სამთავროპო ცვლილებები განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მცირედ ზრდისა და დადებითი საერთაშორისო შეფასებებისა, ქვეყანაში ვერა და ვერ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ისევ მაღალია სიღარიბის დონე და ა.შ. გარდა ამისა, აშკარაა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებებიც არსებობდა და გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, მქონდა განცდა, რომ კვირიკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ყველაფერს, რომ მისი ავტორიტეტი შეელახა. ის, რომ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა მთავარი - სამთავრობო ვერტიკალის შექმნა, რომელიც კონსოლიდირებულად მიუდგებოდა ქვეყნის პრობლემებს, იყო მისი სისუსტე", აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დაუსჯელობის სინდრომი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა" / "რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, ეს არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება..." / "აუცილებელია, რომ ქვეყანაში გაქრეს უსამართლობის განცდა, არ შეიძლება, ადამიანები სამართალს ისევ ქუჩაში ეძებდნენ. ეს უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერი, და მათ შორის, ეს სამთავრობო ცვლილებებიც, ამაო იქნება".
"როგორც ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი. უშუალოდ კვირიკაშვილის კორუფციაში მონაწილეობის არ მჯერა, თუმცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი და პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე - კარგზეც და ცუდზეც. ის წესიერი ადამიანია, დღემდე ცხოვრობს საშუალო-სტატისტიკური თბილისელის პირობებში, ისევე როგორც მისი ოჯახი. მისდამი ნამდვილად კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ. მისი შეცდომა იყო ის, რომ მცდარი საკადრო ნაბიჯები გადადგა, დაეყრდნო იმ ადამიანებს, რომელთაც არ უნდა დაჰყრდნობოდა. მარტო ზურაბ ალავიძის გახსენება კმარა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს მასშტაბური კორუფციული სკანდალის შემდეგ გამოემშვიდობა. ვიცი, რომ ამ კორუფციული პრობლემების შესახებ ძალიან ბევრი ილაპარაკეს უმრავლესობის იმ სხდომაზე, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხი დადგა. ილაპარაკა ივანიშვილმაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ჩემთვის მთავრობის მუშაობის მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო ის, რომ ბოლო დროს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას, ანუ არ მუშავდებოდა სახელმწიფო პოლიტიკა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. არ შეიძლება ყველაფრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაბარება. იმიტომ კი არა, რომ ეს სამსახური საქმეს ვერ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ფორმატია სხვა. ეს სამსახური პოლიტიკას ვერ შექმნის, პოლიტიკას ქმნის მთავრობა. პრობლემებთან გამკლავება კონსოლიდირებული მიდგომის გარეშე არ გამოვა. ამას ვამბობ მომავალი პრემიერისა და განახლებული მთავრობის მისამართითაც. გარდა ამისა, კვირიკაშვილის მთავრობაში იმ ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი იყო, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში ამინდს ქმნიან. ამას ემატებოდა ისიც, რომ მთავრობის ურთიერთობა ქვეყნის მთავარ სუბიექტთან - ხალხთან მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ექსტრემალურ ვითარებაში კვირიკაშვილიც და მისი გუნდის წევრებიც ახერხებდნენ ხალხთან ურთიერთობას, მაგრამ სხვა დროს ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ, რაც შეცდომა იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მოკლედ, ყველა ამ კომპონენტმა განაპირობა ის, რაც მოხდა. კიდევ ერთი საკითხი შეეხება თვითონ "ქართულ ოცნებას" და პარტიულ მუშაობას, რაც, ფაქტობრივად, ჩაშლილია. კვირიკაშვილმა დაუშვა ერთი სერიოზული შეცდომა: მან თვითმმართველობის საკითხები სრულად გადააბარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც დაუშვებელი იყო. შიდარეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა გახლავთ პრემიერისა და მისი კანცელარიის უშუალო პრეროგატივა... ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა დაატრიალა, ვნახეთ, ამის შედეგი - რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება... მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის საქციელი, როდესაც ის მოქალაქეს სხვებთან ერთად, ორგანიზებულად, არაადამიანურად გაუსწორდა, რეგიონებში არსებული ვითარების სიმბოლოა", - თვლის ექსპერტი.
"ქართულ ოცნებაში" გარკვეულ ჯგუფებს შორის ურთიერთობა კარგა ხანია გასცდა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს. ძალიან მეეჭვება, ამის ავტორი კვირიკაშვილი ყოფილიყო, თუმცა მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მთავრობის სტრუქტურა მოიშალა, თამაშის ის წესები მოიშალა, რომლებიც როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ურთიერთობებს ალაგებდა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დაეტყო ქვეყნის მშენებლობის საქმეს. უამრავი პროექტი ვიცი, რომლებიც ამ მიზეზის გამო არ განხორციელდა. უამრავი ინვესტორი გაბრუნდა ქვეყნიდან სწორედ ამ არაჯანსაღი შიდაკონკურენციის გამო. იმის გამო, რომ ამ სასიკეთო პროექტების განხორციელება რომელიმე ჯგუფის ან ადამიანის წარმატებად არ ჩათვლილიყო, საერთოდ დაბლოკეს. შეიძლება უფრო მძიმედაც იდგა საკითხი, მაგალითად, ზოგიერთი ამა თუ იმ პროექტიდან პირად შემოსავალს ვერ ხედავდა და ამიტომაც მიზანმიმართულად შეუშალა ხელი მის განხორციელებას. როგორც ვიცი, უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს და იძიებს, სად წავიდა ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა. იმედია, ყველაფერს მოეფინება ნათელი, მით უფრო, მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მისი და მომავალი მთავრობის საქმიანობაში დიდი ყურადღება მიექცევა ანტიკორუფციულ შემადგენელს", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი, რომ მან 2012 წელს, როდესაც "ქართული ოცნება" სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, "ნაციონალურ მოძრაობას~ 20 000 ლარი შესწირა, თუმცა რთული სათქმელია, `ნაციონალურ მოძრაობასთან~ მას მართლაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა თუ სხვების მსგავსად, აიძულეს, თანხა შეეწირა. მას, ალბათ, მოუწევს ამ საკითხის განმარტება. დღეს ქვეყანაში იმდენი დაუსჯელი ადამიანი დასეირნობს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ბახტაძეზე ამ კონტექსტში ლაპარაკი ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, თუმცა ნამდვილად უსიამოვნო ეპიზოდებია... რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან შს მინისტრის თანამდებობაზე ძალიან მოკლე დროში კარგი სახელი მოიპოვა. ფაქტია, ის ამ სამინისტროს სპეციფიკაში ვერ ერკვეოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად აუღო ალღო ვითარებას და რამდენიმე სწორი ნაბიჯიც გადადგა. მთელმა საზოგადოებამ დაინახა და დადებითად შეაფასა მისი საქციელი 12-13 მაისის აქციაზე. იქ გახარია არ იყო მხოლოდ შს მინისტრი, ის იქ გამოჩნდა, როგორც პოლიტიკოსი. სხვათა შორის, სამთავრობო გუნდის ზოგიერთი წევრი გახარიას ძლიერ ფიგურად წარმოჩენამაც გააღიზიანა", - განმარტავს რესპონდენტი.
"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, შესაბამისად, როგორც ჩანს, პარტიის ხელმძღვანელობამ მისი შს მინისტრად დატოვება გადაწყვიტა. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება მისი შემდგომი საქმიანობა და შეძლებს თუ არა მართლაც ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, შესაძლოა, ეს ყველასთვის შესამჩნევი არ იყო, მაგრამ რკინიგზის ხელმძღვანელობის დროს ბახტაძეს ხშირად იყენებდნენ, ასე ვთქვათ, დელიკატური საკითხების მოგვარებისას. ვგულისხმობ მის აქტივობას რეგიონულ სივრცეში - ურთიერთობებს თურქმენეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და ა.შ.... ერთი მხრივ, ის ასრულებდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებას, მეორე მხრივ კი - იღებდა პოლიტიკურ გამოცდილებას. შეიძლება ამას ეკონომიკური დიპლომატიის სკოლაც ვუწოდოთ, რაც, ვფიქრობ, პრემიერობისას ძალიან გამოადგება. მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხანმოკლე ყოფნისასაც ძალიან საინტერესო წინადადებებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ბახტაძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ბანკების თავგასულობის წინააღმდეგ გალაშქრება. მან პარლამენტიდან გამოიტანა კანონი, რომელიც ბანკებისთვის მოგების გადასახადის მოხსნას ითვალისწინებდა და ა.შ. თუმცა მისი პოლიტიკური გამოცდილების დეფიციტი მაინც სუსტი მხარეა..." - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - "პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება და რომ ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია..." - პასუხობს:
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა არსებითი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბახტაძეს. მან ახლა რომ დაიწყოს მასშტაბური საკადრო ცვლილებების გატარება, ჩავთვლი, რომ სხვისი კარნახით მოქმედებს. ასაკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, ყველა მიმართულებით ისე იყოს გათვითცნობიერებული, რომ შესაფერისი კანდიდატურები უცებ იპოვოს. ვფიქრობ, მინისტრების შეცვლის დრო ჯერ არ დგას. მისი მთავარი ამოცანაა, მთავრობის კონსოლიდირებული მუშაობის სისტემა შექმნას".
"უპირველესი და უმთავრესია, სამთავრობო მანქანამ დაიწყოს გამართულად მუშაობა, მეორეა საკადრო საკითხების მოგვარება, რაც მინისტრებზე მეტად უნდა შეეხოს შუა დონის ბიუროკრატიასა და რეგიონულ მმართველობას... აუცილებელია, რომ ქვეყანაში გაქრეს უსამართლობის განცდა, არ შეიძლება, ადამიანები სამართალს ისევ ქუჩაში ეძებდნენ. ეს უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერი და, მათ შორის, ეს სამთავრობო ცვლილებებიც, ამაო იქნება. სამართლიანობის განცდა დეკლარირებული დემოკრატიის ნაწილია. ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ქმნის სახელმწიფოს, რომელიც მის მიმართ სამართლიანია. თუ ეს არ მოხდა, თუ კვლავაც იქნება დაუსჯელობის სინდრომი, პროცესის მართვა კვლავ გააგრძელეს ე.წ. რუხმა კარდინალებმა და სამართალი ისე ჭრეს და კერეს, როგორც მოინდომებენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისედაც მყიფე პერსპექტივა გაქრება და თავზე დაგვემხობა. თუ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა, "ქართულ ოცნებას" ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა, ბახტაძის პირველივე გამოსვლაში განათლების მნიშვნელობა რომ გამოიკვეთა. დიახ, განათლების გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ამასაც სიღრმისეული მიდგომა სჭირდება", - დაასკვნის მამუკა არეშიძე.