„წყალი მიაწოდეთ, წყალი“ - „სამადლოდ“ შესძახა ქვეყნის ისტორიაში პირველი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, როდესაც „სარალიძის საქმეზე“ ჩვენების მისაცემად დაბარებული მაღალჩინოსანი პოლიციელი (თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი), სოსო სიგუა იმდენად უცნაურად მოიქცა ელემენტარული წინადადების ჩამოყალიბებისას, „ნოვიჩოკით“ მოწამლული გეგონებოდა: საშინლად აღელდა, დაიბნა, ოფლმა დაასხა, ლამის გული შუწუხდა, ენა დაება, საკუთარი სამსახურეობრივი ფუნქცია-მოვალეობა ვერ განმარტა.......შემდეგ კიდევ უარესი: ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ხანგრძლივი კომიდან გამოსული ადამიანივით დარეტიანდა, მეორე დღეს კი კომისიაზე საერთოდ არ მოვიდა - „ავად გახდა, საავადმყოფოში დააწვინეს“ - იმდენად ცუდად იყო (განცდილი სტრესის შედეგად), პატაკიც დაუწერია გადადგომის შესახებ. თუმცა ეს „ფაქტი“ შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო: არაფერიც არ დაუწერია და საერთოდ, ამ კადრის „გაშვებას“ არ ვაპირებთო.
ერთი სიტყვით, ბატონმა სიგუამ ნამდვილი „კულტურული შოკი“ განიცადა. ოღონდ არა იმიტომ, რაიმეს მალავდა, რაიმეშია დამნაშავე, ვიღაცას ხელს აფარებდა (თუ რაიმეს „დაფარება-დამალვა“ მოხდა, მოხდა შემდეგ ეტაპზე და უფრო მაღალ დონეზე), არამედ მისთვის აბსოლუტურად უჩვეულო, გამანადგურებლად სტრესულ სიტუაციაში აღმოჩენის გამო.
აი მარტო ამ ფენომენის „გასახსნელად“ და გამოსააშკარავებლად ღირდა ხსენებული „კომისიის“ შექმნა!
სიტუაციაში გარკვეული რამდენიმე კომპეტენტური წყარო ერთხმად ამტკიცებს: ეს სოსო სიგუა არის ბრწყინვალე გამომძიებელი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური დეტექტივი, ვისაც უამრავი ურთულესი საქმე აქვს გახსნილი, ანუ ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალია მაგრამ.....იგი წარმოადგენს სისტემას, რომელიც არ არის მიჩვეული „მზის შუქს“, რომლისთვისაც თვისებრივია „ჩრდილში“ მუშაობა, „არგამოჩენა“........ „საპარლამენტო კომისიამ“ კი აიძულა, „გამოსულიყო“, საჯაროდ ელაპარაკა, აზრი ჩამოეყალიბებინა......
პრობლემა ის კი არ არის, რომ „არ ეხერხება ადამიანს“. სინამდვილეში ბევრად რთულადაა საქმე: მისთვის სისტემურად მტანჯველია ასეთი რამ. „ახალ სისტემაში“ გადასვლას ნიშნავს და ეს „ტრანზიცია“ უბრალოდ ანადგურებს - შოკში აგდებს.
ამგვარი „სოსო სიგუები“ საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში უამრავია. და აქვე უნდა ვაღიაროთ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული გარემოებაც: როდესაც 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (დღეს მის ელიტას უკვე „ევროპული საქართველო“ ეწოდება) კატეგორიული უარი განაცხადა ანალოგიური „საგამოძიებო კომისიიის“ შექმნაზე „გირგვლიანის საქმის“ გამო, მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური დანაკარგი კი არ იყო ოპოზიციასთან ბრძოლაში, არამედ სისტემის დაზიანების შიშიც: მიშამ და მისმა გუნდმა იცოდნენ, რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის ასეთი „სისტემური ტრანზიცია“ და მოქმედი სისტემის სუბიექტთა მათთვის სრულიად უჩვეულო სიტუაციაში ჩაყენება. ეს აუცილებლად იწვევს შოკს, განაწყეენბას, გაღიზიანებას......ამგვარი „შოკირებით“ ხელისუფლება ძალისმიერ დასაყრდენს კარგავს, რაც (განსაკუთრებით საქართველოში!) უბრალოდ საშიშია ნებისმიერი მთავრობისთვის.
მაგრამ მეორეს მხრივ, „გამჭვირვალობის“ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლის გარეშე დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება. ზუსტად ამიტომაა საჭირო „მყეფარე“ ტელევიზიები თუ „ისტერიული ჟურნალისტები“, როგორც არ უნდა „უთხრიდნენ ხალხს ნერვებს“ თავიანთი არაობიექტურობა-მიკერძოებულობით.......ისევე, როგორც ამგვარი „საგამოძიებო კომისიები“, რომლებიც „ჩრდილში მუშაობას“ მიჩვეულ სუბიექტებს აფრთხილებენ: თუ კანონს დაარღვევენ, მზის შუქი „იქაც მისწვდებათ“! რაც ჯერ კიდევ სულაც არ ნიშნავს, თითქოს კონკრეტულად ამ „სოსო სიგუამ“ რამე დამალა ან გააყალბა „სარალიძის საქმეში“. უბრალოდ „კულტურული შოკი“ განიცადა ადამიანმა.
რაც შეეხება თავად კომისიას, მან უკვე დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და თუნდაც ამისთვის ღირდა მისი შექმნა: როგორც უტყუარად დადასტურდა, გასული წლის დეკემბერში, როდესაც ხორავას ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ელიტებმა მიიღეს სისტემური გადაწყვეტილება - დაესაჯათ მხოლოდ ის მოზარდები, ვინც უშუალოდ გამოიყენა დანა!
დღეისათვის, ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება (არის მხოლოდ მოსაზრებები, ეჭვები, „გულისხმები“), რომ „ხორავას ქუჩაზე“ ნამდვილად ფიგურირებდა მესამე, მეოთხე დანა ან სხვა „მჭრელი-ბასრი საგანი“ და რომ გარდაცვლილებს კიდევ ვინმემ მიაყენა ჭრილობა, გარდა უკვე მსჯავრდებული მოზარდებისა. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ე.წ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი იყო, პასუხისგებაში მიეცათ უკლებლივ ყველა მოზარდი, ვინც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ზოგი მათგანი „განუცხადებლობის“, სხვები „ხულიგნობის“ ან „დახმარების აღმოუჩენლობის“ მუხლებით.
ზუსტად ამას მოითხოვდა, თავიდანვე, ზაზა სარალიძე და ჰქონდა ამის აბსოლუტურად კანონიერი უფლება!
მაგრამ სისტემამ, რომლის მესვეურები მაშინ (2017 წლის დეკემბერში) ალბათ მკაფიოდ ვერ პროგნოზირებდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ვერც ის წარმოედგინათ, თუ „ოცნება“ იძულებული გახდებოდა ამგვარი „კომისია“ შეექმნა, გადაწყვიტეს „ცხოვრება არ დაენგრიათ“ ათეულობით მოზარდისთვის, ვინც „იქ იყო“, ანუ დაესაჯათ მხოლოდ ის მოზარდები, რომლებმაც დანა გამოიყენეს და თანატოლები სიცოცხლეს გამოასალმეს.
რამდენად შეცდნენ, უკვე აბსოლუტურად ნათელია. ყველაფერ სხვას რომც თავი დავანებოთ, „სისხლის სამართლის კოდექსი“ მაშინვე სრულყოფილად რომ ამუშავებულიყო, ამჟამად ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა, გამოძიებას დაედგინა, მაგალითად, ვინ დაჭრა „მღვდლის შვილი გ.მ“. და არ მოვისმენდით წუწუნს: „მოზარდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ჩვენებს არ იძლევიანო“. ყველა ყველაფერს იტყოდა!
მაგრამ საქართველოს სამართალდამცველი სისტემა, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქიდან მოყოლებული, მიჩვეულია მოქმედებას „კორპორატიული გაგებით“ და რატომღაც დღემდე მიაჩნიათ, თავად აქვთ უფლება გადაწყვიტონ, რა იქნება „სამართლიანი“ და რა - „მეტისმეტი“.
სააკაშვილმა ამ სისტემაში კორუფცია კი აღმოფხვრა, თუმცა ეს „კორპორატიულობა“ არ დაუშლია. ალბათ იმიტომ(აც), რომ ასეთ შემთხვევაში თვით მისი საყრდენი სისტემის „ჩამოშლას“ უფრთხოდა. გავიხსენოთ, რა ხშირად ჟღერდა მაშინ ეს ტერმინი - „ჩამოშლა“
კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტია „კომისიაზე“ გამოძახებულ სხვა პერსონაჟთა ქცევა. ეს იმავე „სოსო სიგუას სინდრომის“ გამოვლინებაა. უბრალოდ სხვაგვარი სუბლიმაცია: აბსოლუტურად წარმოუდგენელია კონგრესის კომისიაზე Hearing-ის დროს, დასაკითხმა პიროვნებამ ხმას აუწიოს, კომისიის წევრს, მით უმეტეს თავმჯდომარეს დასცინოს, კითხვებს არ უპასუხოს, კითხვა შეუბრუნოს, ეკამათოს......ამერიკული ტელეარხები ხშირად ტრანსლირებენ hearing-ს რომელიც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად ითვლება: კომისიაზე „გამოძახებულნი“ ხმააკანკალებით ლაპარაკობენ, რაიმე შეცდომას უფრთხიან, რადგან „კომისიისადმი უპატივცემულობა“ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამდენად, საქართველოს ისტორიაში პირველი „საპარლამენტო კომისიის“ მუშაობა, კონკრეტული შედეგი რომც ვერ „დადოს“ ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე, ნამდვილად დადებითი მოვლენა გახდა და ბევრად მეტად უწყობს ხელს დრომოჭმული სისტემის „დანგრევას“, ვიდრე საპროტესტო აქციები ლოზუნგით „სისტემა უნდა დაინგრეს!“