"ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე არაერთი ვარაუდი გამოითქვა, მათგან ორი ექსპრემიერმა თვითონვე დაასახელა: "ქართული ოცნების" ხელისუფლება ივანიშვილის გარეშე აშკარად ვერ გაუმკლავდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და დაპირისპირება პარტიის სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომელსაც ივანიშვილმა გაუგებრობები უწოდა. თუ გავიხსენებთ 2014-15 წლებში გაკეთებულ მის განცხადებებს, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნებას მხოლოდ დიდი უბედურების შემთხვევაში განიხილავდა, გვეძლევა საშუალება დასკვნისთვის, რომ - პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით შეიძლება წასულიყო და როგორც ჩანს, ივანიშვილს ინტუიციამ არ უმტყუნა - ის, რაც თბილისში 12 მაისს განვითარდა, სწორედ ამის დასტურია", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების გამოძახილი?!" / "ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს _ ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?!" / "მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს ივანიშვილი დგას, ის არის, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში რეფორმატორი".
"ნარკორეალიზატორები უნდა დააკავონ კლუბებშიც, ოჯახებშიც, ქუჩებშიც - დანდობა არ შეიძლება. ვერანაირი ღამის ეკონომიკა ვერ შედგება, თუ თაობა ამოწყდა - ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს - ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?! ვინ თქვა, რომ კლუბები ხელშეუხებელია ან ქართული ტურიზმის საძირკველია და ვინმე საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იმიტომ იტყვის, რომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას ებრძვიან? თუ გვინდა, რომ ტურიზმი საქართველოში მსოფლიო ნარკომანიის მოზიდვის ხარჯზე გავზარდოთ? ისიც ცხადია, რომ სამართალდამცავებს სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი მომავლის განადგურებისგან დაცვის საქმეში. იმავდროულად, ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით _ სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ? ამ ტიპის ოპერაციებით ნარკობარიგებისგან ხომ არ ვქმნით ჩაგრულისა და ახალი თაობის "გმირების" იმიჯს? ხომ არ იყო ეს საჩვენებელი აქცია მაშინ, როცა ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება ლამის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - მათ შორის, მეტროებში?! ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
"ამ აქციით დაზარალდა "ქართული ოცნების" მინიმუმ სამი ლიდერის იმიჯი - თავად ივანიშვილით დაწყებული, კალაძისა და გახარიას ჩათვლით. ან რატომ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის დღეს? ანუ მაშინ, როცა ოფიციალურად კვლავ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუ ვინმემ იფიქრა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალის დემონსტრირებას უნდა დაჰკავშირებოდა? ამ კითხვებზე პასუხი, მგონი, საზოგადოებაზე მეტად თავად ხელისუფლებას სჭირდება. ერთ პარალელსაც გავავლებ: შევარდნაძის ხელისუფლების კრახი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და შემდგომ განვითარებული პროცესებით დაიწყო. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის - პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდობას არ სჯერა ხელისუფლების: ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ კონტაქტი დაკარგა საზოგადოებასთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ხელისუფლებას არა აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა... თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიის მერე, როცა ხელისუფლებამ პირველად იხილა ახალგაზრდობის ძალა, იმის ნაცვლად, ეს მუხტი სახელმწიფოს და ამ თაობისავე სასიკეთოდ მიემართა, სირაქლემის პოზა არჩია და ახალგაზრდები კლუბებისა და ნარკოტიკების ამარა დატოვა, ნაცვლად იმისა, ხელი შეეწყო ახალი ლიდერების წარმოჩენისთვის. ეს წლები ხელისუფლება ავტორიტეტების განადგურებით იყო დაკავებული. ვინ არის ისეთი, ვინც დღეს ახალგაზრდებს მოუწოდებს დიალოგისკენ და მას ნდობის ვოტუმი ექნება? არავინ. სად არის ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობები, გარდა სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისა? არსად. ჰოდა, მაშინაც კი, როცა ხელისუფლებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანი აქვს - ნარკოტიკების გასაღებასთან ბრძოლა - ის თავად საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობას აწყდება და დიდწილად აგებს საინფორმაციო სივრცეს. ამაზე უნდა დაფიქრდნენ "მეოცნებეები", - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - "ის, რაც ივანიშვილმა დაბრუნების მიზეზებზე თქვა, ვფიქრობ, ისედაც ჩანდა. რა შეიძლება გამხდარიყო მისი დაბრუნების სხვა ფარული ფაქტორები?" - პასუხობს:
"კიდევ ერთი, უმთავრესი ფაქტორი, რომელზეც მან არ ილაპარაკა, არის დასავლეთისა და უშუალოდ, აშშ-ის გავლენა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გაიმართა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. იქ შეიკრიბა ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქართველოს თემაზე მუშაობენ, მათ შორის საქართველოში აშშ-ის 5 ყოფილი ელჩი. ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში ძველების დრო წავიდა, მეტიც, ასეთი ფრაზაც გაისმა, რომ "წავიდა არაორდინარული ლიდერების დრო და პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს". თუ მართლაც დაიწყო დასავლური ქოლგით ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება, ამ პროცესის გულშემატკივრად უნდა ვიგულოთ "ქართული ოცნების" იმ საპარლამენტო ფრთის წარმომადგენლებიც, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება... მოკლედ, ეს ყველაფერი საკმაო ფაქტორებია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში - პროცესის განვითარების ამგვარი პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ შანსს უტოვებს, რომ დაასწროს თუ გადაასწროს რეფორმატორობით აშშ-ს, რითაც შეძლებს საზოგადოების კრიტიკული მასის მხარდაჭერის მობილიზებას კვლავ საკუთარი პერსონისა და პარტიის გარშემო".
"მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს ივანიშვილი დგას, ის არის, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში რეფორმატორი. ამისთვის მან უარი უნდა თქვას მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ ლოზუნგზე - "შუა უნდა გაიკრიფოს" და დაიწყოს საზოგადოების გაერთიანებაზე ზრუნვა. კალაძემ ყრილობის დასაწყისში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ხელახლა გამაერთიანებლის ფუნქციით ბრუნდებაო, მაგრამ თავის გამოსვლაში ამის თაობაზე ივანიშვილს არაფერი უთქვამს. მეტიც, ის საზოგადოების გაყოფის მის მიერ დამკვიდრებულ კლიშეს, რომელმაც 2012 წელს ნამდვილად გაამართლა, ახლაც ვერ ასცდა და კვლავ დაყო საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ახსენა ოპოზიციური პარტიების მართული ჟურნალისტები, ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ცარიელ ადგილებად მოიხსენია და ა.შ. არადა, ივანიშვილმა ახლა მთავარი სიახლე, რაც უნდა შემოიტანოს, ისაა, რომ დაინახოს საზოგადოების ყველა ფენაში პარტნიორი. მიუხედავად საზოგადოებაში მისი ნდობის მნიშვნელოვნად გაფერმკრთალებისა, ჯერჯერობით კიდევ არის რესურსი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, პარტნიორული დამოკიდებულების შემთხვევაში, მას და ხელისუფლებას ასევე თანამშრომლობით უპასუხონ", - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
"ამის რესურსი `ქართულ ოცნებაში" არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ნამდვილად არის. ასევე არის საქართველოს ფარგლებს გარეთაც იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ახლა უცხოეთში მოღვაწეობენ. მან როგორმე უნდა უზრუნველყოს მათი ხელისუფლებაში მოსვლა. ამისთვის აუცილებელია, რომ მათ იდეების ხორცშესხმის თავისუფლება მიეცეთ, თუმცა პირველი რიგის ამოცანაა საკადრო ცვლილებები - ანუ ადამიანები შეირჩნენ არა მორჩილების, არამედ ინოვაციურობის პრინციპით. ამასთანავე, აუცილებელია ეფექტიანი რეფორმა იმ სფეროებში, სადაც აშკარად ჩავარდნაა. ეს არის უპირველესად სასამართლო ხელისუფლება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ "ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემის ხელიდან გაშვების არ ეშინია... "დღეს ბიძინა ივანიშვილს დასაკარგი ნდობის რესურსი ნამდვილად აღარ აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რადიკალურ ცვლილებებს ჯერ ვერ მოახდენს. მისი პირველი რიგის ამოცანა იყო სიტუაციის დაშოშმინება პარტიაში, შემდეგი ამოცანაა ძალთა ბალანსის აღდგენა. ხომ ცხადია, რომ ყველას ერთად ვერ დაუპირისპირდებოდა... როგორც კი ამას დაარეგულირებს, წესით, მალევე უნდა დაიწყოს საკადრო ცვლილებებიც და თანმდევი რეფორმებიც", - დაასკვნის ექსპერტი.