ბოლო 20 წელიწადში ქართველთა ყველაზე მასშტაბური გამოძევება ევროპიდან

ბოლო 20 წელიწადში ქართველთა ყველაზე მასშტაბური გამოძევება ევროპიდან

"მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში, ევროკავშირის შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა. ანალიტიკოსების შეფასებით, სტატისტიკა საგანგაშოა. მათი თქმით, აღნიშნულმა შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელ საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეუქმნას პრობლემები, რადგან ისინი ევროპამ პოტენციურ დამრღვევთა რიგებში მოიაზროს და დამატებითი შემოწმებები შემოიღოს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადა, მინიმუმ, 10 წლით გადასწია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბოლო 20 წელიწადში ქართველთა ყველაზე მასშტაბური გამოძევება ევროპიდან / ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ.

"შს სამინისტროდან გამოთხოვილი ("ინტერპრესნიუსის" მიერ) საჯარო ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1290 განაცხადი, აქედან 1260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) - უარი. ყველაზე მეტი - 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდიან: საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21). რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში რეადმისირების ხარჯები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აუნაზღაურეს. ამასთან, შს სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს საქართველოში რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში დაბრუნებულ პირთა მონაცემებს. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 4 თვის კვალობაზე სტატისტიკა საგანგაშოა და საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა, 4 თვის კვალობაზე, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამაც გარკვეული ზომები უნდა გაატაროს", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც მონაცემებმა აჩვენა, ყველაზე მეტი რეადმისირებული გერმანიიდან იყო. თუმცა ეს ლოგიკურია, რადგან ემიგრანტთა დიდი ნაწილი სწორედ გერმანიაში ჩადის. გერმანიის ეკონომიკა, შიდაპროდუქტის მოცულობის გათვალისწინებით, ევროპაში პირველია, ამიტომ, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების გამო, ყველა იქ ცდილობს წასვლას", - ამბობს ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, თუ სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდი აღმოჩნდა, ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც ნეგატიურად აისახება. "საქართველოს იმიჯს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა, ეჭვის თვალით შეხედონ საქართველოს სხვა მოქალაქეებს და დამატებით საბუთები მოსთხოვონ საზღვრის გადაკვეთის პროცესში", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ გამოსახლების ტალღა მომავალში შემცირდება, თუმცა მოსახდენი უკვე მოხდა და შელახულ იმიჯს ვეღარაფერი აღადგენს", - განაგრძობს გამოცემა.

"მთავარია, ეს ტენდენციად არ იქცეს. მოსალოდნელიც იყო, რომ გამოსახლებების პირველი ტალღა ყველაზე მასობრივი იქნებოდა. ჩვენი უბედური თანამემამულეებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, რომ მათ იქ ვინმე ხელს ახლებდა, ამიტომ მათ არც საგანგებო ზომები ჰქონდათ მიღებული, არც ფთხილობდნენ. უკვე 20 წელზე მეტია, ნახევარი საქართველო გაკრეფილია ევროპაში და ჯერჯერობით ასეთი რადიკალური ზომები არ გატარებულა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ჩატარდა სპეცოპერაცია და უცებ მოგროვდა ხალხი, ვინც არ იმალება და გამოასახლეს. ჩემი ვარაუდით, ეს ტალღა უფრო შემცირდება, რადგან, ჯერ ერთი, შემცირდება გულუბრყვილოდ ევროპაში შეღწევის მსურველთა რაოდენობა, ეს გაკვეთილია მათთვის. და მეორე, ეს ხალხი გამოასახლეს, მათი მონაცემები უკვე რეგისტრირებულია და უკვე პრობლემაა მათი ევროპაში ჩასვლა. ეს ტალღა შემცირდება, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა, ეს არის ქართველების იმიჯური დანაკარგი ევროპელების თვალში. ამის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", - აცხადებს სოსო ცინცაძე. პოლიტოლოგის ვარაუდით, აღნიშნულმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მინიმუმ, 10 წლით გადასწია", - დასძენს გამოცემა.

"არავინ იფიქროს, რომ ევროკავშირი რაღაც გიგანტური საქველმოქმედო თავშესაფარია, ამას ღიად არც პრემიერი და არც პრეზიდენტი გეტყვით. მაგრამ, ამან, მინიმუმ, 10 წლით გაგვიხანგრძლივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. თუ აქამდე ევროპის მხრიდან სხვა მოთხოვნები იყო, ახლა არაოფიციალურად დაემატა კიდევ ერთი, მთავრობამ უზრუნველყოს ცხოვრების ის მინიმალური დონე, რომ ევროპას არ ელოდებოდეს მომავალშიც ქართველების ასეთი დიდი გადასახლება. ჯერჯერობით ჩვენი პარლამენტი არ ჩქარობს ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ეფექტურ ბარიერებად იქცევა ევროპაში უკანონო გზით შეღწევის მსურველთათვის, თუმცა მოუწევთ, მათ სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.