წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

"ქართული ოცნება" ისევ აგრძელებს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა-შეზღუდვის კამპანიას. ამჯერად ქვეყნის მეთაურს მოქალაქეობის მინიჭების უფლება ეზღუდება, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანის "პირადი ბრაზის დაკანონებას" უწოდებენ, "ოცნების" დეპუტატები კი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ირწმუნებიან, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოჰყავთ და პრეზიდენტს "უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას" უზღუდავენ. ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამის უკან იუსტიციის მინისტრი დგას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

"გუშინ ხმაურით მიმდინარეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში. კონკრეტულად, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში შედის ცვლილება, რის მიხედვითაც, პრეზიდენტს ეკრძალება, დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტს უნდა მოუმზადოს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ ადამიანს. პლუს, მოქალაქეობის მიღების მსურველი საგამონაკლისო წესით განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს, განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ - დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი, პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიუღებელია და "გრძელდება პოლიტიკა, როცა ამ წლების განმავლობაში თანდათან და მიზანმიმართულად მცირდება ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურს ჰქონდა". მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებებით გამოხატულია უნდობლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ხდება ინსტიტუტის რყევა, პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეკვეცა და ამ ყველაფრის ახალი რედაქციის კონსტიტუციისთვის დაბრალება", - განაგრძობს გამოცემა.

"შემოთავაზებულ ცვლილებაში ჩვენ ვხედავთ, რომ კომისია, რომელიც ინსტრუმენტია დადამხმარე ფუნქცია აქვს, ჰყავსთავმჯდომარე და პრეზიდენტს ერთმევა მისი დანიშვნის უფლება. გთხოვდით, მიმითითოთ,კონსტიტუციის კონკრეტულადრომელი ჩანაწერი ამბობს, რომ თავმჯდომარის დანიშვნის უფლებაუნდა წაერთვას პრეზიდენტს.თუაქ ცვლილებები არ განხორციელდა, გამოდის, რომ ჩვენ კონსტიტუციასთან ჰარმონიზებას კი არ ვაკეთებთ კანონმდებლობისას, პირიქით, გაცილებით უფრო ვცდებით იმას, რასაც კონსტიტუცია გვეუბნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლების ჩამორთმევა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეხედულების გატარებასა და პირადი ბრაზის დაკანონებას ემსახურება. თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა. ის კომისიას ებრძოდა. მისი ბრძოლა იქამდეც კი მივიდა, რომ ეს ადამიანები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა და არ აძლევდა მათ იმ იუსტიციის სახლში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და არა - თავისი კერძო საკუთრება. საბოლოოდ, მინისტრი იძულებული გახდა, კომისია იუსტიციის სახლში შეეშვა. მთელი პრეისტორიაა, თუ როგორი უკმაყოფილო იყო იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ხელში არსებული უფლებამოსილებებით. იუსტიციის მინისტრი ერჩოდა კომისიას, ერჩოდა უფლებამოსილებებს და იყენებს შესაძლებლობას, რომ საკუთარი დამოკიდებულება კანონით გაამტკიცოს", - დასძენს გამოცემა.

"პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანით ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალება ერთმევა. დისკრეცია, როგორც ასეთი, პრეზიდენტის, მისცეს ან არ მისცეს ადამიანს ორმაგი მოქალაქეობა, ან საერთოდ მოხდეს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიცემა, არ შეიძლება იყოს ძალიან ფართო. ერთი რომელიმე ინსტიტუციის ხელში, თუნდაც, პრეზიდენტის ხელში დისკრეციის ფარგლებში ამის მოქცევა, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ამის ბოროტად გამოყენების საშუალება, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ფოფხაძემ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი ძალის მიზანია, პრეზიდენტი აბსოლუტურად უმოქმედო იყოს და იყოს მხოლოდ რაღაც ბუტაფორიული", - წერს სტატიის ავტორი.