"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"

რა წერია საქართველოს მთავრობის მიერ "უპრეცედენტო დოკუმენტად" აღიარებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რას ფიქრობენ ბრიუსელში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" და აპირებს თუ არა ევროკავშირი აშშ-ს მიჰბაძოს და დახმარება შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, ამ საკითხებზე პოლონელ ევროპარლამენტარსა და რეზოლუციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ანა ფოტიგას ვესაუბრეთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს".

"ხალხი, რომელსაც კარგად ესმის, რა თამაშს თამაშობს პუტინის რუსეთი, არც ისე ბევრი ვართ ევროპარლამენტში, სადღაც 70 კაცი, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ საკითხების წინ წამოსაწევად... რეზოლუციისთვის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა ზოგიერთმა ჯგუფმა სათაურის შეცვლა მოითხოვა, კითხვის ქვეშ დააყენეს ის, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი ამ კონფლიქტში, არადა, რეზოლუცია აშკარად მიანიშნებს, ვინ იყო აგრესორი და ვინ მსხვერპლი. განსაკუთრებული მონდომებით მემარცხენე რადიკალები გამოირჩეოდნენ... მახსოვს ის დრო, როდესაც ჩვენი განცხადებებიც არ იყო ისეთი მკაფიო, როგორიც დღესაა. თანდათან დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით უპირველესად თავიანთ თავსა და ღირებულებებს დაიცავენ. ამ საკითხზე კონსენსუსი ევროკავშირში ფართოა და მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია სამართლებრივად დამავალდებულებელი დოკუმენტი არ არის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს რეზოლუცია არის დასავლეთის ცნობიერებაში მენტალური ცვლილებების ნიშანი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ფოტიგა. 

"ეს მნიშვნელოვანია, რათა უახლოეს მომავალში რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წნეხი იგრძნოს... რაც შეეხება სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, ვფიქრობ, კარგიცაა - ჯობია, იცოდე, ვინ გიჭერს მხარს და ვინ არა - სირიის მთავრობა სასიცოცხლოდაა დამოკიდებული პუტინსა და რუსეთზე და სწორედ ამიტომ იქცევა ასე", - განმარტავს პოლონელი ევროპარლამენტარი და შეკითხვაზე - "რეზოლუციაში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები. არაფერია ნათქვამი იმ სიაზეც, რომელიც ქართველების მკვლელობებსა და წამებაში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს..." - პასუხობს;

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სიას! მსგავსი ზეწოლა აუცილებელი იყო და განზრახული გვაქვს ამ პოლიტიკის გაგრძელება ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების დონეზე".