რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება"

"ტერორისტთა ახალი ჩანაწერიდან გამომდინარე, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი საქართველოში გეგმავდა ტერაქტებს და აქ ადგილობრივი დამხმარეებიც ჰყავდათ. გამოდის, ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა... ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიზეზი კი ის იყო, რომ გაჩნდა კითხვები, რომელთაც დროულად კი არა, დღემდეც არ გასცემია პასუხები. მეტიც, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დასავლეთში ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას მოყოლილი პოზიტიური გამოხმაურება ჩვენს საზოგადოებამდე მიეტანა. ხომ იცით, უცხოურ აზრს ჩვენში უფრო აფასებენ, როგორც ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება" / "დასავლეთი ითხოვს ჩვენგან "მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას" / გამოძიება, ფაქტობრივად, "ევროპულ საქართველოს" მიჰყავს, ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი".

"გავიხსენოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება - როცა იქ მსგავს სპეცოპერაციას ჩაატარებენ, საზოგადოების დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი და გარკვეულია, ზედმეტი ეჭვისა და ვარაუდის უფლებას თავს არავინ აძლევს, ეს კი უპირველესად იმის შედეგია, რომ საზოგადოებას ინფორმაციას სწორედ ისე აწვდიან, როგორც საჭიროა. ამ პროცესებმაც ცხადყო, რომ საქართველოს ძალიან რთული მისია აკისრია, რომელსაც, როგორც ჩანს, არცთუ ცუდად ასრულებს. აქვე გავიხსენოთ, რაღაც პერიოდიდან როგორ გაქრა ტერორიზმის ჭრილში პანკისის თემა და შეწყდა "ისლამურ სახელმწიფოში" წამსვლელთა ნაკადი. გამოდის, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ვინმეს ყურადღება. მოსახლეობა ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტია, უბრალოდ, სხვაგან ხელისუფლებები ახერხებენ, საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა იმაზე, რასაც მათ საკეთილდღეოდ აკეთებენ. საზოგადოებასთან დიალოგია საჭირო, საფრთხის ისე ახსნა, პანიკა კი არ ატეხო, არამედ შენს მოკავშირედ აქციო. ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"მამუკა ბახტაძის ინიციატივები, ჩემი აზრით, უფრო მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილების სურვილითაა განპირობებული. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ეს მხოლოდ სამინისტროების ერთმანეთთან მექანიკური შეწებება და დაშორება არ უნდა იყოს... გვესმის განცხადებები, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია 120-მილიონიან და უფრო მეტ საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს, თუმცა გაუგებარია, როგორ თუ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ მოხდება. დასავლეთი ჯერ კიდევ წლების წინ სთხოვდა საქართველოს, რომ საბიუჯეტო სახსრები შეემცირებინა. ეს შეიძლება იყოს სამინისტროების შემცირების ერთ-ერთი არგუმენტი, თუმცა ლაპარაკი, რომ ეს მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება, ვფიქრობ, არასერიოზულია. მოვისმინეთ კიდევ ერთი არგუმენტი - ეს კეთდება იმიტომ, რომ მთავრობა იყოს უფრო ოპერატიული. ესეც არ ჩანს დამაჯერებლად. კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებს თუ გადავხედავთ, ორი სამინისტროთი მეტი გექნება თუ ნაკლები, ეს მთავრობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის", - დაასკვნის ექსპერტი.

"მცირე მთავრობის~ იდეა კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავრობა ჯერჯერობით იმას არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია. კერძოდ, როცა ასეთი რამ ხდება, ჯერ ხელისუფლება ქმნის ხელშემწყობ პირობებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან გამოთავისუფლებულმა პირებმა ადვილად იშოვონ სამუშაო. უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს სტაბილურობის ძალიან დიდი გარანტიები აქვთ, ჩვენთან კი მხოლოდ იმას გაიძახიან, არავის შევამცირებთო, რაც დაუჯერებლად ჟღერს. გარდა ამისა, ყველა სამინისტროს თავისი ფუნქციები აქვს. თუ ისინი იგივე დარჩა, მაშინ შემცირება სრულიად გაუგებარი ჩანს. თქვა კიდეც ბახტაძემ, შემცირება უპირველესად ფუნქციების შემცირებას გულისხმობსო, რაშიც მართალია, მაგრამ როგორ აპირებს ამას? ფუნქციები თუ შემცირდა, ის სადღაც ხომ უნდა გადავიდეს, ვერ აორთქლდება, ვიღაცა უნდა მოიძებნოს, თუნდაც კერძო სექტორი, ვინც ამას ითავებს. უცხოეთის მაგალითი ავიღოთ - არაერთ ქვეყანაში ისეთი საკანონმდებლო ბაზაა, რომ კერძო სექტორი ზოგიერთი საფინანსო ვალდებულებებისგან თავისუფლდება, თუ მან კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად, კულტურის, სპორტის და ა.შ., ქველმოქმედება გასწია. კერძო სექტორისთვის მომგებიანი ხდება ეს პირობები და ამ მიმართულებების დაფინანსებას იწყებს. შესაბამისად, რომელიღაც სფერო გადადის კერძო სექტორის მფარველობაში, აღარ აწევს ტვირთად ბიუჯეტს და შესაბამისად, სამინისტროც აუცილებელი აღარ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჯერჯერობით ამგვარი რამ ბახტაძისგან არ მოგვისმენია, ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ "მცირე მთავრობის" ჩამოყალიბება მხოლოდ დაიწყო. სხვათა შორის, ამგვარი ინიციატივა პირველად გამოჩნდა კვირიკაშვილის პრემიერობისას, ამიტომაც მგონია, რომ ამას დასავლეთი ითხოვს. იმედია, ბახტაძე უფრო წარმატებული იქნება, გაითვალისწინებს იმ ხელშემშლელ პირობებს, რის გამოც არ მოხერხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კვირიკაშვილის პრემიერობის დროს... გეთანხმებით, რომ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არა ჰყავს პროფესიონალი კადრები. მით უფრო ასეთი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, როდესაც ამ ახლებური გაერთიანებების მართვა გაცილებით რთული იქნება, რადგან მენეჯმენტი თავიდან იქნება ასაწყობი", - ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "თქვენი აზრით, ამ პროცესში რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს?" - პასუხობს:

"ივანიშვილს აშკარად არ სურს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, ასე რომ მისი ამოცანა ისევ და ისევ ის არის, რომ მიიყვანოს იმ კონდიციამდე გუნდი, რომ მან ივანიშვილის გარეშე შეძლოს მართვა. ამ პროცესებში, ვინ სად დაინიშნოს ან რომელი უწყება რასთან გაერთიანდეს, ვეჭვობ, მისი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. მას, ალბათ ექნება საკუთარი აზრი და იტყვის კიდეც, თუმცა არა მგონია, თუ უკეთესი მოსაზრება მოისმინა, არ დაუჭიროს მხარი. ივანიშვილი მაგონებს იმ ხელოსანს, რომელიც ოცნებობს მანქანის აწყობაზე და არა მართვაზე. "მას მერე, რაც ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, სამთავრობო ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ პარლამენტი ისევ პასიურია. თუ დავაკვირდებით ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც, უმრავლესობის წევრები გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე ოპოზიციონერი დეპუტატები. გამოძიება, ფაქტობრივად, "ევროპულ საქართველოს" მიჰყავს. ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი. არადა, მანქანის აწყობას აუცილებლად სჭირდება მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი უმრავლესობა, რათა მათ დააბალანსონ ერთმანეთი და ივანიშვილის აქტიური ჩარევა საჭირო აღარ იყოს. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილი შეეცდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას. ეს "ქართული ოცნების" არაერთმა წარმომადგენელმა თქვა საჯაროდ. ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება". 

"რაც შეეხება ქართველი მესაზღვრეების სამდღიანი ტყვეობას, მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ამგვარ ფაქტებს ომებიც კი მოსდევს ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ომი დავიწყოთ, საბოლოოდ ყველა იმაზე შევთანხმდებით, რუსეთმა ეს პროვოკაცია სპეციალურად მოგვიწყოო. ძალთა თანაფარდობა იმდენად ასიმეტრიულია, ამგვარ პროვოკაციებს სამხედრო პასუხი თუ გავეცით, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩა, ამ ყველაფერზე მსოფლიო მასშტაბით ყველა ტრიბუნაზე ლაპარაკი და ამ პროვოკაციის დასავლეთისთვის კიდევ ერთ არგუმენტად გადაქცევაა რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ დასავლეთს იმ სტრატეგიის ხორცშესხმაში, რაც დასახული აქვს - ეს არის რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.