ტრამპის გზავნილი საქართველოს

ტრამპის გზავნილი საქართველოს

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ნატოს კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ნატოს ღირებულებებს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების რამდენიმე ალტრენატივა არსებობდეს, რისთვისაც ნატოს წევრი სახელმწიფოების კონსენსუსია საჭირო. იმ ფონზე კი, როდესაც აშკრაა აშშ-ისა და წამყვანი ქვეყნების, საფრანგეთი-გერმანიის, კიდევ უფრო დაახლოება, კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო რეალური ხდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპის გზავნილი საქართველოს / "პრეზიდენტი ნატოს წევრებს მოუწოდებს, ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება შეასრულონ"

"შეგახსენებთ, რომ თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. უეს მიტჩელის თქმით, საქართველო ძლიერი პარტნიორია, ვინაიდან ამერიკის გვერდით დგას საერთო საფრთხეების წინაშე ბრძოლაში. "თქვენ ასევე ხართ ჩვენი პარტნიორები იდეების სამყაროში. ეს ეხება ჩვენს ერთობლივ რწმენას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. საქართველო თავისუფლების ძლიერი სიმბოლოა. "მხოლოდ საქართველოს შეუძლია თავისი მომავლის არჩევა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოს წევრობაზე. "წელს ჩვენ ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ათი წლისთავს აღვნიშნავთ, რომლის მიხედვით, საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ამ დეკლარაციას. "პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ", - დასძინა მან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას". "ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იმ რეგიონებში თავისუფალი ჰუმანიტარული წვდომა უზრუნველყოს", - განაცხადა მან. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწის სახალხო დიპლომატიის საკითხებში - თაჩან ილდემის თქმით კი, მას აქვს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე აღინიშნა მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციას. "ჩვენ ერთგული ვართ პირობისა - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. მნიშვნელოვანია საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის საქართველოში", - განაცხადა თაჩან ილდემმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართევლო ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ნატოში გაწვერიანების რამდენიმე ალტერნატივა არსებობდეს, რასაც ევროპული სახელმწიფოების კონსენსუსი, ასევე, ქართველი და ამერიკელი დიპლომატების ბევრი მუშაობა სჭირდება. "ჩვენ ვიცით, რომ აშშ როგორც ბუშის, ისე ობამას და ტრამპის ადმინისტრაციების პირობებში ყველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. აქ აუცილებელია, კონსენსუსის მიღწევა ნატოს წევრ სახლემწიფოებს შორის. თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. "ბოლო პერიოდში შედგა ტრამპის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე, გერმანიის კანცლერთან. სხვადასხვა საკითხი განიხილეს და საქართველო დღის წესრიგში არ ყოფილა. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ნატოს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის აშკარად კიდევ უფრო დაახლოება ხდება, რაც ჩვენთვის მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ ნატოს წამყვანი სახელმწიფოები დაიყოლიონ და ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევა მოხდეს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ თუკი საქართველო ნატოს წევრი დაჩქარებული წესით გახდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დგება. "რაც შეეხება ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებას, რა თქმა უნდა, კარგია. თუ ნატოს მეხუთე მუხლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ ამ რეგიონების გარეშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული და იგივე იქნება ნატოს შემთხვევაშიც", - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის - ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აშშ-ის მოსაზრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, აღნიშნული განცხადება საკმაოდ მკაფიო გზავნილია. იგი აღნიშნავს, რომ განვლილ პერიოდში საქართველოს მიერ ნატოსთან ერთად გაწეულმა სამუშაომ ბევრი რამ ჩვენდა სასიკეთოდ შეცვალა, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულებაში. "შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალიანსის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, აშშ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან როგორც ნატოს ფარგლებში, ისე მის გარეთ. შესაბამისად, ეს განაცხადი კიდევ ერთი მტკიცე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი სტრატეგიული დიდი მოკავშირე მხარს უჭერს, რაც თავისთავად დადებითი როლის მატარებელია. "მე ვფიქრობ, განვლილ პერიოდში საქართველოს მიერ ნატოსთან ერთად გაწეულმა სამუშაომ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაში. შესაბამისად, როდესაც საკითხი დადგება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თემას მოწინააღმდეგე და ოპონენტი არ ეყოლება", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი“, - წერს სტატიის ავტორი