სისხლიანი შურისძიებისა და მოზარდების ომის საფრთხე თბილისის ცენტრში

სისხლიანი შურისძიებისა და მოზარდების ომის საფრთხე თბილისის ცენტრში

"მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე, ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში", - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა შიშობს, რომ თუ შესაბამისი უწყებები სამართლიანობას არ აღადგენენ, "შვილების ომი" დაიწყება. ამის შესახებ ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს და სამართლიანობის აღდგენაში საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარი დასტურია იმისა, რომ დავით სარალიძე არა მარტო დანებით, არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ყველა დეტალზე ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ როგორც ოჯახს, ისე საზოგადოებას, რადგან, თუკი სამართლიანობის განცდა არ აღდგა, ეს, ადრე თუ გვიან, ძალიან დრამატულ შედეგს გამოიღებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სისხლიანი შურისძიებისა და მოზარდების ომის საფრთხე თბილისის ცენტრში. 

"როგორც ცნობილია, შაბათს საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი კრიმინალისტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, მას პროკურორმა პირდაპირ უთხრა, რომ ხმაური და დაპირისპირება პროცესზე მის "სულელურ დასკვნას" მოჰყვა. ამასთან, ექსპერტი ჰყვება, რომ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც პროკურორისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის მხრიდან. "მე როდესაც პროცესზე შევედი, ხმაური იყო. ვიკითხე, თუ რა მოხდა და პროკურორი მპასუხობს, რომ შენს სულელურ დასკვნას მოჰყვა ეს ყველაფერიო. ასეთი რამ არ გამიგია... ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება - გუგუშვილი იწევდა საცემად. კიდევ მოხდა მეორე ინციდენტი პროკურორსა და შარაშენიძეს შორის", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ მთავარი თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება", - აღნიშნავს გამოცემა.

"კომენტარის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტზე, ხოლო თუ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ძნელია კომენტარის გაკეთება. ის, რომ თითქოს მე გავიწიე ქალბატონის საცემად, შეურაცხმყოფელია. ეს უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს - რომ ექსპერტმა ვერ დაიცვა საკუთარი დასკვნა და ცდილობს, ჩემი დისკრედიტაცია მოახდინოს. ერთ შემთხვევაში ინგა შარაშენიძე საუბრობს, თითქოს მე გავიწიე მასზე საცემად. მაია ნოკოლეიშვილი კი ამბობს, თითქოს ჩემი კოლეგა გასწია. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ", - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ. დაპირისპირება მოხდა ხორავას ქუჩაზე მოკლულ ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორისაც. შელაპარაკება სასამართლო დარბაზშივე დაიწყო, როდესაც მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დარბაზის გარეთაც გაგრძელდა", - განაგრძობს გამოცემა.

"ამავე დროს, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, ვინც ხორავას ქუჩაზე მოზარდების დახოცვის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. მომხდარს მოკულულ მოზარდ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მოზარდებს შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყოს, რადგან მისი შვილის მეგობრები შურისძიებით იმუქრებიან", - დასძენს გამოცემა.

"ყველანაირად ზნედაცემულ პროკურორ გოგუშვილს როდესაც ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს ფარდას არ ავხდით, მოზარდების ომი შეიძლება დაიწყოს-მეთქი, მან მიპასუხა დამცინავად და ირონიულად - "ეს ჩემი პრობლემა არაა. დაიწყოს, თუ ასე გულით უნდათ". პროცესზე გუგუშვილი და ფხაკაძე მწყობრიდან გამოვიდნენ, როდესაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სამხარაულის ექპერტებმა დამალეს პროკურატურის დავალებით. ეს მტკიცებულებები უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩემი შვილი არა მარტო დანებით, არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი. პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ დარბაზში მყოფ პირებსა და მოწმეზე. პროკურორი ფხაკაძე, რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნდა ჩემი შვილის ტანსაცმელზე სამკუთხა და ოვალური ფორმის ჭრილობები, თურმე თავისი კუთვნილი მობილურით ჩუმად ვიდეოს მიღებდა. მისივე დავალებით ვიღაცები მითვალთვალებდნენ და ჩემი და ერთ-ერთი ადვოკატის საუბრის ჩანაწერი მიაწოდეს. ფხაკაძე კომპრომატებს აგროვებს ჩემ წინააღმდეგ. მივმართავ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით. გონს მოდით და ყველა ჩემი შვილის მკვლელი გამოიყვანეთ სააშკარაოზე. მე თქვენ უკვე მომკალით! ნუ მემუქრებით დაჭერით! მივმართავ სრულიად საქართველოს, მე ამათი არ მეშინია! მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე, ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში. ჩემი შვილი მოკლულია და მას ვეღარ გავაცოცხლებ. დამიდექით გვერდით, რათა სამართალი აღვადგინოთ და არ დავუშვათ შვილების ომი და მკვლელობა. თავს შევაკლავ უსისხლო პროკურორებს და არ დავუშვებ, დათუჩას გამო ჩვენმა მომავალმა სისხლიანი ომი დაიწყოს", - წერს სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძე. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუკი სამართლიანობის განცდა 100%-ით არ აღდგება, ეს, ადრე თუ გვიან, ძალიან დრამატულ შედეგს გამოიღებს", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ საქმეზე კატეგორიული ვერ ვიქნები და ვერ ვისაუბრებ, სად არის ჭეშმარიტება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რასაც სამართალდამცავი სისტემა ამბობს, ამას წყალი არ უნდა გასდიოდეს. ის უნდა იყოს ძალიან აქტიური კომუნიკაციაში როგორც ოჯახებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. თუ ასე არ მოხდა და უსამართლობის განცდა დარჩა, ეს, ადრე თუ გვიან, ძალიან დრამატულ შედეგებს გამოიღებს. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ თავს უფლება უნდა მისცეს, არავის არაფერი აუხსნას და ისე გადააგოროს პროცესი. ეს საქმე უნდა გამოიძიონ ძალიან დელიკატურად და ფაქიზად, ოღონდ ისე, რომ 100%-იანი სამართლიანობის განცდა იყოს. პროკურატურამ არავის და არაფერს ანგარიში არ უნდა გაუწიოს, გარდა სამართლიანობისა. არსებობს კითხვები, რომლებზეც მყისიერი და დამაკმაყოფილებელი პასუხები პროკურატურისგან ვერ მოვისმინე. შესაბამისად, როცა პასუხები არ არის, აქ ვითარება ყოველთვის იძაბება", - აცხადებს გია ხუხაშვილი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რთულია გაიგო, სამართალი ვის მხარესაა, როდესაც თავად მოზარდების ნაწილი გამოძიებასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობს. "მე აბსოლუტურად მესმის, შვილმკვდარი მამის პოზიცია და აქ ორი აზრი არ არსებობს, აუცილებელია სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. თუმცა, ჩემი აზრით, ამდენი კითხვის მიზეზი თავად ახალგაზრდობაში არსებული კრიმინალური აზროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ბრიტანელი ექსპერტებიც მუშაობენ, ძალიან რთულია, გაიგო დეტალები, თუკი თავად მონაწილე ან თვითმხილველი ბავშვები არ იტყვიან სიმართლეს. ღმერთმა დაიფაროს, რომ მოზარდებში კიდევ ჰქონდეს ადგილი რაიმე სახის დაპირისპირებას", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე რომლის აზრით, "იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, სიმართლის დადგენაა აუცილებელი. თუმცა ეს არც ისე მარტივი ჰგონია", - დასძენს სტატიის ავტორი.