"პარლამენტთან აქციები კვლავ გრძელდება. 1 ივნისს 4 საათისთვის დაანონსებული აქცია ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მოგვიანებით რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო გადაიკეტა. აქციას 51-ე სკოლისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ლოზუნგით - "სისტემა ისევ კლავს" შეუერთდნენ. აქციაზე იქვნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა ისინი ტრიბუნასთან არ მისულან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ზაზა სარალიძე: "ჩემი შვილის სული არ იყიდება".
"აქციაზე სიტყვით შვილმკვდარი მშობლები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ბარბარე რაფალიანცის დედა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვიდნენ. ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებდნენ და მის გვერდით იდგნენ. პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი. კარავში გაატარა მთელი ღამე ზაზა სარალიძემ, რომელთანაც 1 ივლისს პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად მივიდა. შემდეგ სარალიძეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუსმინა. მოგვიანებით კარავში შვილმკვდარ მამასთან საპატრიარქოს წარმომადგენელი რამდენიმე დეკანოზი მივიდა. შეხვედრა დახურული იყო, საპატრიაქროს წარმომადგენლებს პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ზაზა სარალიძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა - "ცდილობენ მთავრობა და სუსი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკოსებთან გააიგივონ. მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან. მე ინფორმაცია მაქვს, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩებში აქციებია დაგეგმილი და ისინი ჩვენთან არ მოდიან იმის გამო, რომ თითქოს აქ ვირაც პოლიტიკოსები არიან. მე ჩემი შვილის სულს არავის არ მოვყიდი, ჩემი შვილის სული არ იყიდება, ხალხო, ნუ ცდილობენ მთავრობა და სუსი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკასთან გააიგივონ. ისევ ცდილობს სისტემა, რომ მომატყუოს, თითქოს გამოსაძიებლად გახარიასთან წავა საქმე. გახარიას 2 თვის წინ ვემუდარებოდი, შემხვდი-მეთქი. დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება. ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს!... პრესასთან სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ბევრი დეტალია საქმეში, რაც ეჭვს იწვევს და ყველა ამ დეტალის გამოძიებამდე მიტანას აპირებს. ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, "მთავრობას ქვეყნის მართვის რესურსი არ აქვს და ლოგიკურია, რომ სიტუაცია ვადამდელი არჩევნების გზით უნდა განიმუხტოს...", - განაგრძობს გამოცემა.
"მე სკოლის მოსწავლე ვარ. ორივეს - ლევან დადუნაშვილსა და დათუნა სარალიძეს ვიცნობდი. გაკვეთილების შემდეგ სახლში ვერ წავიდოდი მშვიდად, თითქოს არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვედით აქციაზე. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ, რომლებიც მოგვიკლეს, მაგრამ სამართალს ვერ ვპოულობთ - ამის განცდა ძნელი აღმოჩნდა. 6 თვეა გვეუბნებიან, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ გაირკვა, რომ დამნაშავეები არათუ დაისაჯნენ, ქუჩაში ყოფილან თავისუფლებაზე. ამასთან შეგუება ძალიან რთულია. ჩვენი მოთხოვნაა - სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემა რომელიც გვატყუებს, რომელიც თავის მთავარ ფუნქციას არ ასრულებს. სისტემამ გვითხრა მოკვდი, მაგრამ არა უშავს, შენი მკვლელი არ დაისჯება. ჩვენ ვერ ავაშენეთ დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან ისევ საბჭოურად აზროვნებს თაობა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ჩვენ არ ვართ ელიტა, ვიღაცები კი არიან ელიტა და მათთვის ყველაფერი მოსულა. სანამ ამ განწყობით ვიქნებით, არაფერი გვეშველება. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში ჩვენ ვართ უმრავლესობა და მათ არაფერი გამოუვათ. დრომოჭმული აზროვნება უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სკოლის მოსწავლე სანდრო ჩხეიძე.
"1 ივნისს მიტინგზე მსჯელობა ახალ მთავარ პროკურორთან დაკავშირებითაც გაიმართა. აქციაზე მისული პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის პოსტს არ დაუთმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორი საზოგადოების ფართო კონსენსუსი შედეგად უნდა იყოს შერჩეული და მის შერჩევაში მონაწილეობა არასამთავრობო სექტრომა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ანა დოლიძე უნდა დაინიშნოს - "მე ფეისბუკზეც დავწერე, რომ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრინციპული, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილის ადამიანის მხარდაჭერა. მე პირადად ასეთ მოქალაქედ და პროფესიონალად მიმაჩნია ანა დოლიძე", - განაცხადა ელისაშვილმა. ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რაც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება", - დასძენს გამოცემა.