"რას გვიზამს ივანიშვილი?" - დაქუცმაცებული "ოცნება" უფროსის გამოსვლის მოლოდინში

“დღეს "ქართული ოცნება" მთაწმინდის პარკში მე-5 ყრილობას მართავს, სადაც ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ აირჩევენ და დიდი ინტერესია, რით ახსნის მეორედ მოსვლას - გააკრიტიკებს თუ არა მთავრობას და მის მიერ დატოვებულ გუნდს, თუ ისევ იმ ნარატივს გააგრძელებს, რომ პრობლემები არ არსებობს. ასევე, საინტერესოა, როგორ მოგვარდება პარტიის შიგნით არსებული დიდი გარჩევა-დაპირისპირება, რაც არის ივანიშვილის პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "რას გვიზამს ივანიშვილი?" - დაქუცმაცებული "ოცნება" უფროსის გამოსვლის მოლოდინში

"რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნებით შიდა გარჩევებიც დასრულდება და ახლა ყველა მხარე იმის მოლოდინშია, რა განაჩენს გამოუტანს მათ ივანიშვილი. საყვარელიძის თქმით, ყოველ შემთხვევაში კონფლიქტური განწყობის გამოძახილი დავიდა ნულამდე, რაც ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ უკვე აშკარაა. კონფლიქტმა გადაინაცვლა მეორე პლანზე და კონფლიქტში ჩართული ადამიანებისთვის პირველ პლანზე წამოვიდა კითხვა, რას გვიზამს ივანიშვილი. ამ ადამიანებისთვის ახლა კონფლიქტის თემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება ივანიშვილმა განვლილი პერიოდიდან გამომდინარე განახორციელოს," - აღნიშნავს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ პარტიის შიგნით დაპირისპირებული ჯგუფები ბრალდებებს გუნდის შიგნითაც შეწყვეტენ და ახლა ყველა იმაზე გადაერთვება, რომ ივანიშვილს რამენაირად მოაწონონ თავი, რათა მომავლის სიის მიღმა არ დარჩნენ. დღევანდელი ყრილობა 16 საათზე იწყება და ის ორნაწილიანია, ჯერ დახურულ ფორმატში გაიმართება შეკრება, ერთი საათის შემდეგ კი ყრილობა ყველასთვის საჯარო გახდება. ზუსტი დეტალები, რა მოხდება დახურულ ნაწილში, უცნობია. როგორც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ყრილობის პირველი ნაწილი წმინდა ტექნიკურ ხასიათს ატარებს, ყრილობის მდივანი უნდა შეირჩეს და დღის წესრიგი დამტკიცდეს. რაც შეეხება ყრილობის მეორე ნაწილს, რაზეც მედიას სრული ინფორმაცია ექნება, დაგეგმილია პარტიის ლიდერების გამოსვლა, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ მეორე საჯარო ნაწილში, დიდი ალბათობით, ხელმეორედ არჩეული ბიძინა ივანიშვილი პარტიასა და ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართავს. მოლოდინია, რომ ივანიშვილი ისაუბრებს პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ასევე, მთავრობისა და პარტიის მუშაობაზე. გააკრიტიკებს თუ არა იგი ან დახურულ, ან საჯარო ნაწილში საკუთარი გუნდის წევრებს, წინასწარ არავინ იცის. პოლიტოლოგების ვარაუდით, კრიტიკა არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება უკვე მმართველ გუნდში არსებული დიდი პრობლემების აღიარებაა. ასევე, არ ელიან, რომ ივანიშვილი იტყვის, ხალხისთვის მისგან დაპირებული "ძალიან კარგი" წლები ვერ დადგა და ეს მთავრობის პასიურობის ბრალია. საგულისხმოა, რომ "საგრძნობლად უკეთესსა" და "ძალიან კარგ" წლებზე დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში გასცა. როგორც ის ამბობდა, "მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი". გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მას არაერთგზის უთქვამს, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დიდი უბედურება მოხდებოდა, მის მიერ დატოვებული გუნდი ხალხთან კონტაქტს შეწყვეტდა და ასეთ შემთხვევაში მისი დაბრუნება იქნებოდა მეორედ მოსვლის მსგავსი. ამიტომაცაა ივანიშვილის ხელმეორედ დაბრუნების პირველი მესიჯი დიდი ინტერესის საგანი“, - დასძენს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ყრილობაზე წარმატებებზე ისაუბრებს და გუნდის კრიტიკა გამორიცხულია. ივანიშვილი ისაუბრებს, რომ ამ წლებში საქართველოს წარმატებები ჰქონდა სოციალურ-ეკონომიკური თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია ამ ისედაც წარმატებული რეფორმების კიდევ უფრო დაჩქარება და მიღწევების გაორმაგება, რის გამოც დაბრუნდა. ის, რა თქმა უნდა, არ აღიარებს შეცდომებს "ოცნების" მმართველობის დროს," - ამბობს ჩიტაძე. მისი თქმით, პარტიის შიდა პრობლემებზე ივანიშვილმა, შესაძლოა, ისაუბროს გუნდში, მაგრამ ამას საჯაროდ არასდროს იტყვის. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რას იტყვის ყრილობაზე ივანიშვილი, ამაზე წინსწრებით საუბარი რთულია, თუმცა თუნდაც ის ნარატივი, რომ პარტიის გაძლიერებაა საჭირო და ამიტომ დაბრუნდა, უკვე ნიშნავს, რომ იყო პარტიის დასუსტების ნიშნები და მას გაძლიერება სჭირდება. ამიტომაც, მისი თქმით, "ოცნების" მხრიდან მტკიცება, რომ პრობლემა არ არის, ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნავს ავტორი.

"საყვარელიძის თქმით, როგორც "ოცნების" სხვა პოლიტიკოსებმა, ივანიშვილმაც თქვეს, რომ ბოთლი ნახევრად სავსეა, მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავს, რომ ბოთლი ნახევრად ცარიელია. ანუ, პარტიას მიხედვა სჭირდებოდა. ივანიშვილი მართველი გუნდის პრობლემებზე არაფერს იტყვის და არც უნდა თქვას. მისი მობრუნება პარტიის სადამსჯელო ოპერაციად არ უნდა გამოიყურებოდეს პარტიის წევრებისთვის. დაბრუნება უნდა იყოს პოზიტიური პროცესი, ამიტომ არ ივარგეს, ცუდად მოიქცნენ მოწაფეები და მე მათ ორიანებს დავუწერ, ასეთი მენტორული სტილი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ალბათ გუნდის შიგნით, არასაჯაროდ შენიშვნები ექნება, მაგრამ ეს არ ჩატარდება, როგორც დასჯა. იქნება გადაყვანა-გადმოყვანა, მაგრამ თითის დაქნევა არ მოხდება. საყვარელიძის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება ცვლილებების შეტანის სურვილია, მაგრამ არა სადამსჯელო ოპერაციით, არამედ სიტუაციის შეცვლის მიზნით და ელოდება, რომ პოლიტსაბჭოს ცვლილების შედეგ ცვლილებებს ვიხილავთ მთავრობაშიც და პარლამენტშიც. აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ პერსონები შეიცვლებიან, პარლამენტში ეს შეუძლებელია, რადგან იქ არჩეული ადამიანები არიან, მაგრამ იქ შეიძლება შეიცვალოს თანამდებობები ან უმრავლესობის მართვის სტილი. ყოველ შემთხვევაში, დადგება საკითხი, რომ დიდმა ჯგუფმა მიიღოს გადაწყვეტილებები და არა ვიწრო ჯგუფმა," - წერს სტატიის ავტორი.