ისტორიული სამსჯავრო - სასამართლო, რომლის დასრულებასაც საქართველო 10 წელი ელოდა

ისტორიული სამსჯავრო - სასამართლო, რომლის დასრულებასაც საქართველო 10 წელი ელოდა

"სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა ჩვენთვის ისტორიულ სასამართლო საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", საქმე #2, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ეხება - ქართველების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, მკვლელობას, ეთნიკურ წმენდას, სახლების დაწვას. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, 12 აგვისტოს, გორში რუსული ბალისტიკური რაკეტის - "ისკანდერის" ჩამოგდებაც, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია და რასაც 12 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის ერთი ჰოლანდიელი ოპერატორიც იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ისტორიული სამსჯავრო - სასამართლო, რომლის დასრულებასაც საქართველო 10 წელი ელოდა / "ამ საქმეს მნიშვნელობა ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა კონფლიქტებისთვის - უკრაინასა და მოლდოვაში".

"რუსეთი საპასუხოდ აცხადებს, რომ ქართველებმა დაბომბეს "მძინარე ცხინვალი", ისინი კი ოსებს იცავდნენ, არ არსებობს მტკიცებულება, ვინ წაუკიდა სახლებს ცეცხლი, არც წამება მომხდარა და არც "ისკანდერი" ჩამოუგდიათ დასახლებულ პუნქტზე - ეს ფაქტიც და შემთხვევის ადგილიც ფალსიფიკაციაა, ბრალდებები კი - დიდი ანტირუსული კამპანია. ამ სასამართლოს დასრულებას საქართველო, 10 წელია, ელოდება. ეს საქმე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც დიდი მნიშვნელობისაა, ამიტომაც უკვე ითქვა, რომ რუსეთი ცდილობს საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებას, რათა სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს. საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატ ბენ ემერსონის განცხადებით, რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამოსვლითა და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება. ადამიანის უფლებათა სასამართლოს 17 მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს და, რუსული შანტაჟის მიუხედავად, თბილისში ყველა, ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც, პოლიტოლოგებიც დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლო იქნება, რუსეთი კი გამტყუნდება და დიდი კომპენსაცია დაეკისრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგების შეფასებით, კომპენსაციის დაკისრებასთან ერთად, ამ საქმის წაგება რუსეთისთვის მწარე პოლიტიკური სილის გაწვნაც იქნება. გუშინ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე ჯერ საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი ბენ ემერსონი გამოვიდა, შემდეგ - რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი. ბენ ემერსონმა განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს ომამდეც აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს, ომისთვის 2008 წლამდე ემზადებოდა და აშკარაა ეთნიკური წმენდის ფაქტები. მან სასამართლოს ქართული მხარის მტკიცებულებები წარუდგინა. საქართველოს რუსეთის დანაშაულის 700-ზე მეტი მტკიცებულება აქვს წარდგენილი. "რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ შეტევაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მაგრამ "ისკანდერების" ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ამავე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების ფაქტი სიყალბე და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, დანაშაულის ადგილი კი გამოგონილია რუსეთისთვის ბრალის წასაყენებლად. მათ კარგად იცოდნენ, რომელი "ისკანდერი" გაისროლეს, მაგრამ თავისუფლად შეეცადნენ თქვენს მოტყუებას", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა. ამის შემდეგ რუსული მხარე ორი მოპასუხით გამოვიდა და ქართული მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას "ფალსიფიკაცია" უწოდა", - განაგრძობს გამოცემა.

"მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ საქართველოს ძალების მხრიდან ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ", - განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. სტრასბურგში საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება; საკუთრების დაცვა; განათლების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება. სახელმწიფოთაშორის დავა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა, რომელიც 17 ქვეყნის არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი ლადო ჭანტურია, ასევე, რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი დედოვი", - დასძენს გამოცემა.

"ღია მოსმენის დასრულების შემდეგ გამოითქვა კომენტარებიც. თბილისში აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს არგუმენტი არ ჰქონდა. ქართული მხარე სახელმწიფო ადვოკატის გამოსვლით კმაყოფილია. ადვოკატ ბენ ემერსონის შეფასებით, მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა, დაემტკიცებინა, რომ მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული გაყალბებულია. "ეს არის სასოწარკვეთილი გუნდის და ადვოკატის უკანასკნელი ბერკეტი, რომ დაადანაშაულოს ყველა და თქვას, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია", - აცხადებს ადვოკატი ემერსონი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეს იყო უკომპრომისო, მაგრამ სამართლიანობისათვის და სამართლისათვის ბრძოლა", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის - უკრაინასა და მოლდოვაში. რუსული მხარისგან, არგუმენტების ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ რაც საქართველომ წარმოადგინა, არის სიყალბე, შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. განცხადება გაავრცელა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომაც. მასში ნათქვამია, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება 2008 წლის ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო, ასევე, აცხადებს, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ქართული ჯარის თავდასხმისგან იცავდნენ. თბილისში ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკურად აღიარებული ოკუპაციის სამართლებრივად დადასტურებაც. სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო განაჩენის მოლოდინში თბილისში უკვე დაიწყეს ფიქრი იმ გზებზე, როგორ უნდა მოხდეს 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო სტრასბურგის მიერ რუსეთზე დაკისრებული ვალდებულებების აღსრულება, რადგან არის მოლოდინი, რომ რუსეთი, როგორც 2006 წლის ქართველების დეპორტაციის საქმეზე არ აპირებს კომპენსაციის გადახდას, იგივე განმეორდება ახლაც", - დასძენს სტატიის ავტორი.