საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელიც სამ კვირაში ისევ შეიცვლება და პარლამენტს ახალი შემადგენლობისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ის, რაც მოხდა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არის ფინანსურ ჯგუფებს შორის გარჩევების შედეგი. რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რამდენად არის შესაძლებელი, ეკონომიკური დინებები ასე მკვეთრად გამოიხატებოდეს პოლიტიკაში, ამ თემაზე ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე გვესაუბრება.
ზაალ ანჯაფარიძე: გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პირველი პირები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბიზნესთან და ფინანსურ წრეებთან, ასეთი დაპირისპირების ალბათობა არსებობს, თუმცა ძნელია განსაზღვრო რა დოზით, თუ ჩახედული არ ხარ სახელისუფლებო კულუარებში.
როგორც ანალიტიკოსი, ვუშვებ ასეთ ალბათობას და იმასაც, რომ ამ კუთხით მომხდარიყო ინტერესთა დაჯახება, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურ და ეკონომიკურ გარიგებებში ყველას ჰქონოდა საკუთარი ინტერესი.
თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს არ არის ის მთავარი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა პრემიერის გადადგომამდე - თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა, ყოფილიყო.
ამ ხელისუფლების პირობებში უკვე მეოთხე პრემიერი ჰყავს ქვეყანას, თუმცა პრობლემები და გამოწვევები თითქმის უცვლელი რჩება. სად არის შეცდომები დაშვებული?
- როგორც ჩანს, ყოველმა ახალმა პრემიერმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოწურა საკუთარი რესურსი.
მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე გვქონდა დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა და თვალისმომჭრელი რეიტინგები ბიზნესის კეთების კუთხით, ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც ხორციელდებოდა კვირიკაშვილის და მისი გუნდის მიერ, ვერ აღწევდა მოსახლეობამდე. ის, რასაც კვირიკაშვილი მემარჯვენე პოლიტიკას უწოდებდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური ზარალის მომტანი აღმოჩნდა. დაიწყო ელექტორატის გაუცხოება, რადგან ადამიანები ამ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს საკუთარ კეთისლდღეობაზე ვერ გრძნობნდენ, რაც ბუნებრივია, საზიანო ხდებოდა მმართველი გუნდისთვის. ოპოზიციისთვის კი პირიქით, კარგი კოზირი იყო. ამის გარდა, უკვე ასახვასაც პოულობდა საზოგადოებრივ კვლევებში და UNISEF-ის კვლევაც, როგორც ჩანს, ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილი და გუნდის ის ნაწილი, რომელიც მომხრე იყო მემარცხენე იდეების რეალიზების, ბუნებრივია ამ პროცესს დიდხანს ვერ შეეგუებოდა და ვვარაუდობ, რომ ამ ნიადაგზე გუნდში უთანხმოებაც აღმოცენდა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა იმდენად მემარცხენე იდეებით იყო გაჯერებული, რომ ეკონომისტების კრიტიკაც კი დაიმსახურა. როგორ აღმოჩნდა, რომ თურმე მკვეთრად მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა?
- ფაქტობრივად, კვირიკაშვილის ოთხპუნქტიან გეგმას პარლამენტმა დაუჭირა მხარი. გამოდის, რომ არ წაიკითხეს ან ვერ გააანალიზეს, ისე მისცეს მხარდაჭერა? შემდეგ მმართველობის შუაწელში აღმოაჩინეს, რომ ამ პოლიტიკას ელექტორალური თვალსაზრისით ვერ მოჰქონდა შედეგი, გამოფხიზლდნენ და პრემიერს პასუხის მოთხოვნა დაუწყეს? - დაახლოებით ასეთი სურათი ისახება.
მაგალითად, როდესაც საწვავზე აქციზის გადასახადი გაზარდეს, ეს პროდუქტების გაძვირებას რომ გამოიწვევდა, დიდი ეკონომისტობა არ სჭირდებოდა ამის განსაზღვრას და საინტერესოა რატომ არაფერი თქვეს? ესტონურ მოდელსაც ახლო პერსპექტივაში არ შეეძლო განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტის მოტანა და არც ამისი პროგნოზირება უნდა ყოფილიყო რთული.
ანუ როგორც ჩანს, ვერ მოხდა სათანადო გათვლა იმისა, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც შემოთავაზებული იყო, რა შედეგებას მოიტანდა. როგორც ჩანს, მმართველ გუნდს სწრაფი ეკონომიკური ეფექტი სჭირდებოდა და ალბათ, ესეც იყო შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, გარდა იმ მიზეზებისა, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ.
იმ ეკონომიკურ პოლიტიკასაც და რეფორმებსაც თავის დროზე პარლამენტმა დაუჭირა მხარი, ახლაც, ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა. ვისგან უნდა მივიღოთ გარანტია, რომ პარლამენტს კვლავ რაღაც არ გამორჩა და ბახტაძის მატარებელიც დაანონსებული მიმართულების ნაცვლად სადღაც სხვაგან არ ამოგვაყოფინებს თავს?
- ეს არის პარლამენტის პასუხისმგებლობა - მან უნდა შეისწავლოს დეტალურად სამთავრობო პროგრამა. თუ ვერ ერკვევიან, სპეციალისტებს სთხოვონ დახმარება, კონსულტაციები... გათვალონ მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები, რისკები. პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა ამის იმედს ნაკლებად იძლევა - არ უყვართ ბევრი ფიქრი, განსჯა და საკითხებში ჩაღრმავება.
თავის დროზე, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ დიდხანს არსებობდა მოლოდინი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციურ ძალას ჩამოაყალიბებდა. ახლა კვირიკაშვილის მიმართ არსებობს მსგავსი მოლოდინი. რამდენად არსებობს ის გარემო, რომ ასეთი მოლოდინი გამართლდეს? თანაც როგორც ითქვა, ყოფილი პრემიერი ძლიერ ფინანსურ ჯგუფებს ლობირებდა...
- სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვიყურებ ასეთ სცენარს. იმის მიუხედავად, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური რეანიმირების მცდელობა რამდენჯერმე იყო, წარუმატებლად დასრულდა - თანაც, მას მოსახლეობის მხარდაჭერის გარკვეული დონეც გააჩნდა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ექნება საზოგადოებრივი მხარდაჭერის ის დონე, რომ ახალი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერად წარმოგვიდგეს. თანაც, ფინანსური ჯგუფების მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, საზოგადოების მხარდაჭერას და არ არის წარმატების გარანტი. ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის ლიდერში ჩაიდება ეს ინვესტიცია. არ მგონია, კვირიკაშვილი იყო იმ ტიპის ლიდერი, რომელშიც ფინანსური ჯგუფები მოინდომებდნენ რესურსის დაბანდებას - მთავრობაში ყოფნისასაც ვერ გამოავლინა ლიდერული თვისებები და კითხვის ნიშნის ქვეშაა, შეძლებს თუ არა ამას ოპოზიციაში.