ასადი საქართველოს წინააღმდეგ -

ასადი საქართველოს წინააღმდეგ - "ეს გადაწყვეტილება რუსეთს უკან დაუბრუნდება"

"ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სირიის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყვება და აცხადებს, რომ ასადის სიტყვა დღეს მნიშვნელოვანი არ არის. მისი თქმით, ბუმერანგი, რომელიც ასადმა გაისროლა, აუცილებად უკან დაუბრუნდება და საქართველო იქნება ის სახელმწიფო, რომელიც მომავალში სირიას აუცილებლად შეახსენებს ამ გადაწყვეტილებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ასადი საქართველოს წინააღმდეგ - "ეს გადაწყვეტილება რუსეთს უკან დაუბრუნდება"

"სალუქვაძის თქმით, ასადის გადაწყვეტილებას არანაირი ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყვება. არათუ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები, არამედ რეგიონის სახელმწიფოებიც კი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასადის სიტყვა დღეს მსოფლიოში არ ფასობს. ის, რომ დღეს ასადი ინარჩუნებს თავის ხელისუფლებას, არის ცალსახად რუსეთისა და მისი ლიდერის "დამსახურება" და ასადი არის პირადად დავალებული პუტინისაგან. ის არის მისი მორჩილი ამ დავალებიდან გამომდინარე და ასრულებს მის მითითებებს. ის არის მთლიანად დამოკიდებული რუსეთის ხელისუფლებასა და მის ლიდერზე. ამიტომ, არა მგონია, რომ თუნდაც რომელიმე პატარა სახელმწიფომ გაიზიაროს ასადის ქმედებები. დეოკუპაციის საკითხში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და დღეს რაღაც განცხადებები, მინიშნებები არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ ჩვენს მოლოდინებს საზოგადოებაში, არის გარკვეული ნაწილი და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც ელოდებოდნენ რუსეთის მხრიდან რაიმე ცვლილებას და ჰქონდათ გარკვეული იმედი, დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიმანიშნებელი, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასადმა საკუთარ თავს ესროლა ბუმერანგი - მას ეს გადაწყვეტილება დაუბრუნდება ბუმერანგივით. სირია არ არის ის სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ასე დაუდევრად უნდა ექცეოდეს. სირიაში ცხოვრობს მილიონობით ქურთი, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეწევიან თვითგამორკვევის მიმართულებით სხვადასხვა ქმედებას, ადრე თუ გვიან შესაძლოა, ქურთებმა თავის საწადელს მიაღწიონ და ეს ბუმერანგი, რომელიც გაისროლა დღეს ასადმა, დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება მას უკან და საქართველო იქნება ზუსტად ის სახელმწიფო, რომელიც შეახსენებს სირიას ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ასადის რეჟიმს არ აქვს დიდი დღე, ადრე თუ გვიან ეს რეჟიმი შეიცვლება და შემდგომი ხელისუფლება, რომელიც მოვა სათავეში ასადის შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შეცვლის. ამაში ვარ დარწმუნებული და თუ არ შეცვლიან, უკან დაუბრუნდებათ ბუმერანგივით. განგაშის ატეხვა ასადის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასწორია. მე არ ვამბობ, რომ მოხდა ისეთი რამ, რაც არ არის საგანგაშო, ან ჩვენ არ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ა.შ. დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი ქმედებები, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა სირიასთან და მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისა, რომ ამ ქმედებებს მიეცეს შესაბამისი შეფასება. სირია გამოსულია საერთაშორისო საზოგადოების დიალოგიდან. ყველა კარგად ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას რუსეთი და ეს ისევ და ისევ დაუბრუნდება რუსეთს უკან, რაც დღეს განახორციელა", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა, რომ სირიის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში სირია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვეყანას, არათუ სირიის, არამედ, ასადის ბედიც არ არის გადაწყვეტილი. მან ქართული დიპლომატიის ნაბიჯი მოიწონა და აღნიშნა, რომ პრინციპია ასეთი: ქვეყანასთან, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, საქართველო დიპლომატიურ კავშირს წყვეტს. მოსალოდნელი ოყო, რომ სირია აღიარებდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ამას დიდი პროგნოზირება არ სჭირდებოდა. ასადი ყველაფრით არის დამოკიდებული. სირია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვეყანას. თვითონ ასადის ბედიც როგორი იქნება, არავინ იცის. კურიოზია თვითონ ასადისთვის, ვინც თავად ვერ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, დღეს მამამისის მემკვიდრეობიდან ნამცეცები დარჩა, ის თვითონ აღიარებს სეპარატისტულ რეჟიმებს. თუკი ვინმე უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ერთგული, პირველ რიგში, ეს ასადი უნდა იყოს, მაგრამ რა ქნას, სხვა გამოსავალი არ აქვს. ქართული დიპლომატიის ნაბიჯი კანონზომიერია: საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან. დღეს არის ასეთი პრინციპი: ვინც აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ვწყვეტთ მათთან ურთიერთობას. მხოლოდ ისეთი სახელმწიფოები, რომელთა ფიზიკური არსებობა დამოკიდებულია რუსეთზე და ასეთი სახელმწიფოები მეტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ეს სირია გამოჩნდა და მორჩა. ცინცაძის თქმით, სირია არ არის ისეთი სახელმწიფო, რომ მას ვინმე გაჰყვეს და მის გზას დაადგეს ან მისი გადაწყვეტილება იყოს მაგალითი. სირია არაფრით განსხვავდება დღეს სომალისაგან. ის ნახევრად დამოკიდებული და ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფოა", - დასძენს გამოცემა.

"სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ტვიტერზე" ეხმაურება. საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ მართული ასადის რეჟიმის მიერ არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს", - წერს მიხეილ ჯანელიძე", - წერს სტატიის ავტორი.