„საქართველო ახლა არ გახდება ნატო–ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება“, – აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ტრამპმა საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო–ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
„საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში. ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტი დასრულდა. სამიტზე მიღებული იქნა ნატო–საქართველოს დეკლარაცია, სადაც ნატო–ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო–ს წევრი გახდება. კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ნაკისრი ვალდებულება.
„საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატო–ს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება. ნატო–ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია.
საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ: ნატო–საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი. ნატო–ს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო–ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო–ს წევრი. ზალკალიანის განცხადებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და გააჩნია ის ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციას.
„საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული, როგორც ასპირანტი ქვეყანა. უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებასთან. ნატო–ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა.
მაშ ასე, ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგაც ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად კვლავ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას – MAP–ს ასახელებს. ბრიუსელში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და, რომ ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს.
„ნატო–ს წევრები მეტ დახმარებას უწევენ საქართველოს სხვადასხვა სფეროებში, იქნება ეს წვრთნების ცენტრი თუ რეფორმების მხარდაჭერა. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო–ს მისიებში. უკვე ათი წელია, რაც პირველი შეხვედრა შედგა ნატო–საქართველოს კომისიისა, სადაც დიდი მიზნები დაისახა რომ მიახლოებოდა საქართველო ნატოს წევრობას. საქართველო აღიარებული იქნა ნატოს სანდო მეგობრად იმ მიზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები აუცილებლად გასწევენ დიდ ძალისხმევას, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს როგორც ნატო–ს საიმედო პარტნიორს, საქართველოს წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ასევე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
„ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მისიაში ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით ჩვენი წვლილი ყველაზე დიდია. ვითარდება ნატო–ს შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგი და ჩვენ ამით მოხარულნი ვართ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობისთვის ამ კონტექსტში. ეს რეგიონს მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოუტანს.
ჩვენ დღეს ნატო–ს ლიდერებთან განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და საქართველოს უსაფრთხოებას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო სტაბილური და უსაფრთხო, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო–სთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები, რასაც მივყავართ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, რისი საბოლოო მიზანია ნატო–ში გაწევრიანება. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებით და ერთგულებით ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარალელურად, აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ვაშინგტონის მხრიდან ნატო–სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის შესახებ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. კონგრესმენებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ჰელსინკის პრინციპების დაუფარავი და მასშტაბური დარღვევა დაგმეს.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების შენარჩუნების მნიშვნელობა მანამდე, ვიდრე უკრაინა ყირიმზე საკუთარ სუვერენიტეტს არ აღადგენს, რუსეთი კი მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას არ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კონგრესი მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ხალხების დემოკრატიულ მისწრაფებებს.