(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველოს ხელისუფლებას რომ ხელები სისხლში აქვს გასვრილი, არახალია. ამის ნათელი მაგალითია სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, ვალერი ფხაკაძის, გიორგი გამცემლიძის და სხვა არა ერთი ახალგაზრდის ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტა. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების სისხლში ხელები აგვისტოშიც ამოისვარა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლისა და მისი ამალის არაადეკვატურ, გაუთვლელ ქმედებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სააკაშვილის გუნდი ხელებს ფეკალიებშიც აფათურებდა... დიახ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის მწარე რეალობაა!
28 აპრილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტევების დღედ გამოაცხადა და საქართველოს ყველა ეკლესიაში შენდობის ლოცვა ჩატარდა. სწორედ ამ დღეს, სავარაუდოდ, „ნაციონალებმა“ მომიტინგეებს ფეკალიებით სავსე პარკები ესროლეს და, როგორც ჩანს, სინანულიც ასე გამოხატეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის... სამწუხაროდ, სწორედ ზნეობისგან ასე განძარცულ ადამიანებზე დგას სააკაშვილის ხელისუფლება, ადამიანებზე, რომლებიც ოპონენტებთან საბრძოლველად ფეკალიებში ხელის ფათურსაც არ ერიდებიან და, ალბათ, ამ ფაქტის შემდეგ აღარც კი ღირს იმაზე საუბარი, ოპოზიციის რამდენ მხარდამჭერზე მოხდა თავდასხმა 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ. თუმცა, უპრიანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად დაცულია ქვეყანაში განსხვავებული აზრი... ვიდრე ვისაუბრებდეთ ბოლო დღეებში „ნაცების“ მიერ ნაცემ ადამიანებსა და მომხდარ ინციდენტებზე, შეგახსენებთ, როგორ მოდიოდა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში „ნაციონალების“ რეგიონებში გასვლა, ძირითადად, ქვების სროლითა და ცემა-ტყეპით სრულდებოდა. ყველაზე მასშტაბური მათ შორის ბოლნისში და ბათუმში გამართული მუშტიკრივი იყო.
ბოლნისში საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისთვის ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცშპანამ“ ბოლნისის მაშინდელ გამგებელს ცხვირპირი დაუსისხლიანეს და შევარდნაძის მხარდამჭერებს ქვებიც დაუშინეს, თუმცა, მაშინ „ნაციონალების“ მიერ ქვების სროლის ფაქტის ინსცენირება ლევან მამალაძესა და მის მხარდამჭერებს დაბრალდათ...
შემდეგი იყო ბათუმში მომხდარი მასშტაბური ცემა-ტყეპა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასლან აბაშიძემ მიტინგის ჩატარების საშუალება არ მისცა. ყველაზე მეტად მაშინ კობა დავითაშვილი და კობა ხაბაზი გაილახნენ. დავითაშვილი იმდენად დაზარალდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ აქციებშიც კი ვერ მიიღო ინტენსიური მონაწილეობა.
მოგვიანებით მან განაცხადა, - სააკაშვილი გაიპარა და როდესაც ჩვენ გვირტყამდნენ, ის აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევდაო...
შევარდნაძის ხელისუფლებას თავის დროზე რომ დაესაჯა ქვების სროლისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, ხელისუფლებაში მოსვლაც ვერ მოეხერხებინათ და არც 7 ნოემბერი მოეწყოთ ქართველი ხალხისთვის და არც აგვისტოს ომი დაეტეხათ თავს ქვეყნისთვის. თუმცა, დღეს ამაზე საუბარი გვიანია და ხელისუფლების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულებრივ ქმედებებზე გიამბობთ.
კრიმინალური ზონდერბრიგადები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში თავს ესხმიან ადამიანებს და სასტიკად უსწორდებიან მათ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ცემის ფაქტებს ხშირ შემთხვევაში მშვიდად შესცქეროდა პოლიცია და პატრული და არც კი უცდიათ დანაშაულის აღკვეთა.
9 აპრილი, 2009 წელი
9 აპრილს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თავს დაესხნენ გია ყარყარაშვილის ავტომანქანას, სცემეს მის მძღოლს და წაართვეს ვიდეოკამერა, თუმცა, მომხდარის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია.
შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ კი ბრძანა, - ყარყარაშვილს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, მომხდარი ინციდენტიც არ დასტურდებაო...
ეს რომ პრიმიტიული თავის მართლებაა, ყველასთვის ნათელია, რადგან არა ერთმა დაზარალებულმა მიმართა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას, მაგრამ დღემდე არც ერთი საქმე, რომელთა გამოძიებაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა, არ გახსნილა. 9 აპრილი შედარებით მშვიდობიანი იყო. მომიტინგეების ცემის ფაქტებმა კი შემდგომ დღეებში უფრო და უფრო იმატა.
10 აპრილი, 2009 წელი
10 აპრილს მოძრაობის - „რატომ?“ - წევრებს: ირაკლი ხუხუნეიშვილს, ლაშა კოპალიანს, ოთარ ჭელიძეს, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეს ნიღბიანები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ელექტროშოკით იყვნენ შეიარაღებული და მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს ირაკლი ხუხუნეიშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
10 აპრილს, დაახლოებით 21 საათზე, სპორტის აკადემიის სტუდენტები მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მიემართებოდნენ თავისუფლების მოედნისკენ.
ოლეგ სიმონიანსა და ვოვა სტეფანოვს გზა გადაუჭრა „BMჭ“-ს მარკის „ჯიპმა X-5-მა“, სერიით GMD111. ავტომანქანიდან გადმოვიდა 6 პიროვნება, რომლებმაც ხელკეტებით მიაყენეს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს დროშები.
12 აპრილი, 2009 წელი
12 აპრილს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ დაასუფთავებდნენ ტერიტორიას და დასუფთავებას თითქოს შეუდგნენ კიდეც. ამ დროისათვის გამოჩნდა ხელკეტებით აღჭურვილი 50-მდე პირი. დაიწყეს ჩხუბი, დაამტვრიეს აპარატურა და მოშალეს სცენა. „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მიტინგის დარბევიდან ორ საათში, როდესაც მონიტორინგს ატარებდნენ თბილისის ქუჩებში, ფილარმონიასთან დააფიქსირეს ოთხი „ჯიპი“, რომელთაგან ერთ-ერთში ვასილ სანოძე იჯდა.
13 აპრილი, 2009 წელი
13 აპრილს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უცნობმა პირებმა სცემეს და თავი გაუტეხეს. დაზარალებული, საჩხერელი ჯანიკო დვალი აცხადებს, რომ ქუჩაში უცნობმა სამმა მამაკაცმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჰკითხა, სად მიდიოდა და ვის უჭერდა მხარს:
„ჯერ აგიტაცია ჩამიტარეს, რომ თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდოდა, დავკარგავდი ყველაფერს, ხოლო საქართველო დაკარგავდა მომავალს და, რადგან პოზიცია არ შევიცვალე, მცემეს“.
70 წლის მომიტინგეს თავდამსხმელებმა თავი გაუტეხეს და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღმოუჩინა.
14 აპრილი, 2009 წელი
ვახტანგ ლაღიძის განმარტებით, 14 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, იგი შინ ბრუნდებოდა საკუთარი ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერით“ ჭავჭავაძის გამზირზე, პირველ ჩიხში, მას გზა გადაუჭრა „ნისანის“ მარკის ნაცრისფერმა ავტომანქანამ. ამავე დროს მისი ავტომობილის უკან გაჩერდნენ ავტომანქანები, რომელთაგანაც 12-მდე პიროვნება გადმოვიდა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახტანგ ლაღიძეს და წაართვეს ავტომანქანა. დაზარალებულის განმარტებით, სავარაუდოდ, მომხდარი საქართველოში მსოფლიო ბანკის წამომადგენლობასთან დამონტაჟებულ ვიდეოკამერას უნდა დაეფიქსირებინა. ოფისის მესვეურნი აცხადებენ, რომ ვაშინგტონიდან თანხმობის მიღების შემდეგ აღნიშნულ მასალას გადასცემდნენ საქართველოს სახალხო დამცველს.
15 აპრილი, 2009 წელი
15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულს ახსნა-განმარტება მისცა იოსებ მანჯავიძემ. მისი განმარტებით, იგი ძმებთან - ოთარ და ზურაბ მანჯავიძესთან ერთად 2009 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. დაახლოებით დილის 4 საათზე ისინი მეგობრის მანქანით მივიდნენ შევჩენკოს ქუჩაზე, სადაც ზურაბ მანჯავიძის კუთვნილი ავტომანქანა იყო გაჩერებული. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ მათ წინ გადაუდგა ვერცხლისფერი „მერსედესი“, ხოლო უკნიდან მოადგათ „ფოლკსვაგენის“ მარკის მუქი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით VNX 937 ან 972. მანქანებიდან ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, დაახლოებით 8-9 კაცი. მათ ხელკეტებით შეამტვრიეს მანქანის წინა მინა, გააღეს კარი და ცდილობდნენ ზურაბ მანჯავიძის გადმოყვანას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხმაურზე მათ ადგილობრივი მოსახლეობა გამოესარჩლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ. დაზარალებულის განმარტებით, ზურაბ მანჯავიძემ მიმართა საპატრულო პოლიციას, რომელმაც მანქანაზე დევნის განხორციელების ნაცვლად, ახსნა-განმარტება ჩამოართვა მათ, რითაც დამნაშავეებს მიმალვის საშუალება მისცა.
15 აპრილს ხალხის პარტიის, თავისუფლების პარტიისა და გაერთიანების - „ალიანსი საქართველოსთვის“ - სამ წევრს: გიზო სართანიას, ჰამლეტ გულორდავასა და მალხაზ ჩარკვიანს სცემეს. შემთხვევა ავლაბრის მეტროსთან მოხდა. მიტინგის მონაწილეები მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ. მათ თავს დაესხნენ „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანებით და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი განმარტებით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.
15 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ყოფილი პარლამენტარი, „ახალი მემარჯვენეების“ წევრი დავით უჯმაჯურიძე გაიტაცეს. მას პირზე „სკოჩი“ ააკრეს და სცემეს, წაიყვანეს ქალაქგარეთ და საგურამოში დააგდეს, ხოლო მისი ცეცხლწაკიდებული მანქანა ვაშლიჯვარში გადააგდეს.
16 აპრილი
16 აპრილს შალვა სადაღაშვილს დაესხნენ თავს. მისი განმარტებით, იგი „ეროვნული ფორუმის“ წევრია და 16 აპრილს, გამთენისას, მორიგეობდა აქციაზე. დაახლოებით დილის 3 საათზე დაურეკა მეუღლემ და სახლში წასვლა გადაწყვიტა. ორთაჭალაში, ბალნეოლოგიურ კლინიკასთან, ტაქსის წამოეწია „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა, რომელში მსხდომებმაც ხელკეტებით ანიშნეს ტაქსის მძღოლს გაჩერება და ისიც დამორჩილდა. ნიღბიანმა მამაკაცებმა სადაღაშვილი გადმოიყვანეს მანქანიდან და ხელკეტებით სცემეს.
16 აპრილს პარლამენტის ყოფილი წევრი (ამჟამად კონსერვატიული პარტიის წევრი) ნიკა კვეზერელი დააკავეს ხულიგნობისა და იარაღის გამოყენებისთვის (მას იარაღის ტარების უფლება აქვს). დაკავებულმა ამოიცნო თავდამსხმელი ბადრი გულუა, რომელიც მას ავლაბარში აედევნა. სავარაუდოდ, სწორედ თავდამსხმელის ჩამოცილების მიზნით გამოიყენა კვეზერელმა იარაღი. მოგვიანებით ყოფილი დეპუტატი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
24 აპრილი, 2009 წელი
24 აპრილს კაფე „მარჯანოვში“ მიხეილ სააკაშვილის „ვიზიტი“ საპროტესტო აქციით დასრულდა. ჩხუბი მოხდა საპატრულო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. დაშავდა პოლიციის თანამშრომელი ზვიად ლოლუაშვილი. თავგატეხილ სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება მიხეილის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
25 აპრილი, 2009 წელი
25 აპრილს თბილისში, ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში, განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე თავად „ნადირობდა“ თანამშრომლებთან ერთად პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე. მოქალაქე თენგიზ ბერიძეს ესროლეს ე.წ. „კისტის“ თოფი, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე მომიტინგეებისთვის წყლით სავსე პარკების სროლით „ერთობოდა“. სანოძე გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, თუმცა 2008 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს მუშაობას.
27 აპრილი, 2009 წელი
27 აპრილს მოძრაობის - „რატომ?“ - წევრებსა და მერიის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაცვის სამსახურის წევრებმა აქციის მონაწილეებს მერიის შესასვლელთან სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს. წინააღმდეგობა ცემა-ტყეპაში გადაიზარდა.
28 აპრილი, 2009 წელი
28 აპრილს მეტრო „რუსთაველთან“ 20-30 კაცამდე თავს დაესხა ირაკლი კობახიძესა და ზაზა ელიჩბეგოვს, რომლებიც მიტინგიდან მოდიოდნენ. თავდამსხმელებმა მომიტინგეებს სასტიკად სცემეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები „ნაცების“ ნაცემების მხოლოდ მცირე ნუსხაა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას და ჩვენი გაზეთის მკითხველს შეძლებისდაგვარად ამომწურავად გავაცნობთ ყველა იმ დანაშაულს, რაც განსხვავებული აზრისთვის დევნას უკავშირდება...