ვახტანგ ძაბირაძე:

ვახტანგ ძაბირაძე: "ქართულ ოცნებას გამოეყოფა ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება"

"ქართული პოლიტიკური რეალობისთვის პროცესი, რომელიც მმართველ პარტიაში ხდება, უცხო არ არის. ხელისუფლებაში მოდის ძალა საარჩევნო ბლოკით. 4-წლიანი მმართველობის ანუ ერთი ციკლის შემდეგ, როგორც წესი, ეს ბლოკი იშლება - შემდეგ რჩრბა ლიდელი პარტია და მეორე ბლოკში იწყება მმართველი ელიტის გამიჯრისტალება, გამოკვეთა. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს, ასე ახლა და აქ არაფერი სიახლე არ არის", - "აცხადებს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: "ქართულ ოცნებას გამოეყოფა ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება"

"ივანიშვილმა კვირიკაშვილზე თქვა, მხოლოდ ორ კაცთან ახერხებდა ურთიერთობასო. დანარჩენ უმრავლესობას საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალური ეჭირა მასთან ურთიერთობაში, მეორე ნაწილი კი საერთოდ იგნორირებას უკეთებდა. რატომ? იმიტომ რომ კვირიკაშვილი გუნდის ლიდერად ვერ იქცა. ლიდერი ყველა შემთხვევაში ივანიშვილია, ბრძოლა მიდიოდა ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის, დღესაც იგივე გრძელდება - მე რა, რომ კვირიკაშვილი აღარ არის. მთელი თამაში მიდის იმაზე, თუ ვინ დააკომპლექტებს 2020 წლის საარჩევნო სიას. ეს იყო ბრძოლის მთავარი მიზეზი და ამ ბრძოლაში ყველა თავ-თავისი სტრატეგიით იყო ჩართული და დღესაც ჩართულია. ივანიშვილმა რაც უნდა გააკეთოს, ეს ბრძოლები მაინც გაგრძელდება... შეიძლება ითქვას, ეს რაუნდი კობახიძემ და მისმა გუნდმა მოიგეს, მაგრამ აქ ეს პროცესი არ გაჩერდება და შემდეგ ეტაპზე წინ ვინ წამოიწევს წინა პლანზე, არავინ იცის. ივანიშვილი მშვენივრად ხვდება, რომ ამ პროცესს ასე მარტივად ვერ შეაჩერებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ დაპირისპირების მიზეზი იდეები, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა არ არის - აქ საუბარია ინტერესებსა და ძალაუფლებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"თუ ამ ხალხის ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ამ ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში კვირიკაშვილის მომავალი განმსაზღვრელი აღმოჩნდეს - ანუ ვიღაცებისთვის ეს სიგნალი იყოს. კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ალავიძე პასუხისგებაში იქნებიან თუ არა მიცემული, ამაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია რა მიდგომა იქნება: მოვიშორეთ და აწი რაც უნდათ ის უქნიათ თუ ეს იქნება სერიოზული სიგნალი სხვებისთვის", - განაგრძობს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "დღეს მართვის სადავეები ვის ხელშია - კობახიძის ხელმღვანელობით საპარლამენტო გუნდის ხელში თუ ივანიშვილის? ივანიშვილმა თქვა კვირიკაშვილზე: გუნდმა მითხრას და გადავდგებიო - გამოდის,მისი სიტყვა მთლად კანონი არ ყოფილა?" - პასუხობს:

"პროცესებს, რა თქმა უნდა მართავს ივანიშვილი. უცნაური სიტუაციაა შექმნილი -კონსტიტუციურად და სამართლებრივად არავინ ეკითხება ივანიშვილს, თუნდაც როგორც პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერი გადადგება თუ არ გადადგება. თუ ივანიშვილს მთავრობის საქმიანობაში უნდა ჩარევა, მაშინ პრემიერი გახდეს. ივანიშვილს საპარლამენტო მმართველობა რაღაც უცნაურად ესმის. საერთოდ, კონსტიტუციაც უცნაურად ესმის". 

"რა ლოგიკაა, რომ პარტიის თავმჯდომარეს აქვს უფლება გადააყენის პრემიერ-მინისტრი - რომელ მმართველობაშია ეს მიღებული?! საქმეებში არ ვერევიო, არც ერთხელ არ დამირეკავს კვირიკაშვილისთვისო - ეს იცით რას მახსენებს? ერთხელ შევარდნაძემ თქვა, ვერც ერთი მინისტრი ვერ იტყვის ჩემზე, რომ ვურეკავ და ნათესავებისთვის დახმარებას ვთხოვო - რად უნდა დარეკვა, როდესაც იცის მინისტრმა, რომ შევარდნაძის ნათესავია მასთან თხოვნით მისული.... ამიტომ ვამბობ, რომ კვირიკაშვილმა მშვენივრად იცოდა - მას პარლამენტი კი არ გაუშვებდა სახლში, ივანიშვილი გაუშვებდა, კიდევ შეიძლება კითხვები ისმოდეს?!" - დასძენს რესპონდენტი.

"რაც შეეხება "ოცნების" გაყოფას (თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი" გაიყო, მოგვიანებით გაიყო "ნაციონალური მოძრაობაც") არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ჯგუფი, რომელიც მიხვდება, რომ მისი ინტერესები არ კმაყოფილდება. გამოეყოს ქართულ ოცნებას". ნაწილი ხმაურით წამოვა და კარსაც გაიჯახუნებს, ნაწილი შეიძლება საერთოდ ისე წამოვიდეს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდეს... წარმოუდგენელია "ქართულ ოცნებაში" ფუნდამენტური გადახალისება არ მოხდეს. თუმცა ამ წუთში მსგავსი სვლები არ იქნება, ეს უფრო სამომავლოდ მოხდება. ამ დროისთვის უკვე გამოიკვეთება, ვინ იქნება წამყვანი პარტიაში და ვინ გადის ოპოზიციაში, ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება... თუ პრობლემების გააზრება ვერ მოხდა და ვერ შეძლო ივანიშვილმა არსებული სურათის შემოტრიალება, მაშინ ამას "ქართულ ოცნებაში" გუნდის შიგნით ვიღაცები გაიაზრებენ, თავად გახდებიან თავიანთივე გუნდის ოპოზიცია და დაუპირისპირდებიან ივანიშვილსა და იმ ჯგუფს, რომელიც იმ დროს იქნება - ეს პროცესი გარდაუვალია", - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.