გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება

გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება

"ევროპაში მყოფ ქართველ არალეგალებთან შეუპოვარ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ახლა გერმანიაც იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, გერმანია აცხადებს, რომ ქართველი არალეგალების დეპორტაციის გაადვილებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს და ეს უახლოეს ხანში მოხდება. ამის შესახებ გერმანული მედია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებას ავრცელებს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული კატეგორიის, ძირითადად - სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო, თავშესაფრის მაძიებლებს მომენტალურად ეტყვიან უარს თავშესაფარზე. ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ განაცხადის განხილვის პროცესი გამარტივდება და განხილვის ვადები შემცირდება. მაგალითად, თუკი თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადის განხილვა ადრე ხდებოდა 6 თვეში, ახლა ეს დრო 1 თვემდე ან 1 კვირამდეც კი შეიძლება, შემცირდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება / ბერლინი ქართველი არალეგალების დეპორტაციის გამარტივებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.

"ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ძირითადი მოტივი, რისთვისაც მიდიოდნენ, იყო ის, რომ მათი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო და სოციალური პაკეტი, რომელსაც გერმანია, შვედეთი ან საფრანგეთი აძლევდა ხოლმე თავშესაფრის მაძიებლებს, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში მიეღოთ. "სოციალური პაკეტის მიღება იყო მთავარი მოტივი, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად საკმაოდ მაღალი და კარგია. ამდენად, რაც უფრო გრძელდებოდა განხილვის პროცესი, მით უფრო დიდხანს იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუკი უსაფრთხო ქვეყანა იქნება საქართველო, ძალიან მოკლე ვადაში ეტყვიან გადაწყვეტილებას და უარის თქმის მაჩვენებელი, რომელიც ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო გაიზრდება", - განმარტავს ჩხიკვაძე. ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ 9 სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული: ბულგარეთს, საფრანგეთს, ბელგიას, ჰოლანდიას, ავსტრიას, ისლანდიას, ირლანდიას, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტეინს. უახლოეს ხანში ამ სიას დაემატება გერმანიაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართველი არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც გერმანია ალაპარაკდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობაზე და პლუს, ევროკომისის პირველ დასკვნაში საქართველომ პირველი საყვედურიც მიიღო ქართველი არალეგალებისა და კრიმინალების ზრდის გამო. დაიწყო კანონების გამკაცრება გვარის შეცვლის საკითხზე. ასევე რამდენიმე დღის წინ "ოცნებამ" დაიწყო კანონპროექტის მომზადება, რის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა ან შენგენის ზონაში არალეგალურად ყოფნის ხელშეწყობა სს-ის დანაშაული გახდება და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და რამაც ქართველი ემიგრანტების უკიდურესი აღშოთებაც გამოიწვია", - განაგრძობს გამოცემა.

"ახლა კი, საქართველოსთან ერთად არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გერმანია გეგმავს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიაროს, რადგან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების გამო, ბოლო დროს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ გერმანიაში შეიქმნა. გერმანული მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი საგრძნობად გაზრდილია, მარტო 2018 წლის იანვარ-თებერვალში თავშესაფრის თხოვნაზე დაახლოებით 1400 განცხადება შევიდა. ასევე დიდია საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალი და უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა დეპორტაციას გააადვილებს და კრიმინალიც შემცირდება. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკით ირკვევა, რომ ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის, თუმცა ბოლო თვეებია, ქართული კრიმინალის ზრდაზე გერმანული მედია აქტიურად წერს. ლამის კვირა არ გავა, კრიმინალის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ ან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეზე თუ მოქალაქეთა ჯგუფზე ინფორმაცია არ გავრცელდეს. ქართველი არალეგალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის პრობლემებზე განცხადებები გერმანიიდან თებერვალში დაიწყო, როდესაც გერმანიის რეგიონის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელმძღვანელობამ ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც კი მოითხოვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველების კრიმინალის ზრდის გამო", - დასძენს გამოცემა.

"შემდეგ გამოქვეყნდა სტატისტიკა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზეც. გერმანული სტატისტიკით, მხოლოდ ბოლო 5 თვეში თავშესაფარი საქართველოდან 2304-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც 3-ჯერ მეტია, ვიდრე გასული 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამ პრობლემებზე, გერმანიის გარდა, სხვა ევროპული ქვეყნებიც ალაპარაკდნენ და ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან 10 თვისთავზე გამოქვეყნებულ ევროკომისიის პირველ ანგარიშშიც საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართველების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაული - ქურდობა, ყაჩაღობა გაზრდილია გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში. წინა წელთან შედარებით 35%-ით მომატებულია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ქართველებისთვის თავშესაფრის მოთხოვნების მხრივ ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. ვანო ჩხიკვაძის თქმით, ქართველებისთვის მიმზიდველი ქვეყნები იყო საფრანგეთი, ისლანდია და გერმანია. საფრანგეთმა და ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნებად გვაღიარა და იქ თავშესაფრის მოთხოვნები უკვე შემცირებულია", - წერს სტატიის ავტორი.

"ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნად რამდენიმე თვეა, გვაღიარა და თუ სტატისტიკას ნახავთ, იქ უკვე შემცირებულია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თან, ისლანდიის შემთხვევაში, კურიოზული მიზეზი იყო, თითქოს თუ ისლანდიელი ქალი უცხოელზე დაქორწინდებოდა, მამაკაცი რაღაც დიდ სოციალურ დახმარებას მიიღებდა და ეს ანეგდოტური ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რა თქმა უნდა, არასწორი აღმოჩნდა... უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეყვანა არ ნიშნავს, რომ უკვე არავინ არ მოითხოვს თავშესაფარს, თუმცა რაოდენობას რეალურად შეამცირებს, რადგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნა აზრს კარგავს, თუ მყარი საფუძველი არ გაქვს, თავშესაფარი მოითხოვო და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ გერმანიას ხელმეორედ არ მიეცეს საშუალება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ილაპარაკოს. როგორც წესი, ქართულ მხარეს არსენალში ბევრი საშუალება არ გვაქვს, რომ ასეთი პრობლემები მოვაგვაროთ. უფრო მეტი ბერკეტი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელში და ერთ-ერთი კარგი იარაღი იმისთვის, რომ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებლების წინაღმდეგ გაილაშქრონ, არის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.