ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?

ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?

ვლადიმირ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციის შემდეგ, ახლა რუსეთში იმაზე მსჯელობენ, ვინ დაიკავებს მთავრობაში ხელმძღვანელ პოზიციებს... თანამდებობები უკვე დატოვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და მისი კაბინეტის წევრებმა. 7 მაისს, პრეზიდენტ პუტინის მიერ ფიცის დადებისთანავე მედვედევმა მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობის 9 ვიცე-პრემიერი და 22 ფედერალური მინისტრი დაითხოვეს, თუმცა, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის არჩევამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან.

ადგილობრივი კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად ორკვირიანი ვადა აქვს. თუმცა, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კანდიდატს უახლოეს ხანში დაასახელებს და ის ისევ მისი ერთგული, "პუტინისთვის სავსებით მისაღები და გასაგები პერსონა" დიმიტრი მედვედევი იქნება...

თუმცა ვარაუდის დონეზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა რუსეთის ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინი, მოსკოვის მერი - სერგეი სობაინინი და ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი...

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფილ ფინანსთა მინისტრს ალექსეი კუდრინს დანიშნავდნენ, თუმცა, რუსულ მედიასთან საუბარში კუდრინი ამ ინფორმაციას უარყოფდა... თითქმის გარკვეული იყო კიდევ ერთი ვიცე-პრემიერის ბედი - საუბარია, ეკონომიკურ საკითხებში პუტინის მრჩეველზე, ანდრეი ბელოუსოვზე.

novayagazeta.ru-ს ცნობით, მედვედევმა ვიცე-პრემიერის პოსტებზე უკვე წარადგინა ტატიანა გოლიკოვისა და ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის ანტონ სილუანოვის კანდიდატურა. ასევე, იური როგოზინის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილის იური ბორისოვის კანდიდატურა განიხილება.

ადგილობრივი მედია ყურადღებით ადევნებს თვალს სერგეი ლავროვის გარშემო მიმდინარე პროცესებს - უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ასაკისა და სხვა მიზეზების გამო მან არაერთხელ სთხოვა ვლადიმირ პუტინს პენსიაზე გასვლა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, სერგეი ლავროვი ამჯერადაც ძველ პოსტზე დარჩეს და დიპლომატიური საქმიანობის მე-15 წელს შეუდგეს.

თუმცა, კულუარული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება ალექსანდრ გლუშკოვიც, რომელიც იანვრის დასაწყისში მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და რუსული მედიის ცნობით, დიპლომატიური მოლაპრაკებების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს.

"თუმცა, სწორედ მისი მუშაობის პერიოდში შევიდა ჩიხში რუსეთისა და ალიანსის ურთიერთობა, რაც გლუშკოვის უუნარობით ნამდვილად ვერ აიხსნება", - წერს რუსული მედია.

სხვა უწყებაში დასაქმების შანსი არ აქვს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ მაქსიმ სოკოლოვს, რადგან შარშან შემოდგომაზე ავიაკომოპანია ВИМ-Авиа-ის გაკოტრების გამო ის პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა... მის პოსტზე შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი დასახელდეს, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებას კურირებდა.

ბოლო წლებში საკმაოდ სტაბილური მინისტრის სახელი აქვს კულტურის მინისტრ ვლადიმირ მედინსკის, რომლის გათავისუფლების შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, ყოველთვის "გადარჩა". ამჯერად მის პოსტზე პუტინის მრჩეველი კულტურის საკითხებში, ვლადიმირ ტოლსტოი განიხილება, თუმცა, არიან სხვებიც... მაგალითად, დეპუტატი ელენა იამპოლსკი და მთავრობის პრეს-მდივანი ნატალია ტიმაკოვი.

სიმბოლურია, რომ ჯერჯერობით არ საუბრობენ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შემცვლელზე. ასევე ცნობილი არ არის ეკონომიკის მინისტრის სავარაუდო შემცვლელის გვარი.