"ვფიქრობ, აშშ-ში ჩემი წიგნის პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეზე გამოსვლა მართებულიც არის და სიმბოლურიც, ვინაიდან რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, მისი გავლენა და მხარდაჭერა, ჩვენ დღესაც ერეკლე მეორის დილემის წინაშე ვიდგებოდით. რაც შეეხება 1918-1921 წლების დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს, მისი მნიშვნელობა უდიდესია. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არ განელებულა ამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, სახელმწიფოებრივი აზროვნება. შეიძლება ყველა ეტაპზე ვერ ვინარჩუნებდით ერთიან საქართველოს, მით უფრო დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორც კი მცირედი შანსი ჩნდებოდა, ქართველი საზოგადოება ქვეყნის შენებას იწყებდა, რაც დიდი კულტურის ნიშანია. ჩემი აზრით, ერის კულტურა მხოლოდ ნახატსა და ლექსში არ გამოიხატება, ეს, უპირველესად, სახელმწიფოს შენებაში ჩანს. ამან განსაზღვრა ჩვენი კულტურის ისტორიაც და ჩვენი ცნობიერებაც, ჩვენი სულიერი თავგადასავალიც ამ ფონზე დაიწერა", - აცხადებს დათო მაღრაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ისტორიკოსების გარდა, გვყვანან ისტერიკოსებიც, რომლებიც საქართველოს ისტერიას წერენ" / "თუ არ ვეცადეთ, განსხვავებული აზრის მოსმენა შევძლოთ, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით".
"დამოუკიდებლობის ამ 2 წელსა და 8 თვეს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა - ქართველში ისევ გაცოცხლდა რწმენა იმისა, რომ შეეძლო საკუთარი თავის პატრონი გამხდარიყო. დღევანდელი ჩვენი დამოუკიდებლობა დიდწილად იმ 1918 -21 წლების დამოუკიდებლობაზე დგას. იმ წლების ქართველი საზოგადოება ძალიან მაღალი სულიერების მატარებელი იყო. საოცარი ადამიანები გვიყურებენ იმ ფოტოებიდან, რომლებიც ჩვენს ოჯახებში ჯერ კიდევ შემორჩენილმა ხავერდისყდიანმა ფოტოალბომებმა გადაინახეს. ეს იყო მე-19 საუკუნის ტრადიციაზე აღმოცენებული საზოგადოება. მე-19 საუკუნე კი, ჩემი აზრით, არის უმნიშვნელოვანესი ხანა საქართველოს ისტორიაში, როდესაც განისაზღვრა, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, არა მხოლოდ ქვეყნის მომავალი, არამედ წარსულიც. სწორედ ამ საუკუნემ მოახერხა ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შეკრება და სახელმწიფოებრივ პერსპექტივაში გადაზრდა. მე-19 საუკუნემ შეძლო დავიწყებული ქვეყნის გახსენება. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში უნივერსიტეტის იდეასაც ამ დროს ჩაეყარა საფუძველი, რასაც 1918 წელს შეესხა ხორცი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ამ სულიერებით იყო ნასაზრდოები პირველი რესპუბლიკის საზოგადოება. სინატიფე, დახვეწილობა, აზროვნების წესი, კულტურა, გნებავთ, სამხედრო განათლება, ურთიერთობა, თანაცხოვრების კულტურა, თავაზიანობა - ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო ამ ხალხში...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო მაღრაძე.
"სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ეს დამოუკიდებლობა... შემდეგ უკვე მოვიდა პროლეტარიატი, რომელმაც ბრძოლა სწორედ ამ საზოგადოებას გამოუცხადა. ზნეკეთილობის ის ნიშნები, რაც ასე ნათლად ჩანდა ხალხში - ზნეობრივი კოდექსი, მოქცევის წესი, ზრდილობა მათთვის სასიკვდილო განაჩენის მტკიცებულებად იქცა. მარტივად იცნობოდა ეს ხალხი, ისიც ჩანდა, რომ ეს ნაწილი ვერ გახდებოდა საბჭოთა რეჟიმისთვის დასაყრდენი, საბოლოოდ კი თავის კულტურას შეეწირნენ... დაპირისპირება კულტურასა და უკულტურობას შორის კვლავაც მძაფრია - ეს ბრძოლა გრძელდება... რამდენადაც სულგრძელი და მიმტევებელია საზოგადოების კულტურული ნაწილი, იმდენად აგრესიული და დაუნდობელია უკულტურო ნაწილი...", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების შემდგომ გამართულ აქციას და ე. წ. კონტრაქციას, თვითონ ამბავი, შინაარსი, ვინ დამნაშავე იყო, ვინ უდანაშაულო, უნდა ჩაეტარებინათ რეიდები ღამის კლუბებში, არ უნდა ჩაეტარებინათ, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით ამ პროცესში რა მომეწონა და რა - არა: არ მომეწონა ის, რომ ადამიანები, რომლებიც ღამის კლუბებში იყვნენ, ამბობდნენ, რომ პოლიცია უხეშად იქცეოდა და ეს გავრცელებულ ვიდეოფირებშიც გამოჩნდა. არ შეიძლება ადამიანს ასე შეურაცხმყოფლად მოექცე, რაც, როგორც ჩანს, ისეთი ძალით აღზევდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომ ამ ამბავს ჯერჯერობით კვლავ ვერ შველიან. მე რასაც ვაკვირდებოდი, ისინი, ვინც შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, არ ჩანდნენ შარიანი ადამიანები, მათი აღშფოთება გულწრფელი იყო. რაც მომეწონა, ის იყო, რომ ახალგაზრდებმა ღამის კლუბები უცებ გადმოიტანეს რუსთაველზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ. არ ვიცი, რამდენად გაცნობიერებული ჰქონდათ, რას აკეთებდნენ, იფიქრეს თუ არა წინასწარ ამაზე. ინტუიციურადაც თუ იყო გაკეთებული, მაინც კარგად გამოჩნდა, რომ ამის უკან დგას სიცოცხლე და საინტერესო ცხოვრების ძიება, ასევე თავისუფლების წყურვილი", - განმარტავს პოეტი.
"რას ვეთანხმებით, რას ვეწინააღმდეგებით, რა არ მოგვწონს ან მოგვწონს, უკვე უმნიშვნელოა. ერთი რამ ვიცი ზუსტად, სადაც სიცოცხლის დუღილი არ არის, იქ საინტერესო სამყარო არ იბადება. რადგან დუღილი არის, იქ არის შესაძლებლობა, საინტერესო სამყარო აღმოცენდეს. მე არ ვამბობ, რომ ღამის კლუბების იმპერია უნდა შეიქმნას, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ამ სივრცეში შეიძლება კარგი საზოგადოება დაიბადოს. ვიმეორებ, მე არ ვიცი, შესაძლოა იქ არის პრობლემები, ხდება დანაშაულიც, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს ყველაზე არ ვრცელდება და იქ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა - ფიქრის, ემოციის გაცვლა აინტერესებთ. დიდწილად შინ მყოფი, ზედმეტად სხვისი ცხოვრებისკენ მომზირალი ადამიანებისთვის ეს ურთიერთობები, ცოცხალ პროცესში მონაწილეობა, როგორც ჩანს, უინტერესო და მოუხერხებელია. შესაბამისად, აგრძელებენ მხოლოდ სხვის ცხოვრებაზე დაკვირვებას და სხვათა განკითხვას. სამწუხაროდ, აქ მთავრდება მათი ინტერესების სამყარო. ჰოდა, გვყვანან "ფეისბუკწაღებულები", - ამბობს დათო მაღრაძე.
"რაც შეეხება კონტრაქციას, სამწუხაროდ, აგრესიული განწყობები არის საზოგადოების ნაწილში. ეს ხალხი მუდმივად სხვას აბრალებს ყველაფერს და დარწმუნებული არიან, რომ სხვები ღუპავენ მათ ცხოვრებას. ევროპა თანაცხოვრების კულტურაა. ეს არის დასავლური ყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი. ეს თუ კარგად არ გავიაზრეთ, თუ არ ვეცადეთ, განსხვავებული აზრის მოსმენა შევძლოთ, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით. არადა, ჩვენი ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს. დღესაც თავი მოგვწონს, რომ თბილისის ერთ უბანშია თავმოყრილი ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა... ეტყობა, არ ვართ გულწრფელი ამ თავმოწონებაში, რადგან რეალურად სულ სხვანაირად ვიქცევით. თუმცა არა მგონია, რომ ეს მთელ საქართველოში ხდებოდეს. მგონია და მეიმედება, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ჩანს. ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო 9 აპრილის მემორიალზე გოგონას ცეკვის ამბავს. ადამიანები, ვინც შეეწირნენ სამშობლოს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი არიან, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ისინი სამშობლოს შეეწირნენ იმისთვის, რომ მისი მომავალი ყოფილიყო ნათელი, ღიმილიანი, სიმღერიან-ცეკვიანი, მხიარული...", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთის ჯიბრზე ადამიანებმა სათავისოდ მოიფიქრეს მათთვის სარწმუნო ვერსიები - ერთნი თვლიან, რომ ჩვენი საზოგადოების შველა ეკლესიურობაშია, თუმცა მათ გაგებას ქრისტიანობასთან აშკარად არა აქვს კავშირი, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ქრისტიანობა საბჭოთა გადმონაშთია, რომელსაც უნდა ებრძოლო, რადგან ღუპავს სამყაროს. მოკლედ, არც ერთნი არიან ლიბერალები და არც მეორენი ქრისტიანები, ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები არიან... ესენი, ყველანი, იოლი გზის მაძებარი ხალხია, გზისა, რომელსაც არც განათლება, არც ფიქრი და არც აზროვნება სჭირდება. გაიხსენეთ იერუსალიმის თემის არჩევანი - ბარაბას გზა მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ ეს მათთვის მეტად გასაგები იყო, დაფიქრება არ სჭირდებოდა, ბარაბა რომისგან ჰპირდებოდა გათავისუფლებას, ქრისტე კი ცოდვისგან _ მათი გონების თვალსაწიერი ამდენს ვერ გასწვდა... ჩვენში იოლი გზის მოძებნის სხვა მაგალითსაც გეტყვით - ილია ჭავჭავაძე ქართველისგან ითხოვდა სწავლა-განათლებას, შრომას, თავდადებას, ზრუნვას ქვეყანაზე და ა.შ., რაც რთულია შესასრულებლად. როცა ილია ჭავჭავაძე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა - ჩვენ ეს ორმაგად გაგვიხარდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ილიას ღვაწლი დაფასდა და მეორე, უფრო იმიტომ, რომ გზა გავიიოლეთ. წმინდა ილია მართალთან მივალთ ისე, როგორი ქრისტიანობაც ვიცით, სანთელს ავანთებთ, პირჯვარს გადავიწერთ და ილია რას ითხოვდა ჩვენგან, საერთოდ დავივიწყებთ", - დაასკვნის მაღრაძე და შეკითხვაზე - "ბოლო დღეებში განხილვის თემად იქცა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებები..." - პასუხობს:
"გამიჭირდება ამაზე რაიმეს თქმა, რადგან არ ვადევნებ თვალს არც ტელევიზიებს და არც ამ პროცესებს. ისე მოხდა, რომ სწორედ სატელევიზიო ეთერს და გაურკვეველ ტოქშოუებს ჰყავს "ნამდვილი" მრევლი. ჰოდა, ისე, როგორც ამ გადაცემებში ეკამათება და უპირისპირდება ხალხი ერთმანეთს, მერე უკვე მაყურებელი "ფეისბუკში" უცხადებს ერთმანეთს ომს. ეს ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს ჩასაფრებული ელოდება ამ ტოქშოუებს, როგორც ჩანს, საინტერესოს სხვას ვერაფერს სთავაზობს ვერც საზოგადოებას და ვერც ოჯახის წევრებს. მოკლედ, დიდი აურზაურია. არადა, იმდენი კარგი რამ ხდება ქვეყანაზე, ტელევიზიებისა და "ფეისბუკის" იქით. საქართველოს ისტორიას წერენ ისტორიკოსები, მაგრამ გვყვანან ისტერიკოსებიც, რომლებიც საქართველოს ისტერიას წერენ. ეს ისტერიკოსები ძალიან დიდი მონდომებით და ვნებით ცდილობენ, რომ შექმნან ქვეყანაში ისტერიული გარემო, ისე წარმოაჩინონ, რომ ყველაფერ ცუდად არის, გააღვივონ საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობა. ესენი ძირითადად არიან ძველი ხელისუფლების მხარდამჭერები, რევანშის სურვილით შეპყრობილი ხალხი, ასევე ისინიც, ვინც უკმაყოფილოა ამ ხელისუფლების უყურადღებობით. მათი მცდელობა აშკარაა, დათესონ ხალხში განწყობა, რომ უპერსპექტივო, უმომავლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, არადა, უმომავლო ქვეყნიდან ამოვედით, მათგან დაკარგული პერსპექტივა ამ ქვეყანას ისევ გაუჩნდა".