"პუტინი ე.წ. "სილოვიკების" (ძალოვნების) კლანს სამჯერ დაეყრდნო. პირველად მაშინ, როდესაც პირველად გაპრეზიდენტდა, რათა საკუთარი პოლიტიკური ვერტიკალი გაემყარებინა. შემდეგ ცოტათი გასწია "სილოვიკები", ხოლო 2007 წელს ისევ გააძლიერა და შედეგად მივიღეთ რუსეთ-საქართველოს ომი. ახლა იგი უკვე მესამედ უხმობს თავის პირად გვარდიას და ახლა მის "სილოვიკებს" - პატრუშევ-სეჩინ-ივანოვს დაემატა ზოლოტოვიც. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთვისაც მოიცალოს", - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პუტინმა ქვეყანა, ფაქტობრივად, "კაგებეშნიკებს" ჩააბარა.
"სილოვიკების" კლანში ნომერ პირველი ფიგურაა ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანია და იგი თანამდებობაზე დარჩა. ასევე, ძალიან გავლენიანია იგორ სეჩინი, რომელიც სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" გამგეობის თავმჯდომარეა, ასევე, არის რუსეთის ენერგეტიკის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. მას ვიცე-პრემიერის თანამდებობაც უკავია და ისიც დარჩა ამ პოზიციაზე. გავლენიანი ფიგურაა ვიქტორ ივანოვიც, რომელიც ადრე ანტინარკოტიკული სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი პუტინის პირადი თანაშემწეა უსაფრთხოების საკითხებში. ერთი პერიოდი პუტინმა "სილოვიკების" დაჯგუფება, ფაქტობრივად, ჩამოიცილა, რადგან მათი გავლენა საკმაოდ იყო გაძლიერებული, მაგრამ ახლა, ახალი მთავრობის დამტკიცებისას, ეს სამეული ისევ გაძლიერებულია. საინტერესოა ისიც, რომ ახალ მთავრობაში შევიდა ნიკოლაი პატრუშევის შვილი დიმიტრი პატრუშევი, ის სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა. პუტინმა არ შეცვალა ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკიც, რომელიც იგორ სეჩინის პირადი წარმომადგენელია. ასევე, გააძლიერა სამხედროების დაჯგუფებაც. ესენი არიან სერგეი შოიგუ, დიმიტრი როგოზინი და სხვები. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვი პუტინმა ვიცე-პრემიერის რანგში გადაიყვანა და იგი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელი გახდა. დიმიტრი როგოზინი გადავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრაქტიკულად, პუტინმა ისევ მოუხმო სპეცსამსახურების, "სილოვიკებისა" და სამხედროების კლანებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"როგორც ჩანს, პუტინი მოელის, რომ ეკონომიკური სანქციების ფონზე შეიძლება დაიწყოს რთული ეკონომიკურ-სოციალური პირობების განვითარება ქვეყანაში და სჭირდება საკმაოდ ძლიერი ძალოვნების პოლიტიკური მხარდაჭერა. რუსული პოლიტიკური ვერტიკალი შედგებოდა რამდენიმე კლანისაგან, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებდნენ. შესაბამისად, პუტინი ხან ერთ კლანზე დებდა ფსონს, ხან - მეორეზე. ახლა, როგორც ჩანს, პუტინს აქვს ასეთი სიტუაცია, რომ "სილოვიკებისა" და სამხედროების კლანი უნდა გააძლიეროს. საგულისხმოა, რომ მან 2015 წელს პირადი დაცვის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი გახადა ეროვნული გვარდიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელად. ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა ყველა სპეცდანიშნულების რაზმის შენაერთები შსს-დან, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან, ყველა პოლიციური, გასამხედროებული საპოლიციო სპეცრაზმები. გვარდიის შემადგენლობაში შეიყვანა კადიროვის ეგიდით მოქმედი გასამხედროებული ფორმირებებიც. ფაქტობრივად, შექმნა ახალი 400 000-კაციანი სპეცსამსახური, თავისი ძალოვანი კომპონენტების ჩათვლით. ანუ, შექმნა ქვეყანა ქვეყანაში და ყველაზე ძლიერ სტრუქტურად გამოიყვანა როსგვარდია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სილოვიკების" დაჯგუფება გაძლიერდა 2007 წელს და ჩვენ 2008 წელს მივიღეთ აგვისტოს ომი. ახლაც ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პუტინი რაღაცისთვის ემზადება. რადგან ახლა მან ძალოვნებზე დადო ფსონი, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს საგარეო პოლიტიკურ აგრესიულ მიმართულებებს და როგორც ჩანს, ელოდება, რომ დასავლეთთან დაპირისპირება სამხედრო დაპირისპირების რაღაც დონეზეც გადავიდეს. რუსები უკრაინასა და საქართველოში სიტუაციას უყურებენ ამერიკასთან დაპირისპირების პრიზმაში", - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - "რუსეთის აგრესია ისევ უკრაინაში გაგრძელდება თუ საქართველოშიც არსებობს ხელახალი რუსული აგრესიის საფრთხე?" -პასუხობს:
"პირველ რიგში, უკრაინა. რუსეთი შეეცდება, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ახალი სიურპრიზები წამოსწიოს ქვეყანაში, რათა პროდასავლური ძალების კომპრომეტაცია მოახდინოს და შეძლოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მათი გაშვება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთვისაც მოიცალოს იმიტომ, რომ როდესაც 2007-2008 წლებში "სილოვიკების" დაჯგუფება გაძლიერდა რუსეთში, ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-საქართველოს ომი. ახლაც იგივე კლანი ძლიერდება".