"მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოოდ გადაწყვიტა და ღია წერილით ეს გადაწყვეტილება მისმა დელეგაციამ 27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030-ე წლის იუბილეს დღესასწაულზე ამცნო უკრაინასა და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც იყო. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილში პირველადაა ღიად და მკაფიოდ გაცხადებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო "ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მართლმადიდებელი სამყარო დიდი განხეთქილების ზღვარზეა / მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"უკრაინის სასულიერო და პოლიტიკურ წრეებში უკვე სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს 2018 წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებენ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი საპატრიარქოში ჯერ არ განუხილავთ და მხოლოდ განხილვის შემდეგ შეეძლება, კომენტარი გააკეთოს წერილის შინაარსზეც და საქართველოს ეკლესიის პოზიციაზეც. საპატრიარქოდან კიევში საგარეო განყოფილების უფროსი, მეუფე გერასიმეა წასული. რაც შეეხება წერილს, ჩვენ ეს წერილი არ განგვიხილავს და ვერაფერს გეტყვით. თუმცა, იმის თქმა, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილია, ნაადრევი იქნება. ტომოსი გამოცემული არ არის და, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოს საპატრიარქო პოზიციას ვერ დააფიქსირებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილია და ტომოსსაც მალე ვიხილავთ. რამდენადაც მსოფლიო პატრიარქმა მიმართვა უკვე გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს და არავის შიშის თუ შანტაჟის გამო უკან არ დაიხევს. ვფიქრობ, რომ ეს წელს მოხდება. წერილში მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მსოფლიო საპატრიარქო მტკიცედ ადასტურებს იმას, რომ უკრაინის ეკლესიას მისცემს ავტოკეფალიას. უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია". 27 ივლისს უკრაინის დედაქალაქში კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლის იუბილე აღნიშნეს, სადაც 10 მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის დელეგაცია იყო ჩასული. მათ შორის კიევში ჩავიდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გალიის მიტროპოლიტ ემანუელის მეთაურობით, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პატრიარქ ბართლომეს გზავნილი გადასცა. გზავნილში ნათქვამია, რომ კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიის შექმნის შემდეგ ახლად მონათლული ერი პირველმოსაყდრე კონსტანტინოპოლის ეკლესიის სულიერი ხელმძღვანელობის საფარქვეშ შევიდა და გახდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მესამოცე მიტროპოლია. "აღიარებს დიდ პასუხისმგებლობას პირველმოსაყდრე კონსტანტინოპოლის ეკლესია, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია და არ შეურიგდება უკანონო და არაკანონიკურ სიტუაციებს, რომლებიც არყევს მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებრივი ფუნქციონირებისა და ამ საპასუხისმგებლო დროს მან თავის თავზე აიღო ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა საბოლოო მიზნისთვის - უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს", - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის გზავნილში", - განაგრძობს გამოცემა.
"პოროშენკომ პატრიარქ ბართლომეოს მადლობა გადაუხადა "დედაეკლესიის მუდმივი მზრუნველობისთვის მორწმუნე უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც მძიმე დროებას განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქვეყნის მიმართ არსებული აგრესიის გამო, რაც დაკავშირებულია ყირიმის უკანონო ანექსიასთან". პოროშენკომ მსოფლიო საპატრიარქოს ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო. "უკრაინელების უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის სიტყვა იმის შესახებ, რომ უკრაინა არ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია, რომ მე-17 საუკუნეში საეკლესიო კონტროლის მოსკოვის ხელში გადასვლა არაკანონიკური შეთანხმებით მოხდა. ისევე, როგორც ჩვენ, უწმინდესიც მიიჩნევს, რომ უკრაინის დედაეკლესია არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა და დასძინა, რომ უკრაინა იმედოვნებს, ტომოსი მალე გადაეცემა და უკრაინის ეკლესია დაუბრუნდება დედაეკლესიის წიაღს. ამასთან, რუსეთის პატრიარქი კირილე გამოვიდა გაფრთხილებით, რომელშიც დაუშვებლად მიიჩნევს განხეთქილების შეტანას უკრაინისა და მოსკოვის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის", - დასძენს გამოცემა.
"თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან დელეგაცია ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიაში იყო ჩასული და მათ არავისთვის უთხოვიათ მხარდაჭერა. მსოფლიო საპატრიარქომ უბრალოდ ყველა ეკლესიას ამცნო, რომ მას განზრახული აქვს, სავსებით დამსახურებულად ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას. "კონსტანტინოპოლის ეკლესია დედაეკლესიაა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ეკლესიისთვის და მას ავტოკეფალიის მინიჭების სრული უფლება აქვს. რუსეთის ეკლესია ბაქიბუქობს, რომ ისინი მართლმადიდებლობაში დიდ სქიზმას მოაწყობენ. თუ რუსეთს სქიზმის მოწყობა უნდა, შეუძლია, თვითონ წავიდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება, სხვა ეკლესიები ამაში არ უნდა ჩაერთონ. "მოლოდინი მაქვს, რომ საქართველოს ეკლესია ღირსეულ პოზიციას დაიკავებს და მხარს დაუჭერს უკრაინას. რამდენადაც ვიცი, როდესაც თბილისში გალიის მიტროპოლიტი ემანუელი იყო ჩამოსული ამ თემაზე სალაპარაკოდ, დაისვა დიფტიხის საკითხი, რომ საქართველომ ეკლესიების ჩამონათვალში მე-6 ადგილი უნდა დაიკავოს, თუმცა არ მგონია, რომ საქართველოს ეკლესიამ ამ დიფტიხის გამო მსოფლიო საპატრიარქოსთან ვაჭრობა დაიწყოს."მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია კრეტის კრებაზე რუსეთის ბანაკში აღმოჩნდა და ბოლო მომენტში უარი თქვა წასვლაზე, ეს ახლა გამოსწორდება, ამჯერად უკრაინას დაუჭერს მხარს და არა - რუსეთს", - დასძენს ბარნოვი", - წერს სტატიის ავტორი.