"აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას"

"ძალიან მინდა, რომ პრემიერმა ბახტაძემ შეძლოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. ძალიან არ მინდა, რომ მორიგ ჯერზე მორიგი ხისტი სახელისუფლებო ცვლილება მოხდეს 2020-ში თუ მანამდე, რაც ქვეყანას კიდევ ერთხელ დააკარგვინებს განვითარების ტემპს. ძალიან მინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ­ "ქართული ოცნება" იყოს მმართველი კოალიციური უმრავლესობის ერთ-ერთი შესაძლო პარტნიორი და ქვეყანა საბოლოოდ დაადგეს ცივილიზებული სახელმწიფოებრიობის გზას. მაგრამ უნდათ ეს ყველაფერი თავად "ოცნების" ლიდერებს? გააზრებული აქვს ეს ყველაფერი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ასე უყოყმანოდ მოჰკიდა ხელი მმართველი პარტიის, მთავრობისა და ქვეყნის ლიდერობას? ძალიან მინდა, რომ უკვე ასე იყოს და თუ ჯერ ასე არ არის, მალე ასე გახდეს", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არასწორ სისტემაში სწორი ადამიანები ვმრუდდებით. მე მივიღე ჩემი წილი ოპოზიციურ-სახელისუფლებო გაკვეთილები და აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას. აი, სწორ სისტემაში კი გამრუდებულებსაც გვაქვს გასწორების შანსი". 

"მაშინ ყველაფერი დალაგდება და პრემიერიც დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებამდე ყველა ახალი რეფორმა, მათ შორის განათლებასა თუ ეკონომიკაში, მარცხისთვის არის განწირული. დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებას პირველ რიგში სჭირდება კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური წესრიგი. დაინახავს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სჭირდება სასამართლოს სრული და არა შერჩევითი დამოუკიდებლობა. დაინახავს, რომ კანონის უზენაესობას სჭირდება პროკურატურის ბოლომდე და არა ნაწილობრივი გათავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის დოქტრინისგან. დაინახავს, რომ თეთრი ძაფით (ხშირად წითლითაც) ნაკერი საქმეების გამო დღევანდელი პროტესტი ახლოსაც ვერ მოვა იმ კოშმართან, რაც ხელისუფლებას ელის მათი მიფუჩეჩების შემთხვევაში. თუ ამ ყველაფერს ახალი პრემიერი არ ან ვერ დაინახავს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს შემდეგი სვლა აღარ დარჩება...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი. 

"გარკვეული გაგებით, ბახტაძის დანიშვნით ივანიშვილი, კვირიკაშვილის გავლით, ღარიბაშვილს დაუბრუნდა. კვირიკაშვილს ჰქონდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი საჯარო-პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც არ ჰქონდა არც მის წინამორბედს და არც მის შემცვლელს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის ამ განმასხვავებელმა ასპექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივანიშვილის მეორედ მოსვლის მომწიფებაში და იგი ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს მესამედ მოსვლის საჭიროება, რაც, ალბათ, მასაც კი თითქმის შეუძლებლად ეჩვენება. ფაქტია, რომ საგარეო ასპარეზზე ახალ პრემიერს და ახალ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. არა მგონია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ვაშინგტონში ან ბრიუსელში საქართველოსთვის დღეს არავის სცალია. მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი სრულადაა მობილიზებული, რათა ჩვენი პარტნიორები დაამშვიდონ და ქვეყნის კურსის უცვლელობაში დაარწმუნონ. თუმცა ამ ამოცანას დიპკორპუსი ვერ გასწვდება, ეს მთავრობის ქმედებებით მიიღწევა", - განაგრძობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და შეკითხვაზე - "ითქვა, რომ თქვენ და გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მალე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ალიანსში აღმოჩნდეთ", - პასუხობს:

"სამწუხაროდ, მარგველაშვილ-კვირიკაშვილ-უსუფაშვილის ტრიო ლიტერატურულად გაცილებით უკეთ ირითმება, ვიდრე პოლიტიკურად... თითქმის ერთი წელი ჩვენ სამი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მიზეზთა გამო სამჯერაც ვერ მოვახერხეთ საქვეყნო საქმეებზე სერიოზულად მსჯელობა... წვრილმანებს და პერსონალურ ვნებებს შეეწირა უამრავი დრო და უამრავი ადამიანის უნიკალური რესურსი. არასწორ სისტემაში სწორი ადამიანები ვმრუდდებით. მე მივიღე ჩემი წილი ოპოზიციურ-სახელისუფლებო გაკვეთილები და აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას. აი, სწორ სისტემაში კი გამრუდებულებსაც კი გვაქვს გასწორების შანსი. ჩემი გადმოსახედიდან, ამ სწორ სისტემას 30-წლიან სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ გამოცდილებაზე და 30-წლიანთა ლიდერობაზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ჰქვია. თუ ამ საქმეში წვლილის შეტანა იქნება გამაერთიანებელი მიზანი და არა ვინმეთი საერთო იმედგაცრუება, პერსონალური ემოციები თუ პოლიტიკური რევანში, მაშინ ხსენებული ტრიოს ერთად ხილვაც წარმომიდგენია და ერთად შრომაც"

"რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თითქმის გამოვრიცხავ. ეს შეუძლებელი ჩანს პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც. "ოცნებას" ამხელა რისკზე წასვლა დღეს არ შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც აქვს "პოლიტიკური უსაფრთხოების ბალიში" 115-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობის სახით. რაც შეეხება თავად პარტიის მომავალს, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულ გზაზე. თუმცა მისმა შეცდომებმა მისივე არჩევანის თავისუფლება მკვეთრად შეზღუდა. თუ 2013-ში მას შეეძლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე ენავარდა, 2018-ში მას უკვე ვიწრო და სახიფათო მოსახვევებშიც უწევს გავლა", - დასძენს დავით უსუფაშვილი.