სამედიცინო პერსონალს მედიის კრიტიკამ თავი მოაბეზრა და სპეციალური კანონით აპირებენ აბეზარი ჟურნალისტებისგან თავის დაცვას. საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, რომ ექიმის შეცდომზე ან ჩადენილ დანაშაულზე მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი დაუშვებელი გახდეს.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია. მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. ინიციატივის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის/შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს. ეს ქმედება 1000-ლარიან, განმეორების შემთხვევაში კი 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება.
როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქცინირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას. მსგავს ქმედებებზე ასევე ფულადი სანქციები იქნება გათვალისწინებული.
„მასმედიის საშუალებით ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გაფრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა იწვევს სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გარცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ კლინიკების ასოციაციაში.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერიძე საკანონმდებლო ინიციატივას გარკვეულწილად ეთანხმება. მისი აზრით, ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც საექიმო შეცდომებზე გადაცემები და გარჩევები მედია საშუალებებით ხდება.
„მედიცინა ძალიან სპეციფიკური დარგია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ თემაზე შოუების მოწყობა. იგი აზარალებს როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს დაუშვებელია. სამედიცინო განათლების გარეშე ძალიან რთულია სამედიცინო შეცდომებზე კომპეტენტურად საუბარი. ჩვენთან ჩამოუყალიბებელია სასამართლო პრაქტიკაც. შეუძლებელია მოსამართლემ იცოდეს ის სპეციფიკა, რომელიც ასეთ დროს გასათვალისწინებელია“, - ამბობს ბერიძე.
სამაგიეროდ, საწინააღმდეგო აზრი აქვთ იქ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ექიმების გადაცდომის შესახებ მედიით გაშუქების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი მედიის თვითრეგულირების და ეთიკის კოდექსის სფეროა. დეპუტატი არასწორად მიიჩნევს ასევე სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ადამიანისთვის თვითგამოხატვის უფლების აკრძალვასაც.
„მოტივაცია მესმის, რის გამოც ეს საკანონმდებლო წინადადება შემუშავდა, თუმცა მისი ჯარიმებით და აკრძალვებით დარეგულირება სწორად არ მიმაჩნია. როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში მედიისთვის ეს თვითრეგულირების და ეთიკის კოდექსის თემაა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთან მედიას ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ეთიკურად სამედიცინო შემთხვევები.
არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ადამიანის თვითგამოხატვის უფლება შეზღუდო. მსგავსი ქმედება თუ სამედიცინო საქმიანობას უშლის ხელს, ისედაც აკრძალულია და დაწესებულების წარმომადგენლებს, შეუძლიათ პოლიცია გამოიძახონ“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ ზოიძემ.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც იმ აზრისაა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის სტანდარტს. მედიის მთავარი ფუნქციაა მოიპოვოს, მოიძიოს, გადაამუშაოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რაც არ უნდა ეს კლინიკებისთვის საზიანო იყოს.