"პროცესები, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარდებოდა ქვეყანაში, იყო ერთგვარი ტესტი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისა და საზოგადოდ, ქვეყნისთვის. ამ მოვლენებში კარგად გამოჩნდა, რა ტიპის საზოგადოება გვყავს, ასევე როგორი რეაქცია აქვს ხელისუფლებას ამ ტიპის გამოწვევებზე, შეუძლია თუ არა მას მოქნილად და გააზრებულად მოქმედება. ასევე დაგვანახა, რამდენად რადიკალურად არიან განწყობილი ახალგაზრდების აქტიური ჯგუფები ქვეყანაში. გარდა ამისა, გამოჩნდა კიდევ ერთი რამ - როგორია ფსიქოლოგიური ფონი ქვეყანაში და ის უკიდურესად მძიმეა. მძიმეა უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ძალადობის რეჟიმში ვცხოვრობთ - იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო რეჟიმია მოძალადე, არა, ამაში არ არის საქმე - ჩვენ, საზოგადოების წვერებს, ძალადობისთვის ფსიქოლოგიური ბარიერი, ფაქტობრივად, მოხსნილი გვაქვს და ლამის ურთიერთობის ნორმად ვაქციოთ", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მგონია, რომ აგრესიული დაჯგუფებები ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურების პირმშოები არიან" / "მეც მესმის მითქმა-მოთქმა, თითქოს კვირიკაშვილი შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და გახარია პრემიერი გახდეს. ეს შეცდომა იქნება" / "ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვიღაც კარნახობდა მიტინგის წამყვანებს რაღაცებს ან ცდილობდა ეკარნახა".
"საზოგადოებაში ძალიან ძლიერია აგრესიული მუხტი, რასაც ხელს უწყობენ მედია, სოციალური ქსელები და ა.შ. აგრესიის დაგროვება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში სისხლი იღვრებოდა, როდესაც მოიხსნა ერთმანეთთან ურთიერთობის ეთიკური ბარიერები და ახლა ვიმკით იმას, რაც ერთხელ დავთესეთ. როდესაც ლაპარაკია სიძულვილის ენაზე, მიდგომები ცალმხრივია. ხშირად ამაზე ლაპარაკობენ ის პირები, რომლებსაც იმისთვის აფინანსებენ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ილაპარაკონ. თუ ვინმე ლგბტ თემის ლანძღვას დაიწყებს, ამას სიძულვილის ენად მიიჩნევენ და განგაშს ტეხენ, მაგრამ, თუ მათთვის მიუღებელი ჯგუფის წევრს ვინმე გალანძღავს, ხმას არ ამოიღებენ. აქაც ისეთივე შერჩევითია მიდგომები, როგორი შერჩევითი სამართალიც გვაქვს ქვეყანაში. ამ მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს ხელს უწყობს განათლების უმწვავესი დეფიციტიც და შედეგად ვიღებთ სურათს, რასაც წრეგადასული აგრესია, ურთიერთმიუღებლობა, განსხვავებულის სიძულვილი ჰქვია. ეს პროცესები, აი, ამის ტესტირებაც იყო, რაც ვერ გავიარეთ. სამაგიეროდ, ვფიქრობ, გამოცდა კარგად ჩააბარა სახელმწიფომ. რომ არა ხელისუფლების ჩემთვისაც მოულოდნელი, მოქნილი მოქმედება, ალბათ, კვლავაც იმგვარი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რაც რუსთაველზე არაერთხელ გვინახავს. სამწუხაროდ, ჩემდა გასაკვირად, პროცესების მშვიდობიანი განვითარების გამო ზოგიერთ ჟურნალისტს, საზოგადოების წევრს თუ პოლიტიკოსს გული დასწყდა. ესეც ჩვენი აგრესიული კულტურის ნაწილია, რომელიც დომინირებს დღეს ქვეყანაში, კულტურაში. მე ქცევით კულტურას ვგულისხმობ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსების ჩართულობის ხარისხი, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, 12-13 მაისის აქციაში საკმაოდ მაღალი იყო. არ ვიცი, რამდენად კონსოლიდირებული იყო ხელისუფლებაში ამ პროცესებისადმი დამოკიდებულება, რისი კულმინაციაც აქციაზე გიორგი გახარიას მისვლა იყო. დღეს აცხადებენ, რომ ეს მთელი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. თუ მართლაც ასეა, ძალიან კარგი, მაგრამ თუ გახარია თავისი ინიციატივით მოქმედებდა და ხელისუფლებაში არსებული ზოგიერთი ჯგუფი ცდილობდა გახარიას ეს აქტივობა არ შემდგარიყო, ძალიან ცუდია - ეს მაფიქრებინა აქციის პირველ დღეს ხელისუფლების დუმილმა, კალაძის პატარა განცხადებას თუ არ ჩავთვლით, რაც 13 მაისსაც გაგრძელდა, სანამ ვითარება უკიდურესად არ დაიძაბა. ხელისუფლების დუმილი ჩემთვის მანიშნებელი იყო იმისა, რომ მარცხენამ არ იცოდა, რას აკეთებდა მარჯვენა და პირიქით. შესაძლოა ყველა ერთი ადამიანისკენ, ბიძინა ივანიშვილისკენ იყურებოდა, მის გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა უფრო მგონია, რომ ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო და ამან განაპირობა მისი საეჭვო სიჩუმე. რაც შეეხება პროცესებში პოლიტიკოსების ჩართულობას, ეს ჩემთვის აშკარა იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქციიდან რამდენიმე პოლიტიკოსი გააძევეს. ამის მაგალითია მომიტინგეების პოლიტიკური მოთხოვნები, მოთხოვნების ცვლა - ხან პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ, ხან შს მინისტრის, ხან ორივესი ერთად და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვიღაც კარნახობდა მიტინგის წამყვანებს რაღაცებს ან ცდილობდა ეკარნახა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სრულიად უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ გახარიას ბოდიში პოლიციის ავტორიტეტზე ცუდად აისახება. მან მოახერხა ძალიან რთულად მოსახერხებელი რამ, აშკარად სანდო მინისტრი გახდა, შესაბამისად, მისი უწყებისადმი დამოკიდებულებაც, ვფიქრობ, გაცილებით პოზიტიური იქნება. ყველა ბოდიში სულაც არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ბოდიშის მოხდა ნიშნავს გადაცდომის აღიარებას. რა გადაცდომაზეც იყო ლაპარაკი, გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას შესანიშნავად ახსნა. ბოდიშის მოხდა ასევე ნიშნავს რესურსს მომავალში მოქმედებისთვის. გახარიამ თავისი ქმედებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში პრაქტიკულად თქვა, რომ ის იწყებს ბრძოლას იმ ნარკობარონებთან, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში არიან ჩაბუდებული, განსაკუთრებით, ძალოვანებში. ამ მხრივ უკიდურესად კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. საქართველო მდებარეობს საერთაშორისო ნარკოტრანზიტის ტრასაზე და ხელის ერთი მოსმით ამას ვერავინ მოსპობს. მარტო გახარია ვერაფერს გახდება, მას საზოგადოების მხარდაჭერა და ხელის შეწყობა სჭირდება", - მიიჩნევს ექსპერტი.
"ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც 12-13 მაისს ქუჩაში იდგნენ. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი იქ სულ სხვა ფასეულობების გამო იყო მისული. ჩვენ გვიკვირდა, რა უნდოდათ ამ ახალგაზრდებს იქ და რას ითხოვდნენ? ისინი ითხოვდნენ საზოგადოდ, თავისუფლებას და ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სისტემა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ქვეყნის მყარი განვითარების გარანტიას გვაძლევდეს. შესაბამისად, ახალგაზრდებს არ მოსწონთ ასეთი დუნე ცხოვრება, ქვეყნის განვითარების შენელებული ტემპი. ამას შეიძლება ვერც აცნობიერებენ, მაგრამ გრძნობენ, რომ რაღაც არაჯანსაღი ხდება ქვეყანაში. სწორედ ამის გამო გამოთქვამენ პროტესტს, რომელიც შესაძლოა არასწორი ფორმით გამოხატეს, ბოლომდე ვერ გაგვაგებინეს სათქმელი, მაგრამ ისინი გულწრფელები არიან და მათი მოსმენა აუცილებელია! თუ არადა, ერთ მშვენიერ დღეს მივლენ იქამდე, რომ სრულიად გაცნობიერებულად ეტყვიან ხელისუფლებას, ასე ცხოვრება აღარ შეიძლებაო!", - დაასკვნის მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - "რას იტყვით იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც კონტრაქციაზე გამოჩნდნენ?" - პასუხობს:
"უპირველესად გეტყვით, რომ არა მგონია, იმ აქციაზე ყველა ე.წ. ქართველი ფაშისტები და ამ იდეოლოგიის ადამიანები ყოფილიყვნენ. დარწმუნებული ვარ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყანაზე თავისებურად ფიქრობენ. რაც შეეხება ე.წ. ფაშისტებს, რაღა დროს ფაშიზმია! ჩემი აზრით, ამ სიმბოლიკისა და აზროვნების ხალხი აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. კანონმდებლობის კაზუსია, რომ ჩვენ ვებრძვით სტალინიზმს, მის სიმბოლიკას და თურმე არ ვებრძვით ფაშისტურ სიმბოლიკასა და იდეებს. ამის დაშვება არ შეიძლება. მართული არიან თუ არა ეს ჯგუფები, რომლებიც თავს ფაშისტებს უწოდებენ? _ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მართულია. საერთოდაც, მგონია, რომ აგრესიული დაჯგუფებები ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურების პირმშოები არიან... აქსიომაა - ერთი მხარის რადიკალიზმი იწვევს მეორე მხარის რადიკალიზმს, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ვოლტერის თქმისა არ იყოს, თავისუფლება არის მაღალი განათლების შედეგი და არა პირიქით. განათლებული ადამიანის თავისუფლება არის მაღალი კულტურის, მაღალი ეკონომიკისა და ფასეულობების ქვეყანა, გაუნათლებელი ადამიანის თავისუფლება კი ანარქიაა!"
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გახარიას პარტიის ხელმძღვანელობისგან -კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილისგან, გარკვეული კარტ-ბლანში აქვს. როგორც ვიცი, ის ყურს უგდებს ბიძინა ივანიშვილის აზრს. თუ ეს ტანდემი ნამდვილად არსებობს, იმ ამოცანის გადასაჭრელად, რასაც ნარკომაფიასთან ბრძოლა ჰქვია, საქართველოში მათთვის ხელის შემშლელ ძალას მე ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ახლა გახარიას ამ პოსტიდან სხვაგან გადაყვანა არავითარ შემთხვევში არ შეიძლება. მეც მესმის მითქმა-მოთქმა, თითქოს კვირიკაშვილი შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და გახარია პრემიერი გახდეს. ეს შეცდომა იქნება. ამ სფეროდან გახარიას გაყვანა არ შეიძლება. ის ერთ დღეში იქცა საიმედო მინისტრად და ამას გამართლება სჭირდება", - დასძენს ექსპერტი.