ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასვლას აღარ აპირებს

ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასვლას აღარ აპირებს

"ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო... კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა კვლევა დამიმალეს; ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღეს, როცა ვნახე, რომ "ქართული ოცნების" მოსვლის შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა... კვირიკაშვილი მხოლოდ ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც... ოპოზიცია უფრო მაფასებს, ვიდრე - საკუთარი გუნდი", - თითქმის 2-წლიანი დუმილის შემდეგ ექსპრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მეორედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა პარტიის კინაღამ დაშლაზე, კვირიკაშვილთან დაპირისპირებასა და მის გაშვებაზე, არაკორექტულ ოპოზიციაზე, რატომ დააქვს ხეები და გეგმაზე, როგორ სურს, ააშენოს ქვეყანა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასვლას აღარ აპირებს / "სანამ ენერგია მექნება და, რაც მთავარია, სანამ საჭირო ვარ, მანამ ვიქნები".

"ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუ დაიწყო იმაზე საუბრით, რომ პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ დაბრუნება "აუცილებლობა იყო" და სამი მიზეზიც დაასახელა. ივანიშვილის თქმით, პირველი მიზეზი ისაა, რომ მართალია, ქვეყანაში ჭარბი დემოკრატიაა, დიდი თავისუფლების გამო მედიაც "ძალიან ხშირად აჭარბებს, რაც კარგია", მაგრამ ეკონომიკა ამ დემოკრატიას ვერ ეწევა, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს სამუშაო და "მაცივრები ცარიელია"; ექსპრემიერმა "მეორედ მოსვლის" მეორე მიზეზად დაასახელა "არაკონსტრუქციული ოპოზიცია" და იქ, კრიტიკის ნაცვლად, "ლანძღვითა და გინებით არიან დაკავებული"; ივანიშვილის თქმით, მესამე მიზეზი იყო საკუთარი პარტიის დაშლის "რეალური საფრთხე", რაშიც მთავარ დამნაშავედ კვირიკაშვილის მართვის სტილი დაასახელა. "ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო", - განაცხადა ივანიშვილმა და კვირიკაშვილის სახლში გაშვებაზე ისაუბრა. თქვა, რომ კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა მართვას, პარლამენტი ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთავრობაშიც მხოლოდ ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, რომელთა ნაწილი დაგვიანებულიც იყო და მართვის ეს მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდი დაშლას იწყებდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის გაფართოებულ შეკრებაზე კვირიკაშვილს "ძალიან მძიმე კითხვები" დაუსვეს - ის, რომ იყო შემთხვევები, როცა ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი. მისი თქმით, კვირიკაშვილმა ამ შეკრებაზე კარგად დაინახა, რომ აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში. მას არ დარჩა არჩევანი. ის უნდა წასულიყო და წავიდა. "მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორებივართ ერთმანეთს", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, დაპირისპირება დაიწყო გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც ნახა, რომ "სიტუაცია მძიმე იყო" და დაპირისპირების მთავარი თემა იყო ბანკები - "მე მარტო ბანკების საკითხში ვერეოდი". ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი ბანკებთან დაკავშირებით ჭარბვალიანობის თემაზე სავალუტო ფონდის კვლევის დამალვაშიც დაადანაშაულა და, მისი თქმით, "ეს იყო ერთ-ერთი მძიმე და ძირითადი შეკითხვა შეხვედრის დროს". როგორც მან აღნიშნა, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ თემას ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ეუბნებოდა, რომ "ორმა ბანკმა - "თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" გადაჭამეს ქვეყანა, "ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის" და მთავრობის მოვალეობა იყო, რეგულაციები მომხდარიყო", - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, კვირიკაშვილის დამსახურება არ არის, რომ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და რომ ეს მამუკა ბახტაძის დამსახურებაა. ივანიშვილმა დაადასტურა ის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევაში დიდი წვლილი ჰქონდა. "ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მას საზოგადოება ისევ ენდობა და, მისი თქმით, ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად აფასებს მას და მის როლს. ამბობს, რომ ოპოზიცია, სხვათა შორის, ცოტა მეტად აფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი და ამიტომ აკრიტიკებენ დაჟინებით, რომ მისი პერსონის დაკნინებით მიიღონ შედეგი. ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დააქვს ხეები. მისი თქმით, დიდ ფულს ხარჯავს პარკისთვის, რომელიც "საზოგადოების საკეთილდღეოდ კეთდება" და ბევრად მეტ ფულს იხდის ხეებშიც, გატარებაშიც, ვიდრე ეს რეალურად ღირს და ტყუილია ის, რომ მატარებლის შეფერხება ხდება მისი ხეების გამო და ეკოლოგია ზიანდება. ივანიშვილს არც პრეზიდენტის კრიტიკა დავიწყებია და ის გამოეხმაურა იმ განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარება ე.წ. ტრაქტორების საქმეს დაემსგავსოს და საქმე შეწყდეს. ივანიშვილის თქმით, მინისტრები ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება გამოკითხონ, ეს ნორმალურია, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით მარგველაშვილის დასმული კითხვა პასუხს არ იმსახურებს. "კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს ან დემოკრატიულობაზე, ან სახელმწიფოებრიობაზე, ან სახელმწიფო მოღვაწეობაზე, კითხვას ასეთი რაკურსით სვამდეს, ცოტა უხერხულია", - განაცხადა ივანიშვილმა", - დასძენს გამოცემა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატზეც ისაუბრა. მისი თქმით, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, მათ ბევრი კანდიდატი ჰყავთ, იგივე ზურაბ აბაშიძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, მისი სახელიც დასახელდა, თუმცა მისი პოზიციაა, რომ გუნდიდან არ დასახელდეს კანდიდატი, "ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი", - განაცხადა ივანიშვილმა და თქვა, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდება პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. ინტერვიუს ბოლოს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მეორედ დაბრუნების შემედეგ პოლიუტიკიდან წასვლას აღარ იჩქარებს. "შემობრუნება იყო ძალიან მძიმე გადასაწყვეტი, მაგრამ აუცილებელი. ამ შემთხვევაში წასვლას მე აღარ ვიჩქარებ პარტიის თავმჯდომარეობიდან. რამდენსაც შევძლებ. 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი არ ვარ და სანამ ენერგია მექნება და რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ საჭირო ვარ, მანამ ვიქნები", - აცხადებს ივანიშვილი", - წერს სტატიის ავტორი.