როდის ამოქმედდება ვლადიკავკაზ-„Цхинвал“-თბილისი-ერევნის „კორიდორი“?

როდის ამოქმედდება ვლადიკავკაზ-„Цхинвал“-თბილისი-ერევნის „კორიდორი“?

თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი ამბების ფონზე გამოგვეპარა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ქვეყნისთვის: რუსეთმა, როგორც იქნა (!) გააფორმა  შვეიცარიულ კომპანიასთან SGS  საბოლოო კონტრაქტი ე.წ. „სავაჭრო დერეფანთა“ მონიტორინგის თაობაზე. იგულისხმება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით ტვირთების მოძრაობა სომხეთის მიმართულებით, რაშიც განსაკუთრებით არიან დაინტერსებულნი ჩვენი სამხრეთელი მეზობლები.

თვით ხელშეკრულებას, პირობითი სახელწოდებით „სავაჭრო დერეფნების თაობაზე“, ოფიციალურად ეწოდება  „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“.

ეს ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტის ბარაქ ობამას კატეგორიული მოთხოვნით, რაც დასავლეთის მაშინდელ ლიდერთა საერთო განწყობას ეხმიანებოდა: „ქართველების  ხუშტურის ან ე.წ. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ გამო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა რატომ უნდა შეფერხდესო“.

თუმცა მოგვიანებით, ანუ უკრაინის ამბების დაწყებისთანავე, რუსეთმა WTO-ს წესდება დასავლეთს პირდაპირ „თავზე გადაახია!“

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ (პრეზიდენტმა სააკაშვილმა), ობამას ადმინისტრაციის ზეწოლის ფონზე,  ამ ხელშეკრულებიდან მიიღო მაქსიმუმი რისი მიღებაც თეორიულად შესაძლებელი იყო, რადგან მასში არც „აფხაზეთის რესპუბლიკა“ არც ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ არ ფიგურირებს, ხოლო „მესამე მხარის“ მონიტორები კონტროლს ახორციელებენ როკის გვირაბთან და ფსოუსთან....რუსეთის მხრიდან!

 თუმცა იგივე დოკუმენტი შეიცავს „ორმაგი წაკითხვის“ საშიშროებასაც, რადგან იმავე „მესამე მხარის“ დამკვირვებლები ასევე ახორციელებენ კონტროლს გორთან და ენგურზეც. ეს ლოკაციები 2011 წლის დოკუმენტში  „გრძედისა“ და „განედის“ გეოგრაფიული სისტემითაა დაზუსტებული და არა რაიმე სახელწოდებებით.

ოღონდ ერთი ძალიან მძიმე შეცდომა სააკაშვილის ხელისუფლებამ მაინც დაუშვა, რადგან დოკუმენტში სრულიად უადგილოდაა ნახსენები „საბაჟო ადმინისტრირება“. მით უფრო გაუგებარია ამ საშიში ტერმინის იქ ჩადება, როდესაც „მონიტორებს“, ხელშეკრულებით, არანაირი საბაჟო პროცედურები არ ევალებათ -  მათი ვალდებულებაა მხოლოდ კონტროლი და აღნუსხვა. ანუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ აღნუსხავენ, რა და რა ოდენობის ტვირთი შევიდა „დერეფანში“ რუსეთის მხრიდან და გამოვიდა „დერეფნიდან“ საქართველოს მხარეს ისე, რომ გაიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია.

ე.წ. (ჟარგონული ტერმინით) „რასტამოჟკა“ მონიტორების საქმე საერთოდ არ იქნება

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და რამდენჯერაც არ უნდა ავხსნათ ახლა, რომ „საბაჟოს“ ხსენება „......იმას კი არ ნიშნავს რასაც რუსები ამბობენ და როგორც ინტერპრეტირებენ.....“ ეს მაინც უქმნის დემაგოგიურ „მასალას“ გაქნილ რუსულ დიპლომატიას ამ მხრივ შეუდარებელი სერგეი მზეჭაბუკის ძე ლავროვის მეთაურობით! ანუ რუსეთი აუცილებლად იტყვის (უკვე თქვა  გრიგორი კარასინმა), რომ ხსენებული ხელშეკრულებით და მისი ამოქმედებით თურმე „საქართველომ აღიარა, თუ სად გადის საზღვარი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან“.

დემაგოგიაა, რასაკვირველია, და „საჩვენო“ ინტერპრეტაციით შეგვიძლია ასევე ლეგიტიმურად ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით და მონიტორთა ფსოუზე, ასევე როკის გვირაბთან განლაგებით, მოსკოვმაც აღიარა საქართველოს საზღვრები. მაგრამ.... უბედურება ისაა, რომ რუსეთი დიდია და ჩვენზე ბევრად მეტი რესურსი აქვს PR-ომში.  ეს ისეთი მოცემულობაა, რასაც ვერაფერს მოვუხერხებთ.

ეს რაც შეეხება „ისტორიულ წინამძღვრებს“. ოღონდ დღევანდელი მთავრობა 2011 წელს „მიშას მიერ“ ხელმოწერილი დოკუმენტით ვერ ახსნის ამჟამინდელ მოვლენებს: ყველაფერზე, მუდამ, პასუხს აგებს მოქმედი ხელისუფლება. ანუ ეს თემა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს პოლიტიკურ ვნებათა ღელვას.

არანაკლებ საინტერესო კიდევ სხვა საკითხია: რუსეთი და სომხეთი სისხლხორცეულად იყვნენ და არიან დაინტერესებულნი ამ „კორიდორთა“ ამოქმედებით. 2011 წლის შეთანხმება გულისხმობდა „მესამე“ მხარესთან ანუ ნეიტრალურ „მონიტორებთან“ დეტალური კონტრაქტის გაფორმებას. სააკაშვილის მთავრობამ  ასეთი კონტრაქტი არ გააფორმა და სწორადაც მოიქცა. მით უმეტეს, არანაირი „რეზონი“ არ ექნებოდა იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი, WTO წესდების პირწავარდნილი დარღვევით, აგრძელებდა სრულიად უკანონო „ემბარგოს“ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ოცნების“ მთავრობას ის „რეზონი“ (სხვა საქმეა, რამდენად ლეგიტიმური) მაინც აქვს, რომ გაჯიუტების შემთხვევაში რუსული ემბარგოს აღდგენისა ეშინია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, ქართული ღვინის ნახევარი სწორედ რუსეთში ექსპორტირდება, ხოლო რუსი ტურისტების ოდენობა რაღაც ფანტასმაგორიული ტემპებით იზრდება და ლარს „აკავებს“

ეს გასაგებია. თუმცა (ვიმეორებ) მთავრობის გარდაუვალ პოლიტიკურ  პრობლემას არ ამსუბუქებს. აქ სხვა რამ არის ბევრად საინტერესო: საქართველომ შვეიცარიულ კომპანიასთან  კონტრაქტი გააფორმა გასული წლის დეკემბერში. რუსეთმა კი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ. აშკარად „ითრევდნენ ფეხს“ რუსები. რატომ? იმიტომ, რომ ამ რამდენიმე თვის მანძილზე ყველანაირად ეცადნენ, საქართველოს მთავრობა დაერწმუნებინათ, „ჩაესვა“ მოლაპარაკებათა ფორმატში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს.

ცხინვალმა კი პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ არც არაფრის „გატარებას“ არ აპირებს თავის ტერიტორიაზე მანამ, სანამ  თბილისი და მოსკოვი მასთან ანუ ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“ არ გააფორმებენ ხელშეკრულებას! კრემლს   საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ აწყობდა თუნდაც მცირე პრობლემა გაჩენილიყო რუსულ მედია ან ბლოგოსფეროში ამ თემაზე, რაც 2008 წლის „დიად გამარჯვებას“  ჩრდილს მიაყენებდა.

ამიტომ, ისევ ქართულ მხარეს უპირებდა „გატეხვას“ მაგრამ.....  როგორც ჩანს ვერ მოახერხა, ვინაიდან რუსთაველზე ბობოქარი მიტინგების შემდეგ მთავრობისთვის მეტისმეტი რისკი იქნებოდა ოპოზიციისთვის კიდევ იმ არგუმენტის მიწოდება, რომ მან, ფაქტიურადაც და იურიდიულადაც, აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები!

თუმცა მთლად პოლიტიკურად „ურისკო“ ეს თემა კვირიკაშვილის მთავრობისთვის მაინც ვერ იქნება.

ზურაბ აბაშიძემ რადიო „თავისუფლებისთვის“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 24 მაისს შეხვდება გრიგორი კარასინს პრაღაში და შექმნიან სამმხრივ (რუსეთი-შვეიცარია-საქართველო) კომისიას „სამონიტორინგო“ ხელშეკრულების განსახორციელებლად, ესე იგი დერეფნების ასამოქმედებლად პირველ ჯერზე  ვლადიკავკაზ-ცხინვალი-თბილისი-ერევნის ხაზით.

„სამხრეთ ოსეთის“ ნებისმიერი სახით მონაწილეობა ამ პროცესში ელჩმა  აბაშიძემ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა!