აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

ოკუპირებული აფხაზეთის “ხელმძღვანელობის” ცნობით, რეგიონის მთავარ პრობლემად, წლების განმავლობაში შეუცვლელ, უკიდურესად მძიმე სოციალური ფონის გარდა, კვლავაც კრიმინალი და ნარკომანია რჩება...

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აფხაზეთში - 2014 წელს აივ შიდსის მატარებელი იყო 313 ადამიანი, 2017 წელს კი - აივ შიდსით დაავადებულთა რიცხვი 477-მდე გაიზარდა... თუმცა, ეს არის ქართული მხარის ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაცია, - რეალურად გაცილებით მძიმე ვითარებაა, რადგან დაავადების გავრცელებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, - ამ ფონზე ყველაზე მეტი წილი კი ნარკომომხმარებლებზე მოდის...

აფხაზეთის შიდსის ცენტრის მონაცემებით, აფხაზეთში აივ ვირუსის მატარებლები ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ნარკოდამოკიდებული მამაკაცები არიან... abhazia-news.ru-ს ცნობით, ამ დიაგნოზით ყოველწლიურად, აფხაზეთში 15-მდე ადამიანი კვდება. ცენტრში, 2017 წლის მონაცემებით, 1500 ადამიანია დარეგისტირირებული, რაც რა თქმა უნდა, რეალური სურათი არ არის.

აფხაზეთის მთავარი ნარკოლოგის, ირმა ანუას ცნობით, აფხაზეთში, ყველაზე პოპულარული, გავრცელებული და ხელმისაწვდომი ნარკოტიკები - მეტადონი და ამფეტამინია. ზოგადად, ნარკომანია ასეა კლასიფიცირებული, სკოლის მოსწავლეებში, ძირითადად სააფთიაქო ნარკომანიაა გავრცელებული, სტუდენტებსა და ზემოთ ასაკში - ვენური... ანუას თქმით, ადგილობრივებს შორის არიან ჰეროინისა და კოკაინის მომხმარებლებიც, თუმცა, მათი რაოდენობა, გაცილებით მცირეა...

“მეტადონის ფასიც არ არის დაბალი, თუმცა, მისი გამოყენება, მაინც პოპულარულია, რადგან მისი მოხმარების შემდეგ, რამდენიმე დღე ნარკოტიკის გარეშე ძლებენ... ნარკოდამოკიდებულების საშუალო ასაკი 25-60 წელი, თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკით, ასაკმა გაცილებით დაიწია და რაც მთავარია, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე, 200-მდე ნარკოდამოკიდებული ადამიანით იზრდება” - წერს ანუა.

ანუას თქმით, “აღრიცხვაზე მყოფი ადამიანები აფხაზეთში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან სინამდვილეში, რეგიონში გაცილებით მეტი ნარკოდამოკიდებულია. 2016 წელს, აღრიცხვაზე იყო 2 440 ადამიანი, მათგან 949 ნარკოდამოკიდებული, დანარჩენი 1491 - ალკოდამოკიდებული. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის უსახსრობის გამო, ნარკოტიკისთვის თავის დანებება ალკოჰოლით სცადა და გალოთდა... 2013 წელს, აფხაზეთში, ოფიციალურად რეგისტრირებული იყო, 769 ალკოდამოკიდებული, 2016 წლისთვის კი მათი რიცხვი 1349-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ექიმების თქმით, ბოლო წლებში, ალკოდამოკიდებულთა რაოდენობას თითქმის ორჯერ უსწრებს ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. ირმა ანუას ცნობით, 2017 წელს, ნარკომომხმარებელთა 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა... ექიმების შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან მხოლოდ შარშან, ოფიციალურად აღრიცხვაზე 32 არასრულწლოვანი ნარკოდამოკიდებული იყო, რაც წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია...

“კატასტროფაა, ასევე ის, რომ გაიზარდა, მოზარდებისა და ქალების ზედოზირების ფაქტები და ამ შემთხვევაში, საუბარია, ვენური ნარკოტიკების მოხმარებაზე... ეს აისბერგის მწვერვალია. როდესაც მოზარდებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ, 12-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს. თუმცა, არის უამრავი შემთხვევა, როდესაც 30 წელს გადაცილებული ადამიანი იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას და ჩვენთან საუბარში ამას “ექსპერიმენტს” უწოდებენ” - წერს აფხაზი ნარკოლოგი, რომლის თქმითაც, ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა...

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული არ არის განათლება, შესაბამისად, წლებია, გართობის ერთადერთ საშუალებად, ქუჩაში, ე.წ ბირჟაზე დგომა რჩება... ნარკოლოგ ირმა ანუას თქმით, სოხუმში არ არსებობს ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლებლობა, ამიტომაც პაციენტი ნარკოდისპანსერის სტაციონარში 15-20 დღეს რჩება, შემდეგ კი, რეაბილიტაციის ცენტრში გადადის, რაც მის განსაკურნად ზღვაში წვეთიც არ არის...

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შედეგიც არ აყოვნებს - ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, აფხაზეთში, ბოლო 25 წელია, ყოველ მომდევნო წელს 50 ბავშვით ნაკლები იბადება...

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, 2017 წელს, რეგიონში 30-ზე მეტი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს. ყოფილი “მინისტრის” ასლან კობახიას თქმით, დაკავებულთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო მოსკოველი, სანქტ-პეტერბურგელი და სოჭელი ადამიანები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც რეგიონში დასასვენებლად ჩავიდნენ.

ფონდ “ჯანმრთელი ახალგაზრდების ცენტრის” ხელმძღვანელი თემურ ქარდი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს 900 პაციენტი იყო აღრიცხული და მაშინვე განაცხადა, რომ მათი ასაკის მიხედვით ნარკომხმარებელთა ზრდის ტენდენცია აშკარა იყო, თუმცა, ადგილობრივმა “ხელმძღვანელობამ” განგაშის ატეხვის ნაცვლად, ნარკოგამსაღებლები მხოლოდ პიარისთვის დააკავა, რამდენიმე დღეში კი, მას შემდეგ რაც ქრთამი აიღეს, გაათავისუფლეს. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება...