"რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოებს შორის უკვე დაიწყო დიდი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის ეკლესიისაგან გამოყოფისა და ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. ილია II-სთან მოსალაპარაკებლად პირველი მოსკოვის პატრიარქის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა, ივნისის შუა რიცხვებში კი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელსაც ელოდებიან. ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს. უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრძოლა საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად / თეოლოგები შიშობენ, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო "აფხაზეთის ეკლესიას" აღიარებს.
"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული საკითხი. ამიტომ, ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება მოზომილი და ისეთი, როგორზეც ეკლესიები შეთანხმდებიან. რთული საკითხია ძალიან, უკრაინა რა მოთხოვნასაც აყენებს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება", - აცხადებს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი. მისი თქმით, ეკლესიის წესების მიხედვით, ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქო ანიჭებს ავტოკეფალიას, მაგრამ აუცილებლად სჭირდება დედაეკლესიის თანხმობა. "ამ შემთხვევაში კი რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ის არის დედაეკლესია. რა და როგორ არის, ეს რთული თემაა და არ მინდა, ნიუანსებში შევიდე", - დასძენს მიქაელ ბოტკოველი. თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი პროგნოზირებს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. უცნობია მხოლოდ ის, თუ როდის მოხდება ეს და თუკი ამას საქართველოს ეკლესია მხარს არ უჭერს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აფხაზეთის საკითხს გაააქტიურებს. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად", - აღნიშნავს გამოცემა.
"სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა. უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა", - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში. უკრაინის რადამ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით აპრილში მიმართა. პლუს, ამავე საკითხზე თურქეთში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში ჩასული იყო პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. უკრაინა აცხადებს, რომ მათ ავტოკეფალიის მოთხოვნის საფუძველი აქვთ, რადგან მე-17 საუკუნემდე კიევის მიტროპოლია არსებობდა და კონსტანტინეპოლს ემორჩილებოდა, რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც რუსეთმა შეიერთა უკრაინა. უკრაინის ამ აქტიურობას მოსკოვის საპატრიარქო გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ "პატრიარქ ბართლომეს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას", - განაგრძობს გამოცემა.
"დღეს რუსეთის ეკლესია ტერიტორიულად და მრევლის რაოდენობით ყველაზე დიდია და ამბიცია აქვს, რომ ამ სიდიდის გამო ის უნდა იყოს თანასწორთა შორის პირველი, რის გამოც ფარული დაპირისპირება აქვს მსოფლიო პატრიარქთან. უკრაინის 40-მილიონიანი მრევლის ჩამოკლება კი მის "სიდიადეს" დიდ ჩრდილს მიაყენებს. ამიტომაც მოსკოვი სასტიკი წინააღმდეგია, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვოს. რამდენიმე კვირის წინ ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას უახლოეს ხანებში აპირებს. დასახელდა სავარაუდო თარიღიც - 24 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, 2016 წლის კრეტის კრებაზე რუსეთის არწასვლის შემდეგ მთელი ეს პროცესი მოსალოდნელიც იყო - "კრებაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ის მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭება. კონსტანტინეპოლის მიერ შემოთავაზებული მოდელი ითვალისწინებდა, ეს ერთპიროვნულად კონსტანტინეპოლს განეხორციელებინა. ამის წინააღმდეგი წავიდა რუსეთი და ამის წინააღმდეგ ხმა მისცა ასევე საქართველომაც რუსეთის თხოვნით. საბოლოოდ, კრებაზე არ წავიდა რუსეთი, ასევე მისი მოკავშირეები: ბულგარეთის, საქართველოსა და ანტიოქიის, ანუ სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიები", - განმარტავს გამრეკელაშვილი, რომლის თქმით, "ახლა დადგა დრო, რუსეთმა ზღოს ეს დამოკიდებულება", - დასძენს გამოცემა.
"პარალელურად, რუსეთის ეკლესიისაგან გამოყოფილი ფრთა უკრაინაში, რომელიც თავის თავს უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას ეძახის, საკმაოდ აქტიურობს და მას პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს. პლუს, უკრაინამ დაიწყო ინტელექტუალური რესურსების მობილიზებაც, მათ შორის არიან: პაველ გავრელიუკი, ამერიკაში მოღვაწე ძალიან ცნობილი თეოლოგი და ასევე უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს ყოფილი მაღალჩინოსანი კირილ ხოვორუნი. სწორედ კირილ ხოვორუნის ინტერვიუს მოჰყვა ეს დიდი ჩოჩქოლიც. მან განაცხადა, რომ უკვე ნახა გამზადებული ტექსტი უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადებისა, რომ ტექსტი არის უზადო და უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადებას წინ ვერაფერი დაუდგება. გამოცხადება როდის მოხდება, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, მსოფლიო საპატრიარქო ამ საკითხში უკან დახევას არ აპირებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან გამრეკელაშვილი.
"მისი თქმით, თუკი კონსტანტინეპოლის საპატრიარქო გარისკავს და ავტოკეფალიას მიანიჭებს უკრაინის ეკლესიას, შესაძლოა, ამას დიდი სქიზმის შემდეგ ყველაზე დიდი გახლეჩა მოჰყვეს და რუსეთმა მსოფლიო საპატრიარქოს აუჯანყოს საქართველოს, ბულგარეთის, ანტიოქიის ეკლესიები. გამრეკელაშვილი ამბობს, რომ მთელ ამ პროცესში "საქართველოს ეკლესია არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ის ქცეულია რუსეთის დანამატად და განყოფილებად", - წერს სტატიის ავტორი.
"ჯერ კიდევ კრეტის კრების დროს გამოჩნდა ეს, ახალი მესაყდრის დანიშვნის შემდეგ კი ბოლო ჯანსაღი იმპულსებიც ჩაკვდა. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთში მოქმედი მართლმადიდებელი ეპარქია იბრძვის კონსტანტინეპოლის მიერ აღიარებისთვის და არ უნდა დაგვავიწყდეს დოროთეი დბარის მიერ გაგზავნილი წერილიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში კრების წინ. აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი და საქართველოს ეკლესიის კრეტაზე არწასვლა კოსტანტინეპოლის ეკლესიის ვებ-საიტზე ერთ გვერდზე იყო განთავსებული. ეს იმას მიანიშნებს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ამ კანონზომიერებებს ფრთხილად აკვირდება და თუ უკრაინის ავტოკეფალიას გამოაცხადებენ და საქართველოს ეკლესია ამას მხარს არ დაუჭერს, უნდა ველოდოთ, რომ ბერკეტად გამოყენებული იქნება აფხაზეთის ეკლესიის საკითხი. კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ შეიძლება თქვას, რომ ამას აკეთებს კეთილი ეგიდით, რომ აი, რუსეთის საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოს არ აძლევს საშუალებას და ამიტომ ამ ეპარქიას დროებით ავიყვან ჩემს ბალანსზე", - დასძენს მირიან გამრეკელაშვილი.