"ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თბილისში ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების გამო გარდაიცვალა, საზოგადოება შეძრა. კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა კი, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით კლინიკებში მოხვდა მძიმე ინტოქსიკაციით, მათგან ზოგს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა და ერთხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება ინტერნეტით შეიძინეს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით შავი ბაზარი ინტერნეტში / ასეთი ტიპის საიტები ან ნომრები, როგორც წესი, რეგისტრირებულია და განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროსაბჭოს "კიბერდანაშაულის შესახებ" კონვენციის მოქმედება".
"ჩემს მობილურ ტელეფონში ახლაც არის შენახული რუსულ ენაზე კონკრეტული ნომრიდან "ვაიბერით" მოსული შეტყობინება, სადაც ტექსტის ავტორი "ტელეგრამის" საშუალებით ნარკოტიკების შეძენას მთავაზობს. აქვე მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ იაფი ნარკოტიკებით და პროდუქციის მიწოდება სომხეთსა და საქართველოში დილერების საშუალებით შეუძლიათ. შემოთავაზებულ "ასორტიმენტშია" ე. წ. სპაისები, ანაშა, ჰაშიში, მოსაწევი ხსნარები, მეფედრონი, კოკაინი და სხვ. ამავე წერილში მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ ცეცხლსასროლი იარაღითაც ლიცენზიის გარეშე და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მომყიდონ ავტომატი, პისტოლეტი, საბრძოლო შაშხანა, რევოლვერი და კიდევ რამდენიმე სახეობისა და მარკის ცეცხლსასროლი იარაღი. აქვე მითითებულია, რომ ეძებენ და დაასაქმებენ ოპერატორებსა და კურიერებს პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გასავრცელებლად. ასეთი ვებგვერდების არსებობის შესახებ ინფორმაცია აქვთ შს სამინისტროშიც, თუმცა ამბობენ, რომ დაბლოკვის მიუხედავად, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით შეძენის შესაძლებლობა მაინც არსებობს. ასეთ საიტებთან დაკავშირებით სამინისტროს მიუმართავს კომუნიკაციების მარეგულირებლისთვის, დაუბლოკავთ, თუმცა ფაქტია, რომ ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, სადაც დანაშაული ხდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რით გვემუქრება შავი ონლაინბაზარი? ექსპერტებს ამ კითხვით მივმართეთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში ერთხელ მაინც იკვლევენ შავ ბაზარს, რათა შეისწავლონ, რა ნარკოტიკებია ბრუნვაში და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ამ კონკრეტული ნივთიერების შესახებ, რათა ადამიანმა იცოდეს, რაზე მიდის, როცა ამ ნარკოტიკს მოიხმარს. ჩვენთან ასეთი კვლევები არ ეწყობა და ვარაუდებით, გავრცელებული ინფორმაციითა და ჭორებით გვიწევს ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი. შარშან ანაკლიაში გოგონა გარდაიცვალა და დღემდე არ არის დადგენილი კონკრეტული ნივთიერება, ისევე როგორც 2013 წელს თბილისში, ღამის კლუბში ახალგაზრდის დაღუპვის გამომწვევი ნარკოტიკი. მაშინაც იყო ლაპარაკი მეფედრონზე, რადგან პირველად ამერიკაში ეს პრეპარატი სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა. შვეიცარიის, გერმანიის, ინგლისის კლუბებში სპეციალური ტესტერები არსებობს, სადაც მოწმდება, რა ნარკოტიკები ხვდება შიგნით. ჩვენ კი ნარკოლოგებსაც არ გვაქვს ინფორმაცია, ძირითადად, რა ნარკოტიკული საშუალებები ბრუნავს შავ ბაზარზე. სისტემურ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ ამის გამოსაკვლევად~, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
"ინტერნეტში უკანონო ვაჭრობა დღევანდელი სამართლებრივი რეგულაციებით ვერ ექცევა კიბერდანაშაულის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რადგან კონვენციის შექმნისას ის არ ყოფილა აქტუალური მოვლენა და ბოლო დროს გავრცელდა. საქმეს ის ართულებს, რომ ვებგვერდები, რომელთა გამოყენებითაც უკანონოდ ვაჭრობენ, საქართველოში არ მდებარეობს. არც ის ნომრებია საქართველოში რეგისტრირებული, საიდანაც "ვაიბერით" ან სხვა საშუალებით გვეგზავნება შეტყობინებები. ასეთი ტიპის საიტები ან ნომრები, როგორც წესი, რეგისტრირებულია და განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროსაბჭოს "კიბერდანაშაულის შესახებ" კონვენციის მოქმედება, ანუ ისინი ჩართული არ არიან კიბერდანაშაულებზე რეაგირებისთვის შექმნილ 24/7-ზე ურთიერთდახმარების ქსელში. მისი დანიშნულებაა მყისიერი დახმარების მიღება მხოლოდ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით და ის არ მოიცავს თუნდაც ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობას, რაც ასეთი საქმეების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას ართულებს. რეაგირების მექანიზმი ეფექტიანია, როცა საქმე ეხება კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს - კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას, ჰაკერული პროგრამების დამზადებას ან გავრცელებას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ კონვენციას არ მიერთებია რუსეთი, საიდანაც ხშირია ესა თუ ის კიბერშეტევა ან სხვა კიბერდანაშაული. საქართველოში ნარკოტიკის შეძენის შეთავაზებაც რუსული ნომრებიდან მოდის", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კიბერდანაშაულის სისხლისსამართლებრივი რეგულირების საკითხებში სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი.
"შსს-ს განცხადებით ირკვევა, რომ ასეთი ტიპის საიტები მათ საქართველოს ტერიტორიაზე დაბლოკეს ანუ ინტერნეტმომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მომხმარებლები, ქართული აი-პი-მისამართებით (უნიკალური ქსელური მისამართი ინტერნეტში) ვერ შეძლებენ ინტერნეტრესურსის გახსნას, მაგრამ ეს ვერ აგვარებს პრობლემას, რასაც საგამოძიებო ორგანოებიც ადასტურებენ, რადგან ვისაც ნარკოტიკის ან იარაღის შეძენა სურს, ამას პირადი აი-პიდან არც ეცდება და გამოიყენებს აი-პი-მისამართის შემცვლელ პროგრამებს ან/და ინტერნეტსაიტებს. ასეთი სერვისი ოფიციალურ ანტივირუსის მწარმოებელ კომპანიებსაც აქვთ, რათა ჰაკერული შეტევები ავიცილოთ თავიდან. ამის გამო საიტების დაბლოკვა არ კმარა. თუმცა, შსს-ს ამ ტიპის რეაგირება მაინც აუცილებელია", - მიიჩნევს ზაქაშვილი.
"ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობის გამოძიება ისეთივე რთულია, როგორიც კიბერდანაშაულის. თეორიულად, საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ გამოავლინონ კონკრეტული ტრანზაქცია, მყიდველი და გამყიდველი, თუმცა სავაჭრო ქსელის უკან მდგომი "აბონენტების" გამოვლენა ძნელია. 2011 წელს იყო შემთხვევა, როცა ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა, ნატოს ექსპერტებთან ერთად, გამოავლინეს რუსი ჰაკერი, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აგროვებდა ინფორმაციას. ქართულმა მხარემ შეძლო არა მხოლოდ შეტევების უკან მდგომი პირის იდენტიფიცირება, არამედ კონტროლი მოიპოვა მის კომპიუტერზე და მისივე ლეპტოპის ვიდეოთვალით სურათიც კი გადაუღეს. უკანონო ონლაინვაჭრობასთან ბრძოლაში აუცილებელია ასეთი გამოცდილების გაზიარება. ეს შემთხვევაც ქართულ საგამოძიებო სამსახურების კარგ გამოცდილებაზე მეტყველებს", - დასძენს ექსპერტი. P.S. სტატიის წერას ვასრულებდი, როცა მსგავსი შეტყობინება ტელეფონზე "ლიზას" სახელით ჩემმა კოლეგამაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ყალბი დოკუმენტაციის დამზადების სერვისიც გამოჩნდა. მათ შორის ყალბი პასპორტის, მართვის მოწმობის, დიპლომის, ატესტატისა და სამხედრო ბილეთის დამზადების შესახებ. როგორც ჩანს, შავი ონლაინბაზარი შესაძლებლობებს აფართოებს", - წერს სტატიის ავტორი.