"ოცნება" "შატალოს" ვერ ელევა

"ოჯახური მდგომარეობის" მომიზეზებით დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომების გაცდენა უკვე მუდმივ პრობლემად იქცა, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვორუმისთვის საჭირო 76 დეპუტატიც არ ესწრება სხდომას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ იმუქრება, რომ "შატალოს" მოყვარული ურჩი დეპუტატების კანონით დასჯა შემოიღებს. კანონპროექტი უკვე ინიცირებულიცაა, თუმცა სწორედ მმართველ პარტიაში დიდი წინააღმდეგობის გამო მისი განხილვა არა და არ იწყება. გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა დასწრების თვალსაზისით ვითარება არ შეცვლილა, რის გამოც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები უახლოეს მომავალში განიხილება", - წერს გაზეთ "რეზონანსის" ონლაინ-ვერსია სტატიაში სათაურით "ოცნება" "შატალოს" ვერ ელევა. 

"გუშინ ქვორუმის არარსებობის გამო დეპუტატებმა სხდომის გახსნა მხოლოდ მესამე რეგისტრაციის შემდეგ შეძლეს და პარლამენტის სპიკერის განცხადებაც ამ ფაქტს მოჰყვა. თანაც, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც 76 დეპუტატის შეკრება რის ვაი-ვაგლახით ხდება. თანაც იმ დროს, როდესაც მარტო უმრავლესობას 116 დეპუტატი ჰყავს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ "ოცნების" დეპუტატების მესამედი სხდომებს რეგულარულად აცდენს. თანაც, ამას ისე აფორმებენ, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოთ, რადგანაც "შატალოს" მოყვარული დეპუტატები ძალიან ხშირად მიმართავენ მარტივ ხერხს - წინასწარ წერენ-ხოლმე განცხადებას, სადაც მიუთითებენ, რომ პარლამენტში "ოჯახური მდგომარეობის გამო" ვერ მივლენ და კაციშვილმა არ იცის, რა იგულისხმება "ოჯახური მდგომარეობაში". განცხადების ასე დაწერა უკვე გაცდენის საპატიო მიზეზია და მასზე არანაირი სანქცია არ მოქმედებს. ასეთი განცხადება კი შესაძლოა დაწერონ 10-ჯერ, 20-ჯერ და 30-ჯერაც კი. პარლამენტში უკვე დიდი ხანია შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან "ოჯახური მდგომარეობის" შესახებ ჩანაწერს ამოიღებენ. მის ნაცვლად საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, როგორიცაა პარლამენტის წევრის ავადმყოფობა და სამსახურებრივი მივლინება, ემატება - ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახის წევრის დაბადება და ავადმყოფობა, რაც საავადმყოფო ფურცლით უნდა იყოს დადასტურებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"პროექტით კონკრეტდება, თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში, ესენი არიან - მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. გარდა ამისა, ახალი რეგულაციით, გამცდენი დეპუტატების სია ყოველთვიურად მომზადდება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამასთან, პროექტით, ახლებურად ყალიბდება ხელფასის დაკავების საკითხიც. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხელფასის 5% დაუკავდება, მაგრამ ეს დღის განმავლობაში 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ საპატიო მიზეზებით გაცდენის შეზღუდვის მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტსაც ჰქონდა. მომზადდა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, პროექტი განხილვის პროცესში გაჩერდა და მოხდება თუ არა ამჯერად მაინც სანქციების დაწესებაზე შეთანხმება, უცნობია. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიერ მე-8 მოწვევის პარლამენტის 4-წლიანი საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ პრობლემად სწორედ დეპუტატების მიერ სესიებისა და სხდომების ხშირი გაცდენებია დასახელებულ", - განაგრძობს გამოცემა.

"კვლევაში საუბარია, რომ "საპატიო მიზეზით" პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ხოლო ყველაზე ხშირი - 69% - იყო ოჯახური მდგომარეობის გამო - ჯამში 4100 გაცდენა. არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა კი იყო - 983. რაც შეეხება კომიტეტის სხდომებს, საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა იყო - 4700. იგივე გრძელდება მე-9 მოწვევის პარლამენტშიც, რადგან საკმაოდ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც დეპუტატების არყოფნის გამო ქვორუმისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობა, 76 დეპუტატი ვერ გროვდებოდა. გაცდენების მოყვარული დეპუტატების ხელფასი კი საკმაოდ შთამბეჭდავია. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება, თუკი ფრაქციის თუ კომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობა არ უჭირავს, თვეში 2000 ლარია. ამას ემატება სახელფასო დანამატი და თანამდებობის გარეშე მყოფი რიგითი დეპუტატის სახელფასო დანამატის მინიმალური რაოდენობა არის 2623 ლარი. ჯამში გამოდის, რომ რიგითი დეპუტატი თვეში 4600-ზე მეტს იღებს", - დასძენს გამოცემა.

"ბევრად მეტია თანამდებობის პირი დეპუტატების ხელფასი და დანამატი. მაგალითად, პარლამენტის სპიკერის ხელფასი 3905 ლარია, სახელფასო დანამატი გასულ წელს თვეში შეადგენდა 4738 ლარს. ჯამში პარლამენტის თავმჯდომარე 9000-მდე ლარს იღებს. ცოტა ნაკლებია სხვა თანამდებობის პირი დეპუტატების ხელფასი. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ეს გაცდენები სამარცხვინო მოვლენაა და მიზეზი ისაა, რომ პარლამენტში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია და ამიტომაა, დეპუტატებს არც კანონშემოქმედება რომ არ აინტერესებთ და არც პოლიტიკა. მისი თქმით, ჩვენი პარლამენტი დღეს პოლიტიკური კორუფციის ბუნაგად იქცა. დეპუტატების პარლამენტში მოსახვედრად თავს იმისთვის იკლავენ, რომ მატერიალური სარგებელი და გავლენები მიიღონ. გარდა ამისა, თვლის, რომ როდესაც პარლამენტში ოფიციალურად 40 მილიონერია და არაოფიციალურად ალბათ ბევრად მეტი, მათთვის ჯარიმები არაფერს ნიშნავს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ ჰგონია, რომ არდასწრებაზე ჯარიმების გაზრდის კანონს მხარი დაუჭირონ", - წერს სტატიის ავტორი.

"სხდომებს ძირითადად მაჟორიტარები აცდენენ და ეს ადამიანები პარლამენტში სხვა მიზნებისთვის არიან მისული - საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის. არ მგონია, რომ ამ პრობლემას რამე ეშველოს, სანამ სიების შექმნის მექანიზმი არ გამოსწორდება და სიებში პოლიტიკოსებს შეიყვანენ და არა ბიზნესმენებს, სპორტსმენებს და მსახიობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტიის ნახევარზე მეტს საერთოდ წაკითხული არ აქვს ის კანონები, რაც თითის დაჭერით თავად მიიღო. ამიტომ პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოგვარდეს", - ამბობს გამოცემასთავ საუბრისას სოსო ცინცაძე.