“წამმზომი ჩართულია - 2 კვირაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს, პირობას შს მინისტრი გიორგი გახარია დებს, "თეთრი ხმაურის" წევრები კი ამბობენ, რომ თუ მოლაპარაკება ისე არ წავა, როგორც უნდა მიდიოდეს, ისინი ქუჩაში ისევ გამოვლენ და კვირას აქციის დაშლა მხოლოდ დროებითი იყო. შს მინისტრი აცხადებს, რომ მზადაა, სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლოს, მოხდა თუ არა პოლიცილების მხრიდან ძალის გადამეტება 12 მაისის ღამით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ვინ მოიგო და ვინ წააგო რუსთაველზე ორდღიანი "თეთრი ხმაურით"
"მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, დიდი მოლოდინი არ არის, რომ 2-დღიანი აქციის - "ჩვენი თავისუფლებისთვის" ორგანიზატორების მოთხოვნების შესაბამისი შედეგი დაიდება, რადგან, ერთი, რომ ნარკოპოლიტიკის იმ სახით ლიბერალიზაციას, როგორც ეს საზოგადოების ნაწილს, მათ შორის "თეთრი ხმაურის მოძრაობას", სურს, პარლამენტში უმრავლესობის ნაწილი არ ემხრობა, კანონს კი სწორედ დეპუტატებმა უნდა მისცენ ხმა და არა - გახარიამ, რომელმაც ცვლილების პირობა დადო. მეორეც, პოლიციელების შესაძლო გადაცდომის შესწავლა მოხდება, თუმცა გახარია უკვე წინსწრებით ამბობს, რომ კლუბებში სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო და გარდა ამისა, არც ერთი საჩივარი არ შესულა არც მათთან და არც სახალხო დამცველთან პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, ამიტომ მათი პასუხისმგებლობა ვერ დადგება“, - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსთაველზე ორდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ქუჩის ნაცვლად ახლა უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან ცდილობენ აქციის - "ჩვენი თავისუფლებისთვის" და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერები თავისუფლების შეზღუდვის, საპოლიციო მმართველობისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო დაელაპარაკონ შს სამინისტროს, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილების მოლოდინი მაინც არც ისე დიდია. 12 მასის ღამეს შს სამინისტროს მიერ ორ ცნობილ კლუბში სპეცოპერაციამ წარმოშვა კრიზისი და გამოიყვანა ახალგაზრდების ნაწილი ქუჩაში, ხოლო შემდეგ ისევ შს მინისტრმა საკუთარი უწყების მიერ შექმნილი კრიზისი გაანეიტრალა იმით, რომ კვირა ღამით მივიდა აქციაზე, მოიხადა ბოდიში და შეკრებილებს შეჰპირდა, რომ მაგიდასთან განიხილონ ყველა ის საკითხი, რასაც აპროტესტებენ, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. მეორე დღეს, ორშაბათს, კი შს მინისტრი აქციის ორგანიზატორებსაც შეხვდა და არასამთავრობოებსაც. პირველ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით და გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ ლიბერალური კანონპროექტის განხილვა-მიღება მოხდება მალე. მეორე ჯგუფი კი სახალხო დამცველთან ერთად შეისწავლის, 12 მაისს კლუბებში რეიდებისა და აქციის დროს პოლიციელების მხრიდან მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, მათ შორის დეტალურად გაანალიზდება პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები. ორივე ჯგუფის დაკომპლექტება კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჯერ უცნობია, ვინ შევა ამ ჯგუფებში“, - აცხადებს გამოცემა.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბებში სპეცრაზმის შეყვანა აუცილებელი იყო და არც ძალის გადამეტებას მომხდარა. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი მოხდა, რის გამოც "შსს იძულებული იყო, ეს ნაბიჯი (სპეცოპერაცია) განეხორციელებინა". მაშინ, როდესაც შს სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შს სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი," - განაცხადა გახარიამ. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ის მზად არის, არასამთავრობოებთან ერთად მოიკვლიოს, იყო თუ არა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ძალადობა და უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა მიაჩნია, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც მოჰყვა დაკავება“, - განაგრძობს გამოცემა.
"შს სამინისტროში მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი, რომელიც აქციის დაშლის წინააღმდეგი იყო, ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით დიდი ცვლილების იმედი არ აქვს. "მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ შს სამინისტრო განსაკუთრებულად დიდ ცვლილებაზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების ოდენობა, მაგრამ გაცილებით უარესი ვერსია, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული ოდენობა... ეს რეფორმა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ იმ ფორმით, რა სახითაც ჩვენ გვაქვს წარდგენილი," - განაცხადა სუბელიანმა. "თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი, რომლის მოწოდების გამოც დაიშალნენ კვირას რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები, ამბობს, რომ ეთანხმება პროტესტის დროებით შეჩერებას, თუმცა პროტესტი ძალაში რჩება. "თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში," - ამბობს წიქარიშვილი“, - დასძენს გამოცემა.
"პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქცია ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად დაიშალა, შედეგს კი მიაღწია ხელისუფლებამ და კონტრაქციამ. ნოდიას თქმით, აქციის მონაწილეები თავს იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია. როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნგებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც იზიარებს იმ აზრს, რომ მოიგო მხოლოდ შს მინისტრმა, რომელმაც მადლობა დაიმსახურა კრიზისის განმუხტვის გამო, ხოლო აქციამ ვერაფერი მიიღო და ვერც მიიღებდნენ. მისი თქმით, მომავალში აქციის ლიდერების დაძახილზე არავინ გამოვა“, - წერს სტატიის ავტორი.