"მე უნგრეთის პროტესტანტულ ეკლესიას წარმოვადგენ რუმინეთში. ჩვენთან ეკლესია დიდ როლს თამაშობს მორწმუნეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხალხთან ერთად ვიდექით ჰაბსბურგების იმპერიის დროსაც და კომუნისტური ათეიზმის წლებშიც, ხშირად ჩვენი სამწყსოს ერთადერთი მცველები ვიყავით... საქართველოსადმი დიდი სიმპათიით ვარ გამსჭვალული, რადგან ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახერხა, შეენარჩუნებინა საკუთარი როლი და ადგილი საზოგადოებაში. ვიცი და ძალიან მიხარია, რომ ეკლესია საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტად არის მიჩნეული; ასეთი მიდგომაა რუმინეთშიც. ვფიქრობ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკლესიებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი ითამაშონ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას", - აცხადებს ევროპარლამენტარი ეპისკოპოსი ლასლო ტოკეში გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით "სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?"
"აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა ეკლესიის როლით პოლიტიკაში უკიდურესად განსხვავდება სეკულარული დასავლეთ ევროპისაგან. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, მათ - თავიანთი. ჩვენში მორწმუნე ადამიანებისთვის ეკლესია იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ, დაჰპირისპირებოდნენ მჩაგვრელ რეჟიმებს, როგორიც იყო უღმერთო საბჭოთა ოკუპაცია, ნაციონალისტურ-კომუნისტური რეჟიმი რუმინეთში. დასავლეთში კი ბედმა გაუღიმათ და ასეთი პრობლემების წინაშე არ აღმოჩენილან, შესაბამისად, გაჩნდა დისტანცია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. მაშინ, როცა ჩვენ ათეიზმს ვებრძოდით, მათ სეკულარიზმი მიიღეს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან არაფრითაა ათეიზმზე უკეთესი - მათ ნებაყოფლობით მიატოვეს ღმერთი, ჩვენ კი ამას გვაიძულებდნენ, მაგრამ არ დავნებდით და დიქტატორულ რეჟიმებს წინააღმდეგობა გავუწიეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლასლო ტეკეში და შეკითხვაზე - "ვფიქრობ, ბევრი გაგაკრიტიკებთ ვინც თვლის, რომ ევროკავშირი არა რწმენის, არამედ ღირებულებების ერთობლიობაა და რომ უნდა გვაერთიანებდეს არა ქრისტიანობა ან რომელიმე სხვა რელიგია, არამედ საერთო ღირებულებები...", - პასუხობს:
"ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ხელოვნურია. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ევროპული ღირებულებები სწორედ ქრისტიანული რწმენიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრეცედენტები გვაქვს იუდაიზმშიც და სხვა რელიგიებშიც. ჩვენი ფესვები ქრისტიანულ რწმენაშია და არ მეჩვენება უცნაურად, ევროპელი ადამიანი ქრისტიანულად იქცეოდეს და აზროვნებდეს. მე ვიცი, რომ თქვენი ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სურს კი ამ ქვეყანას გახდეს ევროკავშირის წევრი და მოკავშირე, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება? ვფიქრობ, ცხადია, რომ საქართველოში ეს კარგად აქვთ გააზრებული. ის, რომ თქვენ თავს ევროპელებად მიიჩნევთ, უპირველესად სწორედ ქრისტიანული იდენტობიდან მოდის. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც ათი წლის წინ ევროკავშირის წევრები გავხდით".
"ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი რუმინეთის ეკლესიის მიმართ, რომელსაც, ფაქტობრივად, რუსეთის ეკლესია მართავს. ახლო წარსულში ისინი დიქტატორ ჩაუშესკუს მხარდამჭერ ძალად გვევლინებოდნენ. მე ვიცი, რომ თქვენს ეკლესიასაც ავიწროებდნენ, ზღუდავდნენ სამღვდელოების უფლებამოსილებასა და საქმიანობას. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ ეყოთ მხნეობა, საკუთარ ხალხს გვერდით დასდგომოდნენ, შეძლეს ხალხში რწმენის შენარჩუნება და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომუნიზმი დაემხო", - დასძენს ლასლო ტეკეში.