"არსებობს "მესამედი კვამლი"... სიგარეტის კვამლი ყველაფერში აღწევს" - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

პირველი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა იკრძალება. სიახლეს საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა, აქტიური მწეველები კი აპროტესტებენ "უფლებების შეზღუდვას".

რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე და როგორია მწეველობით დაავადებულთა სტატისტიკა - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება.

პულმონოლოგის თქმით, დღეს მსოფლიო შეთანხმებულია, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც. მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას, მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება.

- უშუალოდ რას აზიანებს მოწევა?

- აზიანებს ტრაქეაბრონქიალურ გზას - ორგანიზმში იწყება როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. ეს არის განვითარების დეფექტები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ანომალიის განვითარებას, შეიძლება გამწვავდეს თანდაყოლილი პროცესებიც. რაც შეეხება ფუნქციონალურ მდგომარეობას, ამ დროს ორგანიზმში ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები იწყება, - ობსტრუქციული ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც საკმაოდ საშიშია! ამ დაავადებით მსოფლიოში დაახლოებით 4 მლნ ადამიანი იღუპება, ამასთან, ფილტვის კიბოთი. არსებობს პნევმონიის, ტიპერკულოზის, ასთმის განვითრების რისკები. დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 70-80% მწეველები არიან.

ვაჭარაძის თქმით, საქართველოში წლის განმავლობაში 42 000 ადამიანი იღუპება, 11 000 კი მწეველობის მიზეზით, ხოლო 3-4 ათასამდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ იღუპება და უჩნდება სერიოზული პრობლემები, რომ პასიური მწეველია. ისინი ცხოვრობენ, ან მუშაობენ სიგარეტით დაკვამლიანებულ გარემოში, რასაც მეორადი კვამლი ჰქვია. ექიმი დასძენს, რომ არსებობს ასევე "მესამედი კვამლიც", რომელთანაც ადამიანებს ასევე უწევთ შეხება, - ეს სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ტანსაცმელია, ნივთები, ოთახი - კვამლი ყველგან და ყველაფერში აღწევს.

"როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, უფრო მაღალია დაავადებების განვითარების რისკი. მწეველობის უარყოფითი გავლენა აისახება არა მარტო სასუნთქ გზებზე, არამედ ენდოკრინულ სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულსისხლძაღვთა სისტემაზე, არ არსებობს ორგანო, რომელსაც ნიკოტინი არ აზიანებს, მწეველის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისთვის აბსოლუტურად ტოლერანტულია. ამასთან, პრობლემები ექმნება გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა იმისა, რომ თერმული დაზიანება ხორციელდება, რადგან სასუნთქ გზებში გავარვარებული ჰაერი ჩადის, აზიანებს ეპითელიუმს, რაც მიმართულია დაიცვას ჩვენი ტრაქეობროქნიალური სისტემა. ორგანიზმში ხვდება მავნე ნივთიერებები, მათ შორის, მხუთავი აირი CO, ასევე 800-მდე კარცეროგენული ნივთიერება. ამიტომაც ვითარდება ონკოდაავდებები," - განმარტავს პულმონოლოგი.

- სიგარეტის თავის დანებების მიზნით, ბევრი ელექტროსიგარეტს ეტანება. არის თუ არა ის უსაფრთხო?

- როდესაც მსოფლიოში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები დაიწყო, თამბაქოს მწარმოებლები მიხვდნენ, რომ პოზიცია უნდა შეეცვალათ და პირველებმა გამოუშვეს ელექტრონული სიგარეტი. აქცენტი განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გააკეთეს და სხვადასხვა სახის რეკლამით უამრავი ახალგაზრდა მიიზიდეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გარკვეულ ადგილებში, სადაც მოწევა იკრძალებოდა, ელექტრონული სიგარეტი დასაშვები იყო. მიიჩნეოდა, რომ თამბაქოს ანაცვლებდა და ორგანიზმისთვის უვნებელი იყო. თუმცა კვლევებმა დაადასტურა, რომ ელექტროსიგარეტი ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენების შედეგად გარემოში არ ხვდება მხუთავი აირი CO.

ელექტრონული სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, ზედა სასუნთქი გზების სიმსივნის რისკი ჩნდება. ამას ხელს უწყობს ის ქიმიური დანამატები, შხამ-ქიმიკატები, რომელიც ელექტროსიგარეტის კატრიჯებშია მოთავსებული. ახლავს ალერგიული დაავადებების გამწვავება, მძიმე ტრაქეაბრონქიალური დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებები და ა.შ.

- მწეველების უმეტესობა მიიჩნევს, თუ სიგარეტს თავს დაანებებს, წონაში მოიმატებს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

- ადრე მიაჩნდათ, რომ თითქოს ნიკოტინმჟავა ხელ უწყობს ჭარბი წონის დაავადებასთან ბრძოლას და ამიტომ არ ანებებენ მას თავს, ეს არასწორია! სიგარეტის თავის დანებების დროს ჩნდება გვერდითი მოვლენები, ეს გარკვეული გარდატეხის პერიოდია, რაც სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ძალიან მალე გადაილახება. რა დროსაც ადამიანებს სისხლში ჟანგბადის შემცველობა ეცვლებათ, კანი ჯანსაღი უხდებათ, რადგანაც სისხლის მომარაგება ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

როდესაც ახალგაზრდებს სიგარეტის თავის დანებებაზე ვესაუბრებით, ისინი იცინიან, თუმცა ჩვენთან კლინიკაში როდესაც ხვდებიან, მაშინ სამწუხაროდ, ტირილი და დაავადებებთან სერიოზული ბრძოლა უწევთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, დროულად გავაცნობიეროთ საფრთხე და რისკები.