"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო. ამჯერად მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და გაჩნდა ვარაუდი, რომ თუ "ოცნებას" დასჭირდება, დიდია ალბათობა, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ახლა უკვე გიორგი მარგველაშვილიც გახდეს სს დევნის სამიზნე. პატიმრების შეწყალების საქმეებში შესაძლო კორუფციაზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა და ამის შემდეგ ლამის მთელმა "ოცნებამ" ილაპარაკა იმაზე, რომ შეწყალების საქმეებში "კითხვები არსებობს" და "ფაქტებს შესწავლა უნდა". უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ "ოცნების" განცხადებები პროკურატურისადმი ირიბი დაკვეთაა, მარგველაშვილის "კორუფცია" შეისწავლოს, რაც მიუღებელია და ქვეყნისთვის საზიანო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" მარგველაშვილს შეწყალების საქმეებზე სს გამოძიებით ემუქრება
„მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ არანაირი მსგავსი საქმე მათთან არ დევს, თუმცა წინა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ ერთადერთი დამტკიცებული ბრალი სწორედ შეწყალების საქმეს უკავშირდება. ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ თუ "ოცნებას" დასჭირდება, გამორიცხული არ არის, ახლა უკვე მარგველაშვილის შეწყალების საქმეები აღმოჩნდეს პროკურატურის შესწავლის საგანი. უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტი კორუფციაში ირიბად თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ დაადანაშაულა. ოთხშაბათს პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა და, განვითარებული ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. "პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე - ეს არის კორუფცია - თეორიულად, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე - ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პერიოდულად ხდება ნათესავების შეწყალება, რაც არის, უბრალოდ, მორალურ ზღვარს გაცდენილი ქმედება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. შეწყალების პრაქტიკას არანაირი მექანიზმების დახვეწა არ უშველის, აქ ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული," - აღნიშნავს გამოცემა.
„კობახიძეს აჰყვნენ სხვებიც. მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მას, როგორც იუსტიციის მინისტრს, აქვს კითხვები, რა კრიტერიუმით იწყალებს პრეზიდენტი სხვადასხვა დამნაშავეს. კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა შეწყალების საქმეებზე გამოძიება, წულუკიანი პასუხობს, რომ თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ამის შესწავლა უნდა მოხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც კვლევა და საზოგადოებისათვის პასუხის გაცემა სჭირდება. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუმცა კორუფციაზე გადაჭრით მტკიცება გაუჭირდება, რადგან ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა. "ოცნებიდან" წამოსულ ამ ბრალდებას აბსურდულს და "თითიდან გამოწოვილ შავ პიარს" უწოდებენ თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უფრო მეტიც, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს იმასაც, რომ მომხრეა, შეწყალება-დაჯილდოების დეპარტამენტის მუშაობა შეისწავლონ, რადგან იქ ბევრი საინტერესო მასალაა, მათ შორის უმრავლესობის წევრებიდან წამოსულ თხოვნაზე, რაც ამა თუ იმ პატიმრის ლობირებას ეხებოდა“, - განაგრძობს გამოცემა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გამორიცხავს, რომ პროკურატურამ სს გამოძიება დაიწყოს. "რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ბატონი კობახიძის კომენტარებს, ვერც კი წარმომიდგენია. მე მეგონა, იმდენად "კარგად" მუშაობდნენ "შავ პიარზე", რომ მეთოდებს დახვეწდნენ, მაგრამ ერთი და იგივე ტენდენცია გრძელდება, შეწყალება არის "შავი პიარის" ერთ-ერთი მთავარი ხაზი," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. იურისტი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის არაკორექტული პოლიტიკური განცხადებები და მათ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. თუ სამართლებრივად რაიმე კონკრეტული ფაქტი და საფუძველი არსებობს, მაშინ კობახიძე ვალდებულია, მიმართოს პროკურატურას. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებული, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული განცხადებაა და ალბათ არავითარი გაგრძელება არ მოჰყვება. ჰაერზე ისროლო ბრალდება და არ დადო ფაქტი, მე არასერიოზული მგონია. მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ შეწყალების თემაზე გამოძიების დაწყებას იურიდიული საფუძველი ჰქონდა, რადგან სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლების ყველა შტო იყო მოწადინებული, მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, ყველა შტოში კი პრეზიდენტიც იგულისხმება, შემდეგ კი გამოძიებითაც დადგინდა სააკაშვილის ბრალი“, - დასძენს გამოცემა.
"ნიკოლაიშვილის თქმით, მარგველაშვილის შემთხვევაში თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვთ კორუფციაზე, შესაძლებელია კი არა, სავალდებულოცაა, გამოძიება დაიწყოს, მაგრამ მე არ მგონია. ეს არის პოლიტიკური ომის ნაწილი მის წინააღმდეგ. პოტენციურად განიხილება, რომ შესაძლოა, მარგველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს თავი და ოპოზიციის ერთი ნაწილის ფავორიტი გახდეს, ამიტომ ეს შავი პიარი სჭირდებათ ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად, რომ იგი კორუფციაშია ჩაფლული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს მარგველაშვილის მიმართ და "ოცნებას" სურს, ამ თავდასხმებით ასიამოვნოს ივანიშვილს. იურისტი, შეწყალების კომისიის წევრი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ "სირცხვილია შეწყალების საკითხებში კორუფციაზე ხმას იღებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებმაც კორუფცია დააბრუნეს ქვეყანაში". მისი თქმით, თუ პროკურატურა მარგველაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს, ეს სერიოზულად გამოუთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს, რადგან პოლიტიკურად შეკვეთილი საქმე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარეს არ ეკადრება ის გამონათქვამები, რითაც სცადა, შეემკო მარგველაშვილი. ეს იყო თავდასხმა, მთავარი მოტივია ის, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და "ოცნებას" ძალიან ეშინია ამ არჩევნების წაგება, ამიტომ ყველაფერზე მიდის. ეს არის შეშინებულის რეაქცია. გამოძიების დაწყება პროკურატურას შეუძლია, მაგრამ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე უკვეთავს მას გამოძიების დაწყებას, ასეთი გამოძიება რამდენად მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი იქნება, ამაზე საზოგადოება თავად იმსჯელებს," - წერს სტატიის ავტორი.