თბილისში აგორებული მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, პრობლემად და საფრთხედ იქცა მთელი მისი თითქმის 6-წლიანი მმართველობის განმავლობაში. თავს ნუ მოიტყუებენ რუსთაველზე (მიხეილ სააკაშვილის განსაზღვრებით „იმ დაწყევლილ ადგილას“) მიტინგის ამჟამინდელი მცირერიცხოვნობით. მთავარი რაოდენობა კი არ არის, არამედ ის, რომ პირველად 6 წლის მანძილზე, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებს, თანაც არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, გაუჩნდა ლეგიტიმური არგუმენტი ანუ „სათქმელი“ მთავრობის დასამუნათებლად, - მისი გადადგომის მოთხოვნამდეც კი: მოზარდთა მკვლელების დაფარვა მაღალჩინოსნების მიერ!
ეს ისეთივე ლეგიტიმური „სათქმელია“, როგორიც იყო თავის დროზე „გირგვლიანი“!
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ „ის სხვა იყო, მსგავსებას ვერ ვხედავო..........“ სისტემური მსგავსება ისაა, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს გამწარებულ მშობელთან და ბრალდებასთან დამნაშავეთა დასაფარად „სახელისუფლებო ბერკეტის“ გამოყენების შესახებ.
ამ ორ ტრაგიკულ ისტორიას შორის განსხვავება (თანაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება) ისაა, რომ 2006 წელს, როდესაც „გირგვლიანის“ საქმე აგორდა, მაშინდელი ოპოზიცია(ც) მოითხოვდა ვანო მერაბიშვილის გადადგომას, მაგრამ იმდროინდელი ხელისუფლების მთავარმა „სფოუქსფერსონმა“ მაია ნადირაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს „სახელმწიფოს ხერხემალი“ უწოდა და ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.
შესაძლოა, თავად ქალბატონ ნადირაძეს მართლა ეგონა, თითქოს პრეზიდენტი ამის გამო არ ელეოდა მერაბიშვილს, რაც რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა. სინამდვილეში მიშა ვანოს შემცვლელს იოლად მოძებნიდა, მაგრამ სააკაშვილი საკმარისად ჭკვიანია და ხვდებოდა: მერაბიშვილის გადაყენებას „ხალხი“ აუცილებლად აღიქვამდა, როგორც სისუსტის გამოვლინებას, მარცხს და „ჩმორობას!“.
ზუსტად იმავე მიზეზით, (რათა „დაჩმორებულად“ და „შეშინებულად“ არ გამოჩენილიყო „ხალხის“ თვალში), როცა დღევანდელი ხელისუფლება, ანუ იმდროინდელი ოპოზიცია, პარლამენტში მოითხოვდა „გირგვლიანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ესე იგი დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, ამაზეც უარი განაცხადა. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს იმ „კომისიის“ შეეშინდათ ან ის კომისია რაიმეს დააკლებდათ, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის პრინციპული, კატეგორიული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ისევ და ისევ, სისუსტის გამოვლინება და მარცხი იქნებოდა „ხალხის“ თვალში.
ქართული საზოგადოება ისეთნაირადაა „მოწყობილი“ (ამას უკლებლივ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს წლიდან-წლამდე) რომ მისი უდიდესი ნაწილი შედგება ე.წ. „მაყურებლებისგან“, ვინც ტელევიზორთან მოკალათებულნი აკვირდებიან „გლადიატორთა ბრძოლას“ და შემდეგ დამარცხებულის საწინააღმდეგოდ სწევენ ცერა თითს „დაბლა“, ანუ გამარჯვებულს, ძლიერს, წარმატებულს, „გამკეთებელს“ მიჰყვებიან - მასვე აძლევენ ხმას არჩევნებზე.
დღევანდელი მთავრობა ასე არ იქცევა. როგორც ვხედავთ, ორივე ულტიმატუმი დააკმაყოფილა. ესე იგი ზეწოლის შედეგად და ამ ზეწოლით შეშინებულმა („ხალხის“ თვალში ასეა) გენერალური პროკურორიც გადააყენა და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
მაშასადამე, გააკეთა ის, რასაც მიშა არავითარ შემთხვევაში, არაფრის დიდებით არ გააკეთებდა ზემოთხსენებული მიზეზით.
როგორც ჩანს, „ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი ხელისუფლების „ჟანგვა“ ჯერ ისეთ სტადიაზე არ გადასულა, დემონსტრაციულმა დათმობებმა რაიმე დააკლონ ან მოწინააღმდეგეებმა ეს დათმობები წარმატებით გამოიყენონ.
ამის „გაზომვა“ ძნელია და მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.
ახლა, რაც შეეხება „კოტრ-აქციებს“.
გავიხსენოთ: პრეზიდენტი სააკაშვილი „კონტრ-აქციებს“ არასდროს აწყობდა. ერთ შემთხვევასაც ვერ დაასახელებთ! რატომ? იმავე სოციო-ფსიქოლოგიური მიზეზით: საქართველოში „კონტრ-აქცია“ მუდამ არაპრესტიჟულია, მუდამ წამგებიანია, მუდამ „გოიმობაა“ და სახელისუფლებო სისუსტის გამოვლინებად აღიქმება.
სწორედ ასე აღიქვამს მას „ხალხი“. ანუ, ყოველთვის „ამაზრზენად გოიმურია“, „ხელისუფლების ლაქიობაა“ და „წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებად“ ითვლება. ამგვარი აქციების ფონზე „ხალხი“ ხელისუფლების საქმეს „უკვე წასულად“ მიიჩნევს.
„რაკი „კონტრ-აქციას“ აწყობ, ესე იგი შენი საქმე წასულია“ - ასეთია მასობრივი აღქმა. ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის დროს.......
ეს „აღქმა“ რომ არ დაეშვა, მიშამ „კონტრ-აქციები“ კი არ მოაწყო 2007 წელს (არადა, სულ იოლად შეეძლო მათი ორგანიზება), არამედ პრობლემა სხვა გზით გადაჭრა: გამოიყვანა რუსთაველზე „სპეცდანი“ და ოპოზიციას უბრალოდ.......„დედა მოუხნა!“.
შემდეგ ფორმალურად გადადგა, ჩაატარა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და ის არჩევნები ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგო მცირე, თუმცა მაინც არსებითი უპირატესობით პირველივე ტურში!
5 ან 6 ნოემბერს, „გრეჩიხას“ დედის გინების ფონზე რომ გადამდგარიყო და ისე დაენიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, აუცილებლად (აუცილებლად!!!) წააგებდა იმ არჩევნებს, რადგან ამგვარ საქციელს „ხალხი“ სისუსტის გამოვლინებად, უკანდახევად, „დაჩმორებად“ და მარცხად ჩაუთვლიდა.
„ოცნების“ ხელისუფლება ასე არ იქცევა. ალბათ არა იმიტომ, რომ სხვა „სტილი“ აქვს, არამედ....უბრალოდ, არც შეუძლია!
გაუთავებელი რიტორიკა „სისხლიანი 9 წლის შესახებ“ პოლიტიკური ნარატივია. ამდენად, პასუხისმგებლობის მატარებელიცაა: თავად „ისევე“ ვერ მოიქცევი, როგორც შენი წინამორბედი იქცეოდა ვერც ირაკლი შოთაძის „გადაყენება - არგადაყენების“, ვერც „კომისიის შექმნა-არშექმნის“, ვერც მიტინგის „...მოხვნის“ საქმეში.
არათუ „ვერ იკადრებ“ ან „არ გინდა“, არამედ სწორედ ხსენებული „ნარატივის“ გამო, რაკი შენივე პოლიტიკური ნარატივი გიბორკავს ხელ-ფეხს! ამიტომაც, ნამდვილად შეიძლება ისე მოხდეს (ისტორიას უყვარს ამგვარი ცინიკური პარადოქსები) „გაკადრონ“ ის, რასაც თავად, ვითომდაც „არ კადრულობ“. სინამდვილეში „ვერ კადრულობ“.
პოლიტიკური ძალა მისი „ნარატივია“. იგი მას ვერაფრით დაუძვრება!
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე საშინლად ცინიკურია, მაგრამ........მიშას ხომ არასდროს დაუდანაშაულებია შევარდნაძე: „სისხლიანი რეჟიმი იყო - ოპოზიციას არბევდაო“?! ჰოდა ზუსტად ამიტომ შეძლო თავად პოლიტიკური მტრები „მოეხნა“ 2007 და 2011 წელს!
„ანტიძალადობა“ თუ იქნებოდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციისას“ სააკაშვილის ნარატივი და ამ ნარატივით მოვიდოდა ხელისუფლებაში, გარწმუნებთ, ძალის გამოყენებას ვერ შეძლებდა ვერც 2007 და ვერც 2011 წელს!
რას ვიზამთ, პოლიტიკა საშინლად ცინიკური რამაა. როგორც წესი იმარჯვებს ის, ვინც „უფრო მეტია“ ამ მხრივ. მაგრამ, ამის მიუხედავად.....„პოლიტიკოსები (ესე იგი პოლიტიკა) არ გვინდაო“ - ნამდვილად იდიოტიზმია!
თუმცა, როგორც ითქვა, „ოცნებას“ აქვს იმედი, რომ 2003 წლის შევარდნაძის „გადარდუბალებული“ ხელისუფლებისაგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ საკმარისი რესურსი გააჩნია, ანუ იმდენად არ „დაჟანგულა“, როგორც ლევან მამალაძე-ვიტალი ხაზარაძის „მოქალაქეთა კავშირი“; ამიტომ უმტკივნეულოდ არა, მაგრამ „ურევოლუციოდ გადააგორებს“ ტალღას.
ოღონდ ტექნოლოგია, რასაც ამ შემთხვევაში ხელისუფლება მიმართავს, ასევე ილუზორულია და სრულიად უსარგებლო. „კონტარ-ქციებზე“ უკვე ითქვა. მეორეა ოპოზიციაში არსებული განხეთქილებისა და უთანხმოების „გაფიარება“.
შეგახსენებთ: 2003 წელს ოპოზიციაში ასევე არ იყო ერთობა, ხოლო ჟვანია-ბურჯანაძის გუნდის უთანხმოებანი - მიშას გუნდთან, მაშინაც გამოდიოდა ხოლმე „გარეთ“, შემდეგ კი პიარდებოდა „არარევოლუციური“ ტელეარხებით......მერედა, რა - ამით? არც არაფერი!
იმიტომ, რომ როდესაც „აგორდება“ რევოლუციური ტალღა, „ხალხს“ ეს უკვე არ აინტერესებს: პასიონარული უმცირესობა ქუჩაში გამოდის, შემდეგ სადმე „შევარდება“ და მშვიდობიანად ამხობს დემორალიზებულ, უკვე რამდენჯერმე „უკანდახეულ“ ხელისუფლებას.
იმავე მიზეზით, რამდენიც არ უნდა „აფიარონ“ ახლა „რევოლუციურ ძალთა“ ზოგიერთი მარგინალური წარმომადგენლის კომიკური გამონათქვამები („...მამულიშვილნო, საზარელი უფსკრული აღიმართა ჩვენს წინაშე“...... „კააააააა..........“ და ა.შ.) არც ეს შეცვლის რაიმეს: 2003 წლის „რევოლუციურ ოთხეულსაც“ ჰყავდა გვერდით რამდენიმე კომიკური პოლიტ-მარგინალი „გასაპრავებლად“, ვინც არანაკლებ სისულელეებს როშავდა, თუმცა......ვიმეორებ კითხვას: „მერედა, რა - ამით?“
ან კიდევ „სხვა ოპოზიციური პარტიების“ (მაგალითად „რესპუბლიკელების“) განცხადებები: „რევოლუციას მხარს არ ვუჭერთო“. ასეთი განცხადებების მეტი რა იყო 2003 წლის ნოემბერში? და......არც არაფერი!
მიშა რომ თავად საქართველოში არ არის და უშუალოდ არ მონაწილეობს, ეს ერთის მხრივ სისუსტეა, მეორეს მხრივ შესაძლოა პლუსიც აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ დროა გავიგოთ: ამ „მხეცური“ ალღოსი და „ხვატკის“ მქონე უნიჭიერეს პოლიტიკოსს ქვეყანაში ჰყავს ათასობით არა უბრალოდ „მომხრე“, არამედ „ფანატიკური მიმდევარი“, ვისთვისაც მისი „დაბრუნების“ სლოგანი იმაზე დიდი მოტივატორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე უშუალოდ „ადგილზე“ ყოფნა.
ათასი ან ორი ათასი ფანატიკოსი ქვეყნის მასშტაბითაა მიკროსკოპული სიდიდე, თორემ რევოლუციურ პროცესში, ანუ „შევარდნის“ დროს გადამწყვეტია!
ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ, რამდენი „შევარდა“ 22 ნოემბერს პარლამენტში?
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მეორე მხარესაც არიან ასეთივე „ანტი-მიშა“ ფანატიკოსები. ეს კი უკვე სამოქალაქო ომის წინაპირობაა, რაც 2003 წელს ნამდვილად არ ყოფილა.........1991 წელს კი იყო!
ერთი სიტყვით, მიმდინარეობს ძალიან რთული და სახიფათო თამაში - მისი შინაარსით, დახვეწილი საჭადრაკო პარტია!
ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს აცხადებდა, რომ შესანიშნავი „გუმანი“აქვს და შეუძლია „სწრაფად აუღოს ალღო პროცესებს“, შემდეგ კი მიიღოს ასევე სწრაფი გადაწყვეტილება. სწორედ ეს იყო მთავარი „თეზა“ მისი პირველივე განცხადებისა - 2011 წლის 7 ოქტომბერს.
საკუთარი პარტიის სათავეში ფორმალურადაც რომ დაბრუნდა, ნაწილობრივ ადასტურებს: მთლად უსაფუძვლო „თვითქება“ არ ყოფილა: მაშასადამე შენიშნა და „იგრძნო“ იმ პროცესების მომწიფება, რომლებიც მხოლოდ „დეტონატორს“ ელოდნენ („ხორავას ქუჩის მკვლელობის“ სახით) ასაფეთქებლად.
მოუგებს თუ ვერა საჭადრაკო პარტიას ბიძინა - მიშას, ჯერ დარწმუნებით ვერავინ იტყვის.
რაც შეეხება იმას, ბოლოს და ბოლოს რა უნდა იღონოს ამ მართლა უბედურმა ქვეყანამ, რათა მუდმივად არ ბრუნავდეს მარაზმატულ წრეში გადატრიალებიდან-გადმოტრიალებამდე და რევოლუციიდან-რევოლუციამდე, ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა.