"უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩი" მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც 14 ივნისს მოსკოვში გაიმართება. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ალბათ, ევროპელი ლიდერების ნაწილი ჩასვლისგან თავს შეიკავებს, თუმცა, გამორიცხავენ, რომ ბოიკოტს მასობრივი ხასიათი ჰქონდეს. მათი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი არის პუტინთან კომუნიკაციის საუკეთესო არხი, რომელის გამოყენებასაც ზოგიერთი დასავლელი ლიდერი მაინც შეეცდება. "ჰუმან რაითს ვოჩის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით რუსეთს სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება, ამიტომ მას მსოფლიო ლიდერები არ უნდა დაესწრონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გამოუცხადებს თუ არა დასავლეთი ბოიკოტს ფეხბურთის "რუსულ მსოფლიო ჩემპიონატს".
"მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე", - განაცხადა კენეტ როტმა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას, მსოფლიო ლიდერების ნაწილი მართლაც არ დასწრება. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლამ, ევროპას პუტინთან ბევრი სალაპარკო დაუგროვა, ამიტომ, ზოგიერთი მათგანი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მე არ მგონია, რომ მოსკოვი გაივსოს მსოფლიო ლიდერებით, ბევრი მათგანი ნამდვილად არ ჩავა მოსკოვში. კონკრეტულად ვინ გამოუცხადებს ბოიკოტს და ვინ არა, რთული სათქმელია. თუმცა, ალბათ, უფრო მეტად ევროპელი ლიდერები შეკავებენ თავს. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მოსახერხებელია პუტინთან შესახვედრად. ეს არც სახელმწიფო და არც მეგობრულ ვიზიტად არ ჩაეთვლებათ. ვისაც პუტინთან შეხვედრა და რაღაც საკითხებზე საუბარი სურს, ეს მათთვის ხელსაყრელი მომენტი იქნება. ევროპელ ლიდერებს ძალიან ბერი სალაპარაკო დაუგროვდათ პუტინთან. თუნდაც, იგივე ტრამპის გამო. ვგულისხმობ, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებდა აშშ-ის გასვლას. ამ ხელშეკრულების წევრებად კვლავ რჩებიან დასავლელი პარტნიორები და რუსეთი. ამდენი წვალების შემდეგ, ირანთან ძლივს გაფორმებული ხელშეკრულება უცებ დაირღვა. აშშ სთავაზობს ახალ შეკრულებას, რაზეც ირანი დათანხმდება თუ არა, არავინ, იცის. პუტინს, ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, უკეთესი შანსი აქვს ირანის ლიდერებთან კომუნიკაციის. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ზოგიერთმა ლიდერმა ეს კომუნიკაციის საშუალება გამოიყენოს", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.