინისტრ მერაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თანხმობა იმით არის განპირობებული, რომ სულელურმა ნაბიჯმა აღაშფოთა არა მხოლოდ ქართული მოსახლეობა, არამედ მათი სახე ევროპასა და სხვა პარტნიორ ქვეყნების საზოგადოებათა წინაშეც წარმოაჩინა.
პოლიტიკური ოპოზიცია რამდენად ქმედუნარიანია, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედებები მაქსიმალურად გააკონტროლოს?
– პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენად სერიოზული თავის ტკივილი აქვს, რომ ვერ ახერხებს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე. ხელისუფლება ისეთი ტემპით დგამს ერთი მეორეზე უაზრო ნაბიჯებს, რომ ძალიან ძნელია თითოეულ ასეთ ქმედებას პერსონალური დაცვა დაუწესოს;
თუმცა, ეს ოპოზიციური პარტიების ვალია. მათ საზოგადოებას უნდა დაანახონ, რომ მზად არიან იყვნენ ადექვატურნი, დროულნი და მაქსიმალურად შედეგიანნი ასეთი ვითარების შეფასებისას; შექმნილი ვითარების მიუღებლობის დაფიქსირებისას.
არის მედლის მეორე მხარეც. ეს გახლავთ გარკვეული დისტანცირების სურვილი იმ სახალხო მარშისგან, რომელიც აპროტესტებს ხან რელიგიური დაპირისპირების საფრთხის წარმოშობას, ხან - მედიასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას. ისინი თვლიან, რომ პროფესიული, რელიგიური ჯგუფები, სხვადასხვა ტიპის არაპოლიტიკური გაერთიანებები უფრო ეფექტურნი შეიძლება იყნენ თავიანთ საქმიანობაში, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია. რომლის მხრიდან, პოლიტიკური დივიდენდის მიღებისა მცდელობა ბუნებრივი მოვლენაა ასეთ ვითარებაში.
არ მგონია, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკური მუხტის გახლეჩა საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. ასეთი ურთიერთიგნორირება ჩვენ ვნახეთ ჯერ პოლიტიკური ძალებისგან, ახლა კი იგივეს ვაკვირდებით საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფებისგან, ხოლო შედეგი იქნება ერთი – გამარჯვებული ის ძალა დარჩება, ვისაც ამ მუხტის გახლეჩა სურს. ასეთი ძალა იყო და არის ხელისუფლება.