"ჩვენ ჯერ არ დაგვიზუსტებია ნატო-ს სამიტის ყველა ელემენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, რათა ნატო-ს წევრი გახდეს", - ასეთი განცხადებით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნატო-ს გენმდივნის აღიარება სამიტამდე თვენახევრით ადრე /"საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის"
"ვარშავაში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავდნენ ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებს, სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას და ალიანსის კარი უნდა გაიღოს ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ნატო-ს წევრობიდან გამომდინარე ფასეულობებსა და მოვალეობას იზიარებენ. "ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას. ამ ქვეყნების ალიანსის მიღმა დატოვება სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს", - განაცხადა კუხჩინსკიმ. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საქართველოს ხელისუფლებაშიც საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო ამ თარიღს შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით", - აღნიშნავს გამოცემა.
"საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე, იმედოვნებს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს წინსვლას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესაბამისი შეფასება მიეცემა. "ნატო-ს მომავალ სამიტზე ველოდებით, რომ მოხდება ასპირანტი ქვეყნების შეფასება. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს შეფასება არის სამაგალითო ყველა კომპონენტში, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის. "ეს არის დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ამ მიმართულებით უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა. "10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და ჩვენ მოველით, რომ შესაბამის დონეზე მოხდება ამ პერიოდის შეფასება და შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში", - განაგრძობს გამოცემა.
"რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრი ოლეგ მოროზოვი არ გამორიცხავს, რომ ნატო-მ შეიძლება დაარღვიოს თავისი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნებისადმი და საქართველო ალიანსში მიიღოს რუსეთზე წნეხისთვის. ეს არ არის დამოკიდებული საქართველოზე. როგორც ცნობილია, ნატო-ს წესებით, ალიანსში არ იღებენ ქვეყნებს, რომლებიც დამძიმებულები არიან ტერიტორიული პრობლემებით და გადაუწყვეტელი სამხედრო კონფლიქტებით. აქ ამის სრული ნაკრებია, თუმცა მსოფლიო წესრიგის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ამაზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა რუსეთზე დამატებითი წნეხის საბაბით. ამიტომ, ფორმალურად, არ შეიძლება, მაგრამ თუკი რუსეთზე წნეხის სურვილი გადაწონის, ასეთი ვარიანტი მოიძებნება, თუმცა ეს ვერ გახდის რეგიონს უფრო უსაფრთხოს", - აღნიშნავს ოლეგ მოროზოვი", - დასძენს გამოცემა.
"ამ განცხადებების ფონზე, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ნატო-ს სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში, გაიმართება, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა. მე ვესწრებოდი ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას და მოვისმინე დადებითი შეფასებები. თავადაც მქონდა შეხვედრები მაღალ დონეზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. მაისაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივლისის სამიტამდე ასეთი განცხადებები ისმის. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის დასტურია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. ბუქარესტის სამიტამდეც არაერთი დადებითი განცხადება მოგვისმენია, როცა საქართველოს ნამდვილად ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანების შანსი. შეიძლება საქართველოს გარანტირებული აქვს ალიანსის გარკვეული ქვეყნების მხარდაჭერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ კიდევ მოგვიწევს სერიოზული ბარიერების გადალახვა კონსენსუსის პრინციპის გათვალისწინებით. მხედველობაში მაქვს ევროპის სახელმწიფოთა პოზიცია. ჩემი აზრით, მიუხედავად აშშ-ის პოზიციისა, საჭიროა მუშაობა იმ სკეპტიკოს ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, ბარიერები შეუქმნან ნატო-ს გზაზე მიმავალ საქართველოს. სწორედ სკეპტიკოსმა ქვეყნებმა უნდა დაგვიჭირონ მხარი და ბრიუსელის სამიტამდე ამ კუთხითაც აუცილებელი იყო გააქტიურება. საჭირო იყო ჩასვლა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ამ საკითხზე საუბარი მათ მთავრობებთან და დარწმუნება. რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შანსს, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ფონი, ახალი ცივი ომი, ხელს გვიწყობს და ამ გეოპოლიტიკურ ფერხულში შეიძლება ჩვენი შანსი გაიზარდოს, ხორცი შეესხას ჩვენს საუკუნოვან ნებას. ეს მომენტიც მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ, შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი სერიოზული სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი", - წერს სტატიის ავტორი.