"კახი კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი. კახის უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება. "ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა "ოცნების" სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია, რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი, წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება"
"ცინცაძის თქმით, ზოგადად, სამინისტროების შერწყმა მისასალმებელია, 3-მილიონიან ქვეყანას 14 სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება. მე თუ მკითხავთ, 11-იც არ სჭირდება. პირადად მე დიდი სიამოვნებით მივაყოლებდი შერიგების სამინისტროსაც. ეს სეპარატისტული რეჟიმების მისამართით ცოტა კარგი გზავნილიც იქნებოდა. ჩვენ აქ ვიძახით შერიგებაზე, იმაზე, რომ ძმები ვართ, იქიდან კი ლანძღვა-გინებისა და ცოცხალი ადამიანების გატაცების გარდა არაფერი არ ჩანს. ამიტომ ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა დიპლომატიურად გამართლებულად არ მიმაჩნია. სპორტის სამინისტრო თავიდანვე რუდიმენტი იყო. ასევე, კულტურის სამინისტროს შეერთება სხვა უწყებასთან სწორიც არის, კულტურა აღარ არის საქართველოში და დამოუკიდებელი სამინისტრო რა საჭიროა? კულტურის სამინისტრო ჩვენთან, ტრადიციულად, კომუნისტური რეჟიმიდან გადმოვიდა. ევროპის ქვეყნებში არც ერთი მსახიობი, მწერალი, მხატვარი თუ ვინც გინდა ბიუჯეტიდან ხელფასს არ იღებს, ჩვენთან კი სხვა ტრადიციაა. ჩვენთან კულტურის სამინისტრო ბოლო წლებში მახინჯ ურჩხულად იქცა იმიტომ, რომ, ელემენტარულად, იმპრესარიო დაგვისვეს მინისტრად, რაც საერთოდ წარმოუდგენელია. თუ დევნილების სამინისტროსაც აუქმებენ, სოზარ სუბარს რას უშვრებიან, ნეტა? სუბარი ერთ-ერთი ფავორიტია ივანიშვილისა და არ მგონია ლუკმაპურის გარეშე დატოვონ. პრინციპში, სამინისტროების შემცირება კარგია, თუმცა მთავარია, ბიუროკრატიული აპარატი რამდენი პერსონით შემცირდება. თუ ჩინოვნიკები ახალ უწყებში გადაიყვანეს და ბიუჯეტს შეღავათი არ ექნება, მაშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ალბათ ეს 100-120 მილიონი სახელფასო ფონდის თანხაა და ამ თანხის უკან ხომ ცოცხალი ადამიანები დგანან, რომლებიც უმუშევრები უნდა დარჩნენ? თუმცა ეტყობა, რომ ყოველგვარ გონივრულ ზომას გადააჭარბა გაბერილმა კადრებმა. ამიტომ ეს შემცირება გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გაშვება რთულია. თანაც, ბიუროკრატიაში ძირითადად არასაპენსიო ასაკის ადამიანები არიან დასაქმებულები და მათ პენსიაც არ ექნებათ. თან, ეს პოლიტიკურად სარისკოცაა, რადგან უმუშევრად დარჩენილი და განაწყენებული ადამიანი ვის მისცემს ხმას, საკითხავია, აგერ ცხვირწინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია მომდგარი და ხელისუფლება ელექტორატს დაკარგავს. როგორც წესი, ყველა არჩევნებში ხელისუფლებას ხმას საბიუჯეტო აპარატი და მათი ოჯახის წევრები აძლევდნენ. ამიტომ ეს ცოტა მძიმე გადაწყვვეტილებაა, მაგრამ ეტყობა, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაგრძობს გამოცემა.
"კორესპოდენტის კითხვაზე, უცნაურია თუ არა 3-კვირიანი მთავრობის დაანონსება, ცინცაძის თქმით, ეს ეგზოტიკაა. ამ მინისტრებმა რა განწყობით უნდა იმუშაონ ეს 3 კვირა?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ახალი პრემიერისათვის გუშინ არ გამხდარა ცნობილი, რომ ის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. მან, დიდი ხანია, იცის, რომ ადრე თუ გვიან გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და საკმარისი დრო ჰქონდა, ახლო გარემოცვაში ცვლილების შეტანის გეგმა ჩამოეყალიბებინა. ეტყობა, ფსიქოლოგიურად შემზადებაა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება, პროტესტი არ მოჰყვეს იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება მოითხოვს წულუკიანის გადაყენებას და როგორც ჩანს, წულუკიანი რჩება მინისტრად. ალბათ ეს 3 კვირა ამორტიზაციისთვის არის საჭირო. თანაც, ახალი პრიორიტეტები გაისმა მთავრობის კონცეფციის შეცვლაზე და ამით ცდილობენ, წულუკიანის მიმართ ინტერესი დაიკარგოს. ჩვენ ხომ ასე ვართ, სკანდალიდან სკანდალამდე, მოვლენიდან მოვლენამდე ვცხოვრობთ, ამ 3 კვირაში კი ბევრი რამ მოხდება, შეიცვლება და საზოგადოება ინტერესს დაკარგავს წულუკიანის მიმართაც. ალბათ ესაა“, - დასძენს გამოცემა.
"ეტყობა, კახი იქნება მთავარი პროკურორი. მას უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვტეილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება. ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა "ოცნების" სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია,რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს“, - წერს სტატიის ავტორი.