ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "პარადოქსია, რომ "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" ყოფილი იდეოლოგები "ასამართლებენ..."

"ჩემი აზრით, პოლიტიკოსების ისევ უკანა პლანზე გადასვლა განაპირობა ხალხის სიმცირემ, ხალხი რომ ყოფილიყო ბევრი და მათ მოეხერხებინათ საპროტესტო მუხტის გამძაფრება, დარწმუნებული ვარ, პარტიული ლიდერები არავის დაუთმობდნენ ტრიბუნებს. რადგან ცოტა ხალხი შეიკრიბა, არ მოისურვეს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაენახა, რომ ვერ შეძლეს კრიტიკული საპროტესტო მასის გამოყვანა. სიმართლე გითხრათ, რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ ამას მოახერხებდნენ, სრულიად გაუგებარია. ამიტომაც ვერ იღებენ შედეგებს, რომ ამ ილუზიებით ცხოვრობენ", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პარადოქსია, რომ "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" ყოფილი იდეოლოგები "ასამართლებენ..." / "ისევ ზაზა სარალიძის გონიერების იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილის ტრაგედიას არავის გამოაყენებინებს და საზოგადოებასთან პირნათელი დარჩება..." / "სწორედ იმ შეცდომებმა, რაც ამ 6 წლის განმავლობაში დაუშვეს, ერთად მოიყარა თავი ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეში".

"ყველაზე მეტად არ მინდა, რომ ზაზა სარალიძე იქცეს ბრმა იარაღად იმ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც ყველაფერზე წავლენ საკუთარი ამბიციებისთვის: არ მოერიდებიან არც დესტაბილიზაციას, არც სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, არც პანკისის თემით მანიპულირებას. წარმოუდგენელია იმ ტკივილის და შეურაცხყოფის ატანა, რასაც ზაზა სარალიძე განიცდის, მაგრამ მასთან დამნაშავეა ხელისუფლება და არა მთელი ერი და ქვეყანა, ის პროვოკაცია კი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მისი და მაჩალიკაშვილის კარვების გადატანას რუსთაველის სავალ ნაწილზე, შეიძლება ფართომასშტაბიან სამოქალაქო დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. ხელისუფლებას რა უჭირს: უამრავი ადამიანი ამ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლებაშიც იყო მოკალათებული და მომავალ ხელისუფლებაშიც მონახავს გასაქანს. ნებისმიერი დესტაბილიზაცია ისევ რიგითი ადამიანების, მთლიანად საზოგადოების და ქვეყნის ზურგზე გადავა. ისევ ზაზა სარალიძის გონიერების იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილის ტრაგედიას არავის გამოაყენებინებს და საზოგადოებასთან პირნათელი დარჩება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"ჩემი აზრით, ამ აქციამ მიიღო ზაზა სარალიძისთვის ყველაზე დამაზიანებელი განვითარება, იმიტომ, რომ აქცია, რომელიც ასოცირდება "ნაცმოძრაობასთან", ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ რეალური შედეგი მოიტანოს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - თუ ახლა იქირქილებენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს, გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს არ დასჯიან, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ... თუ საზოგადოება არ დარწმუნდა, რომ სიმართლე დადგინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯა, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. შეიძლება პროცესი განსაზღვრულ ეტაპზე დროებით შეჩერდეს, მაგრამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ გაქრება და, ადრე თუ გვიან, ისევ აფეთქდება. სამართლიანი გამოძიება არის ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა - შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ხვალ-ზეგ რევოლუცია მოხდება და ამ ხელისუფლებას ვინმე გადააგდებს, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე თუ არ მივიდა, ნამდვილად გახდება ამ ხელისუფლების ცუდი დასასრულის დასაწყისი. სხვა თუ არაფერი, ეს უსამართლობის განცდა ჭრის იმ მთავარ ღერძს, რომელზეც "ქართული ოცნება" მოვიდა - ეს არის სიცოცხლის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსების აღდგენა. ეს იყო "ქართული ოცნების" რაობა და როდესაც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დანაშაულია, როდესაც ის სამართალდამცავი სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის სახე იყო, ამ ხელისუფლების სახედაც იქცა", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"რამ განაპირობა ამ პრობლემების წარმოქმნა? - სწორედ იმან, რომ "ქართულმა ოცნებამ" მემკვიდრეობით მიღებულ დანაშაულებრივ სისტემაზე უარი არ თუ ვერ თქვა და მისი საკუთარ სამსახურში ჩაყენება სცადა. აი, სწორედ იმ შეცდომებმა, რაც ამ 6 წლის განმავლობაში დაუშვეს, ერთად მოიყარა თავი ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეში. მოკლედ, ნახევარზომები საკმარისი არ იქნება... იმის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვიდრებული უსამართლობის განცდის ამოძირკვაზე ეზრუნათ, დღეს ყოფილი "ნაციონალები" ასამართლებენ "ოცნებას" უსამართლობისთვის! არადა, სწორედ ეს მორალური უპირატესობა განასხვავებდა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობისგან", რის გამოც ამომრჩეველმა აირჩია. თუ ეს მორალური სხვაობა წაიშალა, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, მაშ, რა უპირატესობა აქვს "ოცნებას" წინამორბედთან? უპირველესად გაშიშვლდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების არჩეული ძალაუფლების შენარჩუნების გზა. მაინც რაში მდგომარეობს ეს გზა? - ეს არის "ნაციონალური" გამოცდილების­ შესისხლხორცება, რასაც დაამატეს თანამედროვე ტექნოლოგიები", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ეს როგორ ჩანს კონკრეტულ ქმედებებში? - ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ლიდერების მარგინალიზაცია სოციალური ქსელებისა და სპეციალურად მართული საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის სურვილს უკარგავს ადამიანებს, მათ შორის ახალ თაობას. ეს "ქართულ ოცნებას" სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ერთადერთი უალტერნატივო ძალა პოლიტიკურ სივრცეში, მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" ფონზე და არ დაუშვას ახალი ლიდერების გამოჩენა, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებათ და შესაბამისად, ხალხის მობილიზება შეეძლებათ. მეორე, რითაც "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, არის თავად "ქართულ ოცნებაში" "დაყავი, გაამარგინალე და იბატონეს" პრინციპი, რათა არც პარტიაში გამოჩნდნენ პერსპექტიული ლიდერები, რაც "ოცნებისვე" ერთფეროვან მასად გადაქცევას უწყობს ხელს. ასევე გამოაჩინა, როგორ ჰყავთ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, საჩვენებელი დასავლური "ფლიგელი" იმ ახალგაზრდების სახით, რომელთაც დასავლური განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვთ", - განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე. 

"პარალელურად თვალს უხუჭავენ ან ახალისებენ მართულ ჯგუფებს, ე.წ. ნაციონალისტებს, "ფაშისტებს" და ა.შ. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობა ნებისმიერი მიმართულებით გააკონტროლონ, თანაც ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ზონდერჯგუფებადაც გამოდგებიან. შემდეგი ხერხია "მგელი მოდის" ტაქტიკა, ანუ იმის ძახილი, მოდიან "ნაციონალებიო", რასაც "ნაციონალური მოძრაობაც" უწყობს ხელს. ამ ტაქტიკის შედეგად ქართული პოლიტიკური სპექტრი კვლავ და კვლავ რჩება ორპოლუსიანი, ოღონდ ადრე იყო თეთრი და შავი, ანუ "ოცნება" და "ნაციონალები", ახლა არის რუხი და შავი და ისევ "ოცნება" და "ნაციონალები", შუაში კი, ფაქტობრივად, არავინ ჩანს. ხელისუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია, გყავდეს პარლამენტში პარტნიორებად "ევროპული საქართველო" და "პატრიოტები", რომელთაც რეიტინგის ზრდის რესურსი, ფაქტობრივად, არა აქვთ. დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მართული პროკურატურა და სასამართლო, ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ქმნიდნენ სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის ფასადს და ახლა "ქართული ოცნების" სახეს ქმნიან. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ გამოიყენებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კადრებსა და სისტემას, მაგრამ ისე გადაეხლართნენ ერთმანეთს, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, გაუგებარია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა შეკრა დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელწერა", - დაასკვნის რესპონდენტი.

"მეტიც, "ნაციონალების" სისტემა ტექნოლოგიურად უფრო გამრავალფეროვნდა და ამას "ფეისბუკომებიც" დაერთო. ეს არის აბსოლუტურად მორალს მოკლებული კამპანიები ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ თვითონ მათ მიუბრუნდება ძალიან ცუდად. ჯერ არ არსებობს მეთოდი, რომელიც ამოშანთავს ახალი ლიდერების გამოჩენას საზოგადოებაში. ყველა იარაღის წინააღმდეგ, ადრე თუ გვიან, კონტრიარაღი იქმნება. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მოკლული მოზარდის საწინააღმდეგო წარმოუდგენლად ამორალურ საინფორმაციო კამპანიაზე. ეს იმდენად მძიმე რამეა, რომ არ მინდა ხელისუფლებისკენ გავიშვირო ხელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ამას არ აღკვეთს, ეს სწორედ მას წარმოაჩენს ძალიან ცუდ ჭრილში. და არავინ მითხრას, რომ აქ სიტყვის თავისუფლებასთან გვქონდა საქმე. ამაზე მეტი დაღი რა უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, როდესაც საზოგადოება იწყებს ფიქრს, რომ ის დაღუპულ 16 წლის ბიჭს ებრძვის, მისი ეშინია... ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღკვეთოს ამორალური კამპანიები. მთელი ეს პროცესი სწორედ ხელისუფლებას ანადგურებს მორალურად, ხელისუფლებას, რომელმაც თუ თვითონ არ აწარმოა ეს კამპანია, სხვას მისცა ამის საშუალება. რის ხარჯზე ინარჩუნებს "ქართული ოცნება" ძალაუფლებას? - საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინია `ნაციონალების~ ხელისუფლებაში დაბრუნების, მათი რევანშისა და შურისძიების", - ამბობს ექსპერტი. 

"უამრავი ჩემი ნაცნობი იმის შიშით ადევნებდა ამ პროცესებს თვალს, რომ "ნაციონალების" დაბრუნება რეალობად არ ქცეულიყო, რასაც ამძაფრებს თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების ნაწილი, რომელიც საკუთარი გვარებითა და სახელებით საკუთარი "ფეისბუკგვერდებიდან" და ტელეეთერიდან პირდაპირ იმუქრება ანგარიშსწორებით, ფიზიკური განადგურებით ემუქრება იმ ხალხს, ვინც მათი ამომრჩეველი არ არის - ჩვენ მოვალთ და ფიზიკურად დაგამთავრებთო! "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეყო იმის გონიერება და წინდახედულობა, რომ თავაშვებული მომხრეები გააჩეროს, მაგრამ ეს "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემაა, "ქართული ოცნების" პრობლემა კი ის არის, რომ თანდათან იშლება ზღვარი "ნაციონალებისგან" მომავალ საფრთხეებსა და "ქართული ოცნებისგან" მომავალ საფრთხეებს შორის. რატომ ვამბობ ამას? როდესაც არ იძიებ დაჩეხილი მოზარდების მკვლელობას, მეტიც, შენი ხელისუფლების პირობებში მოკლულ ბავშვებს ებრძვიან, ეს არანაკლებ ამძაფრებს დაუცველობის განცდას. თუ არ დაისაჯა ყველა დამნაშავე, კიდევ უფრო გაძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს იქნება მავანთათვის მწვანე შუქის ანთება აგრესიული და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის", - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - "თუ შსს-მ მართლაც დაადგინა, რომ საქმე გაყალბდა, გამოდის, გამომძიებლების, პროკურატურის თანამშრომლების, ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების, მოკლედ, ფართო წრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს..." - პასუხობს:

"თუ "ქართულ ოცნებას" გადარჩენა უნდა, ის რადიკალურ განახლებას უნდა შეუდგეს. ყველა გზა და რესურსი ისევ ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის, მან უნდა აღიაროს ცვლილებების აუცილებლობა და თავისი ახალი მისია, როგორც პოლიტიკაში ახალი თაობის შემომყვანისა. ეს არის ობიექტური აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ თაობასთან თანამშრომლობა ადვილი არ იქნება... ამ მთავრობაშიც არიან ფიგურები, რომელთა დარჩენაც ღირებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია რადიკალური საკადრო ცვლილებები და მიდგომების შეცვლა. პირველი რიგის ამოცანაა მთავარ პროკურორად ისეთი პირის შერჩევა, ვისაც შერჩენილი აქვს საყოველთაო ნდობა, რეიტინგი და ამასთანავე, კვალიფიციური იურისტია".