ილია მეორე: „რუსეთმა აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოგვცეს“

ილია მეორე: „რუსეთმა აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოგვცეს“

[მერაბ ბრეგაძე] 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ რადიო "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა. ცნობილი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი დაინტერესდა, სად არის გამოსავალი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მასალას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.  

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენს ქვეყნებს შორის ამასწინათ ომი იყო; ყველაფერი გართულდა; როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ პორობებში?

– ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, მინიმუმ, ორი გამოსავალია და აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიც მოიძებნოს.

ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავრჩებით. ეს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც არაბუნებრივია. ჩვენ ისევ ისეთ ახლობლებად უნდა დავრჩეთ, როგორიც ადრე ვიყავით. საქართველო ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართ.

ვფიქრობ, რუსეთსაც ახსოვს საქართველო. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, აფხაზეთი არ გვჭირდებაო, ღმერთმა ქნას ასე იყოს. აფხაზეთი თუ საქართველოზე უნდა გაიცვალოს, ეს რისთვისაა საჭირო?

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართველი ხალხის სიკეთე ვერ დაინახა. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი და საქართველო ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს გაიცნობენ და ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა აღდგება.

იქნებ, მთავარი პრობლემა მართლაც ნდობასა და რწმენაშია? თქვენო უწმინდესობავ, რაღაც თვალსაზრისით, ნდობა უკვე დარღვეულია.

– ურთიერთნდობა დღეს დარღვეულია, თუმცა, არა ბოლომდე.  ვფიქრობ, რომ კიდევ არსებობს გამოსავალი.

ბრძანეთ, რომ ჩიხიდან ორი გამოსავალი არის...

– დიახ.

თუ შეიძლება გვითხარით, საით უნდა წავიდეთ?

– ერთმანეთისკენ; ჩვენ ასე უნდა ვიმოძრაოთ და არა პირიქით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან.

რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში? ჩვენი საერო უფროსები ერთმანეთს არ ხვდებიან, არ სურთ, მორცხვობენ, ეშინიათ, განაწყენებულნი არიან.  

– ამ საკითხში რუსულმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოავლინა. მან შეუნარჩუნა იურისდიქცია ქართულ ეკლესიას აფხაზეთსა და ცხინვალში. ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენი ეკლესიები, ხალხების დაახლოებაში კიდევ უფრო მეტის კეთებას შეძლებენ.

იგეგმება თუ არა წელს ჩვენი ეკლესიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები?

– 25-30 ივლისს მე უკრაინის სტუმარი ვიქნები. იქ ჩამოდის რუსეთის პატრიარქიც. 26 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით და ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ.

არის თუ არა განხეთქილების ნიშნები აფხაზურ ეკლესიაში. რას კეთდება იმისთვის, რომ იქ განხეთქილება არ იყოს?

– განხეთქილება მართლაც არსებობს, თუმცა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ.

მაინც რა მოუვიდათ ადამიანებს, სამოქალაქო ომის შედეგებია?

– ისინი ამისთვის მოამზადეს. ეს იმის ბრალია, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი იქ არ არის. ამ შემთხვევაში ეს მე ვარ. აფხაზები ძალიან კეთილი ხალხია. იქ ნათლულები მყავს. 11 წელი ჩვენ უკონფლიქტოდ ვცხოვრობდით, მაგრამ ანტიქართულმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთ.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან უყვართ აფხაზები, ოსები, რუსები და დანარჩენებიც. როდესაც იქ ვინმე ავადმყოფობს ან სხვა დახმარებას საჭიროებს, მაშინვე თბილისში ჩამოყავთ და ეხმარებიან. ჩემთან ხშირად იმყოფებიან მასწავლებლები და მოსწავლეები აფხაზეთიდან. ისინი როგორღაც ხელოვნურ საზღვარზე გადმოდიან და ჩვენგან ლოცვა–კურთხევას იღებენ.   

იქნებ საქმე იმაშია, რომ ადამიანი მაინც სუსტია და ომით გამოწვეული ჭრილობების მოშუშება ხუთ, ათ, თხუთმეტ წელიწადში ვერ შეხორცდება...

– 2008 წლის აგვისტოს ომში რუსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც დაიღუპნენ და როცა ყველაფერი დაწყნარდება, ერთობლივი მემორიალი უნდა აიგოს. ამ მემორიალზე იქნება რუსების, აფხაზების, ოსების და ქართველების სახელები.

იქნებ შენების დრო დადგა? იქნებ, დროა ამისთვის ფუნდამენტი ჩაიდოს?

– ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამ მემორიალის აგებაზე.

როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ორი ქვეყნის ხელისუფლება?

– ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. არის გამოთქმა, რომ მე მას არ შევხვდები. ეს არაკორექტული და არალოგიკურია, საერთაშორისო დიპლომატიაში ამგვარი რამ არ არსებობს. ყველა უნდა შეხვდეს ერთმანეთს. რუსეთმა აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოგვცეს და თუ მოვილაპარაკებთ, მათ უკან უნდა წაიღონ აღიარება. ყოველდღე საუბარი, რომ ქართველები მტრები არიან, კარგს არაფერს მოიტანს.

ჩემი ბოლო კითხვა ასეთია – რას ეტყვით რუსებს?

– თქვენ ბრძენი ხალხი ხართ – დიდი ისტორიით და კულტურით. დაახლოება მოხდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე და არაბუნებრივია, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მახვილი ავიღოთ. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რუსეთშიც არიან ქართველები. დეპორტაცია შეცდომა იყო, მაგრამ ამას არ ვიხსენებთ. ჩვენ თქვენზე ვლოცულობთ.