"პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ უკან დაიხია"

"12-13 მაისის აქციებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი დაგროვდა - ხელისუფლების მიმართ ნეგატიური მუხტი არსებობს როგორც ახალგაზრდებში, ისე ე.წ. რადიკალურ ჯგუფებში, რომლებიც იმდენად საშიშ ორგანიზაციებად არიან ჩამოყალიბებული, რომ სისხლის ღვრასაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, ეს ჯგუფი თავად ხელისუფლებისთვისაა საშიში - დიდია ალბათობა, რომ მას სწორედ სახელისუფლებო შტოები მართავენ, მაგრამ, როგორც წესი, მარტივია დაკარგო ამ ადამიანებზე კონტროლი, რადგან გადამწყვეტ მომენტში უმართავი ხდებიან", - აცხადებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ უკან დაიხია" / "მმართველმა ძალამ გახარიას სახით, სახელისუფლებო ქედმაღლობაზე უარი თქვა და მშვიდობის შესანარჩუნებლად თავად ეახლა ქუჩაში გამოსულ ორივე მხარეს".

"თეთრი ხმაურის" აქცია კიდევ რამდენიმე საათით რომ გაგრძელებულიყო, პოლიციის კორდონი ვეღარაფერს გახდებოდა და შესაძლოა საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროცესების ღრმა და მიუკერძოებელი ანალიზი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ გვინახავს მსგავსი სცენარი, მეტიც, სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირების გამო ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, რომელიც ვერ გავარღვიეთ და რომელიც უფსკრულისკენ ექაჩება ქვეყანას. უპირველესად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც აქციის მონაწილეებში, ისე კონტრაქციის მხარეს რადიკალიზმი გამოსჭვიოდა - "თეთრი ხმაურის" აქციაზე რადიკალიზმი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა. ეს სწორედ საპროტესტო რადიკალიზმი გახლდათ, რაც ახალგაზრდებს ხშირად ახასიათებთ იმ კულტურისა და გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ. 9 აპრილის მემორიალი ქართული ისტორიის ნაწილია, მემორიალზე ცეკვამ კი გამოავლინა ის სულისკვეთება, რითაც "თეთრი ხმაური" ცხოვრობს. აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მწვავე რეაქცია, რის გამოც აქციის ორგანიზატორმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მემორიალზე საცეკვაოდ აღარავინ ავა...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"მოკლედ, ყველა პირობა არსებობდა, რომ პროტესტის ფინალი სისხლის ღვრამდე მისულიყო, ხელისუფლებას რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა და როგორღაც მოეხერხებინა დაპირისპირების მუხტის განელება. თავდაპირველად, სახელისუფლებო შტოები მართლაც დაბნეული ჩანდნენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ თითქმის 48 საათის განმავლობაში არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა, უკვე მეტყველებდა მათ უსუსურობაზე. ვითარების სირთულე სწორად გააანალიზა შს მინისტრმა და პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ, როგორც ხელისუფლებამ, ისე აქციის მონაწილეებმა, საკუთარი ინტერესები დათმეს და უკან დაიხიეს. გახარიას სიტყვა, რომელიც მიტინგზე მოვისმინეთ, შესანიშნავად იყო გააზრებული, ზედმეტი არც არაფერი თქმულა და არც არაფერი დაჰკლებია, ბოდიში ისე მოიხადა, რომ ბოდიშის მომხდელის ღირსება არ შელახულა - თუ დავაშავეთ, ბოდიშს გიხდითო და არა, ოღონდ შეჩერდით და ყველაფრისთვის ბოდიშს ვიხდიო", - განმარტავს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების უსუსურობა იგრძნობოდა თითქმის 48 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ელიტა იბნევა კრიზისის დროს?" - პასუხობს;

"ეს "ქართული ოცნების" დამახასიათებელი თვისებაა - როდესაც საქმეს აფუჭებენ, რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ აქვთ და საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება მათი მოქმედების ფორმა. თუმცა 12-13 მაისი განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ "თეთრმა ხმაურმა" დათმო თავისი ინტერესი მხარდამჭერების გადასარჩენად, მმართველმა ძალამ კი, გახარიას სახით, სახელისუფლებო ქედმაღლობაზე უარი თქვა და მშვიდობის შესანარჩუნებლად თავად ეახლა ქუჩაში გამოსულ ორივე მხარეს".

"ლოგიკურად მეჩვენება, რომ ხელისუფლების რომელიღაც შტო "ნაციონალისტების" ფრთას რაღაც საჭიროებისთვის ასაზრდოებს და შესაძლოა, ამიტომაც არ მოჰყვა მკაცრი რეაქცია მათ მუქარას. ეს საშიში ტენდენციაა, თუმცა ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ მას არ უნდა ბუნტი და ეს სწორი მიდგომაა, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ქუჩაში საქმე ყოველთვის ძალადობით წყდებოდა. თუმცა ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს პრევენციაზე, როგორ არ მიიყვანოს საქმე დაპირისპირებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპულ გადაწყვეტილებებზე უარი თქვას, უბრალოდ, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება ნაკლები შეკითხვა გაუჩინოს", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.