„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება ვარკეთილში 4 კორპუსის დემონტაჟით იწყება

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება ვარკეთილში 4 კორპუსის დემონტაჟით იწყება

თბილისის მერმა „ხრუშჩოვკების“ პროექტის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხება. ჯერჯერობით საუბარია სულ 4 კორპუსზე, თუმცა დასაწყისისთვის ესეც საქმეა. მით უმეტეს, რომ უკვე წლებია მიმდინარეობს ამ თემის ირგვლივ საუბარი და აქამდე უკეთესობისკენ ნაბიჯიც არ გადადგმულა. წესით, ახლო მომავალში 160 ოჯახმა ავარიული ბინის ნაცვლად, ახალი საცოვრებელი ფართი უნდა მიიღოს.

„როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლებამოსილება და მერიაში მუშაობას შევუდექით, მაშინვე დავიწყეთ სამუშაოები და პროექტების შედგენა, თუ რა შეიძლებოდა წარგვედგინა მოსახლეობისთვის. ახლა თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა კალაძემ.

ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც ავარიული ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება, ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც უფრო მეტი ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას დათანხმდება.

პირველ ეტაპზე დაახლოებით, 160 ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც მერიას სამი ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.

„ეს ფართები გამოყენებული იქნება ვარკეთილში ავარიული ე.წ. ხრუშჩოვკების მაცხოვრებლების გადაყვანის მიზნით იმისთვის, რომ გამოთავისუფლდეს ავარიული კორპუსები. ხრუშჩოვკებიდან“ გამოვიყვანთ იმ მოსახლეობას, რომლებიც დროულად მოახერხებენ 100%-იანი თანხმობების წარმოდგენას, რომ მოხდეს სრულად ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ახალი აშენებული, უსაფრთხო, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში გადაყვანის მიზნით. ჩვენი სავარაუდო გათვლებით, ინტერესთა გამოხატვაში ველოდებით დაახლოებით, 160 ბინის გადმოცემას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავანაცვლოთ სამი ავარიული „ხრუშჩოვკა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ძველი ხუთსართულიანი კორპუსების ჩანაცვლებაზე უკვე წლებია მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ აქამდე რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. ასე რომ, სპეციალისტები ახალი პროეტის სრულად განხორციელებამდე დეტალებზე საუბარისგან მაინც თავს იკავებან. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ წინასწარ იცოდეს, რას აპირებს ინვესტორი და რა შედეგი მოჰყვება პროექტის დაწყებას.

„ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი იმის თაობაზე, თუ რას სთავაზობენ მოსახლეობას „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟის შემდეგ. გასარკვევია, თუ სად იცხოვრებს ხალხი ახალი ბინების დასრულებამდე. ბოლომდე უნდა შეჯერდნენ ერთ აზრზე. თუ ვინმე წინააღმდეგი იქნება, ხალხს იძულებით ვერ გამოასახლებენ საცხოვრებლიდან.

კარგი წამოწყებაა, მაგრამ სჯობს, ჯერ პროექტი შეჯერდეს და შემდეგ ვილაპარაკოთ ამა თუ იმ საკითხზე. რას აპირებს ქალაქი, კერძო დეველოპერი და შედეგად რას მივიღებთ. ისიც სათქმელია, რომ რამდენიმე კონკრეტული კორპუსის დანგრევით არ უნდა შემოიფარგლონ, ამას სჭირდება კომპლექსური სახე და მთელი ქალაქი უნდა მოიცვას. ასეთი პროექტი უფრო მომგებიანი იქნება. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მესაკუთრეების სურვილი, რადგან მათ საერთო საკუთრებაშია კორპუსები“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.